საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2013
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2013 მიღება
13.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №94 2013 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, მთავარი პროკურორის ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ეკონომიკური დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 4. ეკონომიკური დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები დეპარტამენტის მიზანია პროკურატურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) პროკურატურის სისტემაში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში; გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება; ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა; ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი. 2. დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, თანამშრომლობს მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფთან. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის: ა) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო; ბ) საფინანსო სამმართველო. 2. შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას; ბ) შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას; გ) ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებასა და ორგანიზებას; დ) კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვასა და წინადადებების წარმოდგენას; ე) პროკურატურის მომარაგებას საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით, მათ განაწილებას პროკურატურის ორგანოებს შორის; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ ტექნიკურ გამართულობას; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების გაცემას და ჩამოწერას; თ) ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ი) ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; კ) ადმინისტრაციული შენობებისა და ეზოს მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებას; ლ) სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას; მ) სასაწყობე მეურნეობის მართვას; ნ) სახანძრო უსაფრთხოებას. 3.  საფინანსო სამმართველო უზრუნველყოფს: ა) საფინანსო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრას; ბ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას; გ) საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას; დ) შრომის ანაზღაურების გაანგარიშებასა და გაცემას; ე) საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვას, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას; ვ) საბუღალტრო საბუთების წარმოებას, გაფორმებას, შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას; ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემას. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ე) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, აგრეთვე მთავარი პროკურორის ინსტრუქციებისა და მითითებების შესრულებას; თ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს და განცხადებებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; კ) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ლ) კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, მთავარ პროკურორს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, აგრეთვე მთავარი პროკურორისა და დეპარტამენტის უფროსის  მითითებების შესრულებას; ვ) ეწევა ანალიტიკურ მუშაობას სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს და განცხადებებს; თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის მრჩეველი; ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის თანამშრომელს, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად, განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.