📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016488
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 530 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2013 მიღება
22.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №87 2013 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №180 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და უფლებამოსილი მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები სამმართველოს ამოცანებია: ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება; დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობა. მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, აგრეთვე მთავარი პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულებას; ე) მთავარი პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; ვ) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამმართველოს მუშაკები სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სამმართველოს პროკურორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.