საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 14.05.2013
ძალაში შესვლა 31.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/11
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016209
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი;
გამოთქვამენ რა თავიანთ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობათა ხელშეწყობის სურვილს;
განიზრახავენ რა, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპის საფუძველზე, განავითარონ და გააძლიერონ თანამშრომლობა ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას მხარეთა მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომლებშიც მხარეთა სახელმწიფოები მონაწილეობენ.
მუხლი 2🔗
ეკონომიკურ ურთიერთობათა ამჟამინდელი მდგომარეობისა და მათი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან, რომ არსებობს ხელსაყრელი პირობები ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის შემდეგ სფეროებში, და არა მხოლოდ:
a) ენერგეტიკა;
b) სოფლის მეურნეობა, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა;
c) სამშენებლო მრეწველობა და სამშენებლო მასალებისა და მანქანა-დანადგარების წარმოება;
d) საქალაქო მშენებლობა;
e) ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა;
f) სამთო-მომპოვებელი მრეწველობა;
g) ქიმიური მრეწველობა;
h) საფეიქრო მრეწველობა;
i) გარემოს დაცვა, წყლის რესურსებისა და ნარჩენი პროდუქტების მართვა;
j) განათლება;
k) ჯანდაცვის სამსახურები, სამედიცინო ტექნოლოგიები და ფარმაცევტული მრეწველობა;
l) ტურიზმი და სპორტი;
m) თანამშრომლობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორში;
n) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
o) კომუნალური ინფრასტრუქტურა;
p) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
q) კულტურა.
მუხლი 3🔗
მხარეები შეეცდებიან გააფართოონ და გაძლიერონ თანამშრომლობა შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა:
a) კომპეტენტური სამთავრობო უწყებების, პროფესიული გაერთიანებების, ვაჭრობისა და მრეწველობის პალატების, ასევე რეგიონული ორგანოების წარმომადგენელთა ურთიერთვიზიტები;
b) ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების დამყარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა, მეწარმეთა ვიზიტებისა და შეხვედრების წახალისება;
c) გამოფენებისა და ბაზრობების, ასევე სემინარების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა;
d) მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა წახალისება ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობის მისაღებად;
e) თანამშრომლობის ხელშეწყობა საკონსულტაციო, მარკეტინგულ და ექსპერტულ მომსახურებათა გაწევის სფეროში;
f) ფინანსური ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წახალისება უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
g) თითოეული მხარის შესაბამის ქვეყანაში საინვესტიციო საქმიანობის, ასევე ერთობლივი საწარმოების, კომპანიათა წარმომადგენლობებისა და ფილიალების დაარსების წახალისება;
h) ინდუსტრიული პარკების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა, მარეგულირებელ გარემოსა და მოქმედ საწარმოებს შორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით;
i) რეგიონთაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები შექმნიან ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უნგრულ მთავრობათაშორის კომისიას (შემდგომში „კომისია“), რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მხარეთა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლები. კომისია შეიკრიბება მონაცვლეობით საქართველოში და უნგრეთსა, მხარეთა შეთანხმებისამებრ.
კომისიის ფუნქციები იქნება:
a) ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების საკითხების განხილვა;
b) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობათა განსაზღვრა;
c) წინადადებების შემუშავება ორი ქვეყნის საწარმოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
d) ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის შეფასება და შემოწმება;
e) წინადადებების შემუშავება წინამდებარე შეთანხმების გამოყენების მიზნით.
აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია შექმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ თანამშრომლობის გარკვეულ საკითხებზე.
კომისიის საპროცედურო წესები განისაზღვრება კომისიის პირველ სხდომაზე. თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, მხარეები დამოუკიდებლად დაფარავენ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმება არანაირ გავლენას არ იქონიებს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ვალდებულებებზე. შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების დებულებები, მთლიანად ან ნაწილობრივ, არ გამოიყენება ან არ განიმარტება ისე, რომ ამან გამოიწვიოს უნგრეთის იმ ვალდებულებათა გაბათილება, მოდიფიცირება ან სხვაგვარად შეცვლა, რომლებიც გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებებიდან, რომელებსაც ეფუძნება ევროკავშირი, და ასევე ევროკავშირის კანონმდებლობიდან.
წინამდებარე შეთანხმება არანაირ გავლენას არ იქონიებს მხარეთა იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში მათი მონაწილეობიდან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წევრობიდან.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის მიხედვით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული დავები მოგვარდება მხარეთა შორის მოლაპარაკებათა გზით.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხების საშუალებით ბოლო შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს, რომლის მეშვეობითაც მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებას მოქმედება შეუწყდება შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ბუდაპეშტში, 2013 წლის 14 მაისს, თითოეული მხარისთვის ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
უნგრეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)