საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №131/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016651
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,523 სიტყვა · ~33 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №131/ნ 2013 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №185 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №212/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი  − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში − სასწავლო უნივერსიტეტი) –  ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების ორი საფეხურის (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე  პროფესიულ საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. 2. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. 3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,  შემოკლებული სახელწოდებაა: ზსსუ; ინგლისური სახელწოდებაა: LEPL Shota Meskhia State Teaching University of Zugdidi,  შემოკლებული სახელწოდებაა STUZ. 4. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს (შეიძლება ჰქონდეს) საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, ლოგო, ჰიმნი, დროშა კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. სასწავლო უნივერსიტეტის დროშასა და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5.         სასწავლო უნივერსიტეტის ლოგო შედგება თეთრი წითელი და ლურჯი ფერისაგან.  თეთრი ნათლის სიმბოლოა - ცოდნა ნათელია. წითელი ფერი ნათლის ხორცშესხმაა, განხორციელებული ნათელი − ახალგაზრდობა.  ლურჯი ფერი კი სიბრძნის განსახიერებაა. ლოგო წარმოადგენს ქვიშის საათს, დრო წარმავალია, რომელსაც მარადიულობად გადააქცევს სიბრძნე. სასწავლო უნივერსიტეტის ლოგოს საქართველოს დროშა კრავს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მომავალი. იმ დროს, რომელსაც ცოდნის ძიებაში გაატარებს სტუდენტი სასწავლო უნივერსიტეტთან   ერთად, გააზიარებს სიბრძნეს საქართველოს მომავლისათვის. ლოგოს ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 6. სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან). 7. სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 8. სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 9. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14. მუხლი 2🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა 1.  სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა  და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი  და პროფესიული განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) საუნივერსიტეტო განათლების განვითარება; ე) სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; ვ) სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში; ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; თ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა; ი) აკადემიური თავისუფლების დაცვა; კ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ლ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; მ) სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სასწავლო უნივერსიტეტი: ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ)ახორციელებს პროფესიული განათლების ხუთივე საფეხურის  საგანმანათლებლო პროგრამებს. გ)ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო  პროგრამებს. დ)   ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს. ე) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას; ვ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ზ) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას; თ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; ი) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; კ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ლ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; მ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში; ნ) უზრუნველყოფს სწავლას, სწავლებასა და პროფესიული განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ-სამართლებრივ გარემოში; ო) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას; პ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების  გავრცელებას; ჟ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის და სწავლების აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, სასწავლო უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; რ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას; ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თავი II სტრუქტურა და მართვა მუხლი 4🔗. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან (ჰუმანიტარული, ჯანდაცვის, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები) ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან . 2. გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 5🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვა 1. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო; გ) რექტორი; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მუხლი 6🔗. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე)სასწავლო  უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო  1. სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით. 3. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ერთი წარმომადგენელი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სასწავლო უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (ორი წელი) გასვლის შემდეგ. მუხლი 8🔗. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური სა ბჭო:  ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ფაკულტეტის დეკანების, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; რ)ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ ხელმძღვანელებს; ს) სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო  პროცესის შეფასების წესს; ტ) ამ წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით წევრებისგან ხმათა უმრავლესობით ქმნის დროებით კომისიას. კომისია ამზადებს საკითხს  და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე. უ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს; ფ) შეიმუშავებს მასწავლებელთა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ქ) გადაუდებელი სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში შვებულებიდან იძახებს რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. ღ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების  შეწყვეტის ან/და ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. 6. აკადემიური საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს დადგენილებებს. მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი 1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.  4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 6. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის(დამსწრეთა) 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას  ხმას მისცემს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა,  თუ  მოქმედი კანონმდებლობით სხვა  რამ არ არის გათვალისწინებული. 7. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული. 8. აკადემიური საბჭოს  მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 9. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 10. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება სასწავლო უნივერსიტეტის ბეჭედი.  11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.  მუხლი 10🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე 4 წლის ვადით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი. 5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ სასწავლო უნივერსიტეტთან პროფესორის შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად: ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მართვის ორგანოების(მმართველი სუბიექტების) არჩევნების წესს; ო) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო გამოსცემს წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებს. 3. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.  მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან ოთხი წლის ვადით, ამ წესდებით დადგენილი წესით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი; 2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). 3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.  8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.  9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებისის წარმომადგენლების, სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.  11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).  12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;  13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.  14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.  15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.  16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.  17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. 18. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.    მუხლი 14🔗. რექტორი 1. რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა სფეროში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი. 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი; ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ორი კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.  9. რექტორი ნიშნავს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  10. რექტორი, არყოფნის  ან სხვა შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შესრულებას ბრძანებით აკისრებს აკადემიური საბჭოს წევრ - პროფესორს. დაუშვებელია რექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უმაღლესი განათლების დამადასტრებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება. 11. აკადემიური/დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ/დამხმარე პერსონალს. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. 12. სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ შტატგარეშე პერსონალს. შტატგარეშე პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. 13. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.  3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.  4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.  მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის სახელით სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ)გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;  ი) უფლებამოსილია ამ წესდებით  გათვალისწინებული აკადემიური/დამხმარე, შტატგარეშე დამხმარე პერსონალის კანდიდატურები  წარუდგინოს რექტორს  მათი სამსახურში მიღების ან გათავისუფლების მიზნით. კ) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.  3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:  ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;  ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.  მუხლი 17🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. სწავლების ხარისხი, აგრეთვე, სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3.სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება ოთხი წლის ვადით; 4. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობას. 7. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 8. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.  თავი III ფაკულტეტი მუხლი 18🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები 1. ფაკულტეტი არის სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. მუხლი 19🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. მუხლი 20🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება 1.  ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე)  ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ  და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. 3.ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა დეკანის მიერ თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები). 4. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს   დეკანს,  ფაკულტეტის  საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3–ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3 –ის და რექტორის მოთხოვნით. 5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დროებით უფლებამოსილი საბჭოს წევრი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს. 6. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმში. ოქმს ხელს აწერს დეკანი(ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და სხდომის მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი.  მუხლი 21🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე  გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ორი კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. 2. დეკანობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის აკადემიური პერსონალი (სრული ან ასოცირებული პროფესორი); ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟი.  3. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ვ)  თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 22🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სწავლების, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე; 3.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი.   5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები რეგულირდება სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წესით. თავი IV სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 23🔗. სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 24🔗. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს. მუხლი 25🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი კვირისა, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. 5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 26🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. მუხლი 27🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:  ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;  ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.  2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:  ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;  ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;  გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;  3.სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.  მუხლი 28🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:  ა) პირადი განცხადება;  ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;  გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;  ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;  ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.  მუხლი 29🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.  4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.  5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღება  ხორციელდება შესაბამისი წესით.  6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.    მუხლი 30🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა. ვ) ამ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) შინაგანაწესისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დარღვევა. მუხლი 31🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სასწავლო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.  3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V სტუდენტი მუხლი 32🔗. სტუდენტის სტატუსი და უფლებები 1. პირს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს სასწავლო უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; გ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად; დ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, სასწავლო უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება(სოციალური პროგრამის ფარგლებში), სხვა სახის შეღავათები;       ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. სასწავლო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტს სასწავლო უნივერსიტეტი უქმნის ყველა  პირობას სწავლისათვის, რაც გამოიხატება მისთვის ჰუმანური და თბილი გარემოს შექმნით, სრული ხელმისაწვდომობით სასწავლო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდისადმი (ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემები), ინტერნეტ–საშუალებებისადმი სრული წვდომით, ყოველწლიური ფინანსური შეღავათებით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; 6. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება. ბ) პირადი განცხადება; გ)სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის ამოწურვა. დ)სტუდენტის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების განხორციელება; ე),,სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 9. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: ა)პირადი განცხადება; ბ)ფინანსური დავალიანება; გ)აკადემიური შვებულება; დ),,სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.  მუხლი 33🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს წესდება, ეთიკის კოდექსი,  შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. მუხლი 34🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1.  სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს შინაგანაწესით, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმების   და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. 2.  სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 4. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ  და შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ფაკულტეტის საბჭო ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მოიპოვოს ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური წარმოების საფუძველია. 5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.  მუხლი 35🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. სასწავლო უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში. ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან სასწავლო უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.  თავი VI სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 36🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4.  წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს  მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.   5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 37🔗. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსება 1. სასწავლო უნივერსიტეტი თავის სტრუქტურულ ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ  სამეწარმეო საქმიანობას.  2. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.  3.სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით. მუხლი 38🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე  საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, სასწავლო უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლო უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 39🔗. სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სასწავლო უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VII რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია მუხლი 40🔗. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. თავი VIII წესდებაში ცვლილების შეტანა მუხლი 41🔗. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი 1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.