საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №133/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,271 სიტყვა · ~36 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №133/ნ 2013 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №190 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №215/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური  უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,   ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, უწყვეტი განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო  პროგრამებს, აგრეთვე, აბიტურიენტთა ქართულ და უცხოურ ენებში მომზადებას. 2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. 3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: სტუ; ინგლისური სახელწოდებაა:  GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY, შემოკლებული სახელწოდებაა: GTU. 4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, დროშა, ჰიმნი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. 5. უნივერსიტეტის გერბზე წამყვანი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების–მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა „სტუ“, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით „ცოდნა ძალაა“ ლათინურ ენაზე „Sientia potestas est”. ფარზე არწივის ქვემოთ განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე შესაბამისად: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, “Georgiae Universitas Rerum Technici”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი „1922“ და ზეთისხილის ტოტები, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო. 6. უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა ფორმის თეთრი ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწოფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. უნივერსიტეტის დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი – უმანკოება, უბიწობა, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) – განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი – სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული. 7. უნივერსიტეტის ჰიმნი შინაარსით სიმბოლურია, პატივს მიაგებს უნივერსიტეტის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე. 8. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).   9. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 10. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 11. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: თბილისი, 0175, მერაბ კოსტავას ქ.№77. 12. უნივერსიტეტის ელექტრონული მისამართია - www.gtu.ge.  მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;  გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი და პროფესიული განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;  დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება; ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება; ვ) უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სწავლების ციკლის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; თ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა; კ) პერსონალის პროფესიული განვითარება; ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა; მ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ნ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში; თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში; ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას; კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თავი II სტრუქტურა და მართვა მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო (ფაკულტეტი, სკოლა) (შემდგომში ფაკულტეტი), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, ცენტრი, და სხვ.) ერთეულების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექნოპარკები, საცდელ-საწარმოო, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-საწარმოო, საპროექტო-საკონსტრუქტორო, კლინიკური ცენტრები და სხვ.). 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით. 3. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით. მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის მართვა 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი); გ) რექტორი; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის  მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულებით (შემდგომში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება), რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).  მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა)უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო  1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭო  აირჩევა ოთხი წლის ვადით. 3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ორი წარმომადგენელი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება არჩეულ იქნეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლები. აკადემიურ საბჭოში თითოეულ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს შეიძლება ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი. 6. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.  მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს  რექტორს – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) განხილვაში; ი) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ჟ) ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს; რ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ს) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებს (ინსტრუქციებს, დებულებებს); ტ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს; უ) ამ წესდებით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე; ფ) იღებს გადაწყვეტილებას გიორგი ნიკოლაძის მედლით ან უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოების თაობაზე; ქ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ღ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს; ყ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; შ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ჩ) ახორციელებს ამ წესდებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3.  აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.  მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი 1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 6. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული. 7. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 9. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.  10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.  მუხლი 10🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) 1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევა ხდება ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 4. წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი. 5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას; დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შედგენის წესს; ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ვ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს; ზ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; თ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით; ი) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინების საფუძველზე; კ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიურ ანგარიშს; ლ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს); მ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ნ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, აგრეთვე აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ო) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას; ჟ) ახორციელებს ამ წესდებით,  საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით  მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.  მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) თავისი რიგებიდან ოთხი წლის ვადით, ამ წესდებითა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის წესი 1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი; 2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)  წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). 3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ (სენატმა) დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.  8. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.  9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.  11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).  12. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომები შეიძლება იყოს დახურული.  13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.  14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.  15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.  16. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.  17. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი და მდივანი. 18. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია, დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) კომპეტენციას განეკუთვნება.  მუხლი 14🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი (კანცლერი). 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. რექტორი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას; ბ) ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების საშტატო განრიგს და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტში ასახვის მიზნით; გ) დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის პერსონალთან, გამოსცემს ბრძანებებს მათი დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ე) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და აკადემიური - საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას; ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 9. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება. 10. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება), აგრეთვე შვებულება, ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით. 11. რექტორის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-რექტორი, ხოლო ვიცე-რექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.  მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას.  3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.  4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილება 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი): ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ე) ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) რექტორს, დანიშვნის მიზნით, წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას; კ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) წინაშე. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.  4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;  ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მოტივირებული გადაწყვეტილება.  მუხლი 17🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1.სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წინაშე. 8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ინიშნება არჩევნები.  თავი III ფაკულტეტი მუხლი 18🔗. ფაკულტეტის  სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები 1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სასწავლო (აკადემიური დეპარტამენტი, კათედრა, კოლეჯი და სხვა), სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა)  სტრუქტურული ერთეულები. 4. ფაკულტეტზე აგრეთვე არის ფაკულტეტის სათათბირო და მენეჯერის თანამდებობა. ამ წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო. 5. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, აგრეთვე ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.  მუხლი 19🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება 1. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით. საბჭოს რეგლამენტს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 2. ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს); ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ი) ამტკიცებს ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; კ) ახორციელებს ამ წესდებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 21🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ვ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი. მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი.   5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს არჩევნებს.  მუხლი 23🔗. ფაკულტეტის სათათბირო  1.ფაკულტეტის სათათბიროში შედის: დეკანი (თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მენეჯერი, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ამ ფაკულტეტის კვოტით არჩეული წარმომადგენლები. 2. სათათბიროს უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. მუხლი 24🔗. მენეჯერი  დამხმარე თანამდებობას განეკუთვნება მენეჯერი, რომელიც ინიშნება და რომლის  უფლებამოსილებებიც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 25🔗. მზრუნველთა საბჭო 1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო. 2. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 3. მზრუნველთა საბჭოს მისიაა: ა) სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებათა  ცოდნის, აკადემიური და ინტელექტური პროცესების არსისა და პრობლემური სიტუაციების სპეციფიკის გაცნობიერების, გადაწყვეტილებების უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით მიღების საფუძველზე ფაკულტეტის განვითარებაში წვლილის შეტანა, თანამშრომლობა, საქველმოქმედო შენატანების მოზიდვა, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევებით მისი გაძლიერებისათვის ხელშეწყობა; ბ) თანამშრომლობა ფაკულტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების აკადემიური ხარისხის ამაღლებისა  და ფუნქციონირების აქტუალიზებაში. მუხლი 26🔗. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. 2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან.  3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს  აკადემიური საბჭო. 4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობით, შესაძლებელია სადისერტაციო საბჭოში მოწვეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ფაკულტეტის რომელიმე სადოქტორო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგში უკანასკნელ 5 წელიწადში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 3 შრომისა. თავი IV უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 27🔗. უნივერსიტეტის პერსონალი 1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). მუხლი 28🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. მუხლი 29🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. 5. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). მუხლი 30🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. 4. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია აირჩეს აგრეთვე შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაციაც შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის საჭირო კომპეტენცია. ამ კატეგორიის პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კონკურსში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).  მუხლი 31🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ; 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.  მუხლი 32🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:  ა) პირადი განცხადება;  ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;  გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;  ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;  ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.  მუხლი 33🔗. უნივერსიტეტის ჯილდოები და აკადემიური წოდებები 1. უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოა „გიორგი ნიკოლაძის მედალი“, უნივერსიტეტის ჯილდოა „საპატიო დიპლომი“. 2. უნივერსიტეტის ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 3. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება. 4. საპატიო დოქტორის წოდება შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის ან/და ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით. 5. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ან ეწეოდა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, აგრეთვე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით. 6. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. მუხლი 34🔗. მოწვეული სპეციალისტები, მასწავლებელთა პერსონალი   1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული პროფესორი ან/და მოწვეული მასწავლებელი), სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. 2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „ს“ და “ა“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, სრული პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების სტატუსისა. მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.  მუხლი 35🔗. სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი  1. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პერსონალს მიეკუთვნება „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი. მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 2. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული მკვლევარი) სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობისათვის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ მეცნიერთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებებით.  მუხლი 36🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით. 3. ვიცე-რექტორს და რექტორის სხვა მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. 4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და დეკანის მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან რექტორის ბრძანებით შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.  მუხლი 37🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ვ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 38🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.  3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.  თავი V სტუდენტი მუხლი 39🔗. სტუდენტის სტატუსი და უფლებები 1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) ისარგებლოს მობილობის უფლებით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, მათ შორის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით განათლების მიღების შესაძლებლობას. 5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 6. უნივერსიტეტი  უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასებას, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) ადმინისტრაციული (ფინანსური) ან აკადემიური (სასწავლო) რეგისტრაციის გაუვლელობა; ბ) ავადმყოფობა; გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; დ) აკადემიური შვებულება; ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც გამორიცხავს სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შესაძლებლობას; ვ) სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს ექვსი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. 9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. 11. სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირი სტატუსის აღდგენისას, როგორც წესი, სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. 12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე; გ) პირადი განცხადება; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით დადგენილ ვადებში; ე) სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების საფუძველზე; ვ) გარდაცვალება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 13. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი აღდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 14. პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი ხელახლა მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 15. სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძანება. 16. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალიწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.  მუხლი 40🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს წესდება და შინაგანაწესი. მუხლი 41🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. 2. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე დისციპლინური წარმოების პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით. 3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. 4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ - შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ. 6. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 42🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში. ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.  თავი VI უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი). 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს). 4.   წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს).   5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს). წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით. მუხლი 44🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. უნივერსიტეტი თავის სტრუქტურული ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას.  2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. მუხლი 45🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 46🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VII რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. თავი VIII წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა მუხლი 48🔗. წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის პროექტს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.