საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №134/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№134/ნ
2013 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №189 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: ილიას უნივერსიტეტი; ინგლისური სახელწოდებაა: Ilia State University, შემოკლებული სახელწოდებაა Ilia State.
4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია ნებისმიერი დონის, მათ შორის საკონსტიტუციო, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: საქართველო, თბილისი, 0162, ჩოლოყაშვილის 3-5.
მუხლი 2🔗.
უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
1. უნივერსიტეტის მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2. თავისი მიზნების შესასრულებლად უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ლ) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს. ასევე პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს;
მ) ახორციელებს ინოვაციურ და ფუნდამენტურ კვლევებს;
ნ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და კვლევებს;
ო) ახორიციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;
პ) თავისი ბიუჯეტის ნაწილს ახმარს სამეცნიერო კვლევების განვითარებას;
ჟ) ამყარებს საუნივერისტეტო სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗.
უნივერსიტეტის სიმბოლიკა
1. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, დროშა და გერბი. დროშაზე გამოსახულია გერბი. გერბი წარმოადგენს ოთხველიან ფარს.
2. გერბი შედგება შემდეგი ველებისაგან:
ა) პირველი ლაჟვარდოვანი ველი, რომელზეც უნივერსიტეტის დაარსებისას მასში არსებული ექვსი ფაკულტეტის აღსანიშნავად გამოსახულია ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი. წიგნებზე უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლების: აკადემიური, სინდისისა და არჩევანის თავისუფლების ნიშნად, სამჯერ არის გამოსახული წარწერა „თავისუფლება“;
ბ) მეორე მეწამული ველი, რომელსაც დიდი სწორი ჯვრის ფორმა აქვს. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი მეწამულივე ბოლნურ-კაცხური ჯვარია. გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა;
გ) მესამე ველი, რომელზედაც ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლის და ნახევრად მეწამული ფერის ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას;
დ) მეოთხე ლაჟვარდოვანი (ლურჯი) ველი, რომელზეც გამოსახულია სამი მეწამული და ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს აღნიშნავს.
3. საგერბო ფარის ქვეშ განთავსებულია სადევიზო ბაფთა. სადევიზო ბაფთაზე ლათინურად წერია „LIGAMUS“, რაც ნიშნავს „ჩვენ ვაერთიანებთ“. წარწერა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს იგი სტუდენტებსა და საზოგადოებას.
მუხლი 4🔗.
უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
თავი II
სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5🔗.
უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისაგან – კვლევითი ინსტიტუტებისაგან (შემდგომში – ინსტიტუტი), დეპარტამენტებისაგან, სამმართველოებისაგან, ცენტრებისაგან, სამსახურებისაგან, გამომცემლობისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატებისაგან, მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომში – წარმომადგენლობითი საბჭო).
3. უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ინსტიტუტების შექმნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. სტრუქტურულ ერთეულებს და მათ დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამჯერ უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ინსტიტუტების შექმნის, გარდაქმნის ან/და გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობით საბჭოს წევრთა 2/3-ს წილისყრით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.
მუხლი 6🔗.
ფაკულტეტი
1. უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
2. ფაკულტეტს შეიძლება ჰქონდეს ცენტრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის.
3. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის საბჭო.
მუხლი 7🔗.
ინსტიტუტი
1. ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს.
2. ინსტიტუტის კვლევით პროექტებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინსტიტუტი ითხოვს კვლევების განსახორციელებელ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.
3. ინსტიტუტში გაერთიანებულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები.
4. ინსტიტუტის მართვის ორგანოა: ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები, რომელსაც ნიშნავს აკადემიური საბჭო.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, ინსტიტუტის თანამშრომლებთან ადგენენ ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები.
6. თუ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა შედგება რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის პროექტისაგან, შესაძლებელია არჩეულ იქნეს ინსტიტუტის რამდენიმე დირექტორი.
7. ინსტიტუტის დირქტორი/დირექტორები, როგორც წესი, არიან უნივერსიტეტის უვადოზე ორიენტირებული, ან უვადო კონტრაქტის მქონე სრული, ან ასოცირებულ პროფესორი.
მუხლი 8🔗.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.
2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;
გ) უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება – ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.
მუხლი 9🔗.
უნივერსიტეტის მართვა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. ინსტიტუტის მართვის ორგანოა ინსტიტუტის დირექტორი ან დირექტორები.
მუხლი 10🔗.
უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა)უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 11🔗.
აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების საბჭოების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტში დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 2 წარმომადგენელი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით 2 წლის გასვლის შემდეგ.
მუხლი 12🔗.
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) ინსტიტუტების, წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
ე) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ვ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
თ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების შექმნის შესახებ;
ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
ო) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელს და ამტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო, სასწავლო და კვლევით პროგრამებს;
პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით, ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ჟ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ოქმების შედგენაზე;
რ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის წესს;
ს) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის (სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ტ)იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის, ინსტიტუტის, შექმნის/გაუქმების/გარდაქმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
უ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის, ფაკულტეტის 65 წელს მიღწეული პირის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობის თაობაზე აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედით;
ფ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ქ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ღ) წლიურ ანაგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ყ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
შ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
ჩ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენის გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს წევრთა 2/3-ის თანხმობით.
მუხლი 13🔗.
აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს რექტორი. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ.
3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.
4. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.
6. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.
მუხლი 14🔗.
წარმომადგენლობითი საბჭო
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრები აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით, ასიტენტ-პროფესორი რომელიც არის დოქტორანტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.
5. პროფესორებისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ფაკულტეტს, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 100-ს, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 8 აკადემიური პერსონალი;
ბ) ფაკულტეტს, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 20-ს, მაგრამ ნაკლებია 100-ზე, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 4 აკადემიური პერსონალი;
გ) ფაკულტეტზე, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა ოცზე ნაკლებია, წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა 2 აკადემიური პერსონალი;
დ) ყოველი ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევა სტუდენტთა ერთი წარმომადგენელი.
მუხლი 15🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და მდივანს ფარული კენჭისყრით, კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩვენო კომისია;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ;
ო) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 16🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
მუხლი 17🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;
2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას.
3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.
6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ორი დღის ვადაში საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.
7.წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით.
9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.
10. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;
12. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.
13. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.
14. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა).
15. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.
16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
მუხლი 18🔗.
რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის და საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსისათვის დადგენილი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
9. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებლებს და ამ წესდების 36-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 42-ე მუხლით გათვალისწინებულ პერსონალს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
10. რექტორად არჩევა, თუკი ის მანამდე იყო აკადემიური საბჭოს წევრი, არის აკადემიურ საბჭოს წევრობის, როგორც ფაკულტეტის წარმომადგენლობის, შეწყვეტის საფუძველი. ეს უფლება არ აღდგება რექტორის უფლებამოსილების დასრულების, ან შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 19🔗.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1.ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილეები რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 20🔗.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1.კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
კ) უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
ლ) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მ) განსაზღვრავს მასწავლებელთა, ამ წესდების 36-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
მუხლი 21🔗.
რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება
1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.
3. დელეგირებული პირი არ არის უფლებამოსილი მოაწეროს ხელი უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დიპლომს).
მუხლი 22🔗.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1.სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით;
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება;
ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის ხარისხის რაოდენობრივ მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების ასევე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;
დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;
ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
ვ) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს;
ზ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისათვის.
6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.
თავი III
ფაკულტეტი
მუხლი 23🔗.
ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. ფაკულტეტს შეიძლება ჰქონდეს ცენტრები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის.
მუხლი 24🔗.
ფაკულტეტის საბჭო
1.ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც შედგება ფაკულტეტის ყველა სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორისაგან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან.
2.იმ შემთხვევაში თუ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღემატება 30-ს ფაკულტეტის ყოველ 10 აკადემიურ პერსონალზე აირჩევა ერთი წარმომადგენლი.
3. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას, ფაკულტეტი უფლებამოსილია გააკეთოს არჩევანი ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს შორის.
4.ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 25🔗.
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სადისერტაციო საბჭოს დებულებისა და სადისერტაციო საბჭოს შესაქმნელად და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
კ) გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 26🔗.
დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;
თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს.
მუხლი 27🔗.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და კვლევითი მუშაობის აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს.
7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.
მუხლი 28🔗.
სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება აკადემიური საბჭოს მიერ.
2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში მოიწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის(ების) უვადო ან უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე სრული ან ასოცირებული პროფესორი.
4. სადისერტაციო საბჭოში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ფაკულტეტის ინიციატივით .
5. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს მეცნიერების შესაბამის დარგებში.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
მუხლი 29🔗.
ინსტიტუტის დირექტორი (დირექტორები)
1.ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება დანიშნული იქნეს უვადო ან უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე სრული ან ასოცირებული პროფესორი.
2.ინსტიტუტის დირექტორს (დირექტორებს) ნიშნავს აკადემიური საბჭო. აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია გამოაცხადოს კონკურსი ინსტიტუტის დირექტორის ვაკანსიის დასაკავებლად.
3.ინსტიტუტის დირექტორი (დირექტორები):
ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის იმ კვლევითი პროექტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც საჭიროებს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, აკადემიური საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნულ პროექტებს ითვალისწინებს უნივერსიტეტის საერთო ბიუჯეტში წარმომადგენლობით საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების დროს;
გ) ყოველი წლის ბოლოს აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 30🔗.
უნივერსიტეტის პერსონალი
1.უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, კვლევითი, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალი და მასწავლებელი.
2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 31🔗.
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.
4. პროფესორებს აქვთ ოთხი სახის კონტრაქტი: უვადო, უვადოზე ორიენტირებული, სპეციალური და ვადიანი.
ა) უვადო კონტრაქტები პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ამ პროფესორს აქვს:
ა.ა) უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება;
ა.ბ) მნიშვნელოვანი კვლევითი წარმატება, რომელიც სავარაუდოა, რომ გაგრძელდება მომავალში;
ა.გ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც სავარაუდოა, რომ გაგრძელდება მომავალში;
ბ) უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტი პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ეს პროფესორი:
ბ.ა) უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას;
ბ.ბ) აქვს მზარდი კვლევითი წარამტება;
ბ.გ) კითხულობს, ან წაიკითხავს ლექციებს, რომლებიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიის მოსაზიდად და დაინტერესებისათვის;
გ) ვადიანი კონტრაქტი პროფესორებს უფორმდებათ, იმ მოტივით, რომ ეს პროფესორი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანთლებლო პროცესში;
დ) სპეციალური კონტრაქტი უფორმდებათ იმ პროფესორებს, რომლებიც:
დ.ა) ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საზღვარგარეთ;
დ.ბ) სხვა რაიმე საპატიო მოტივით ვერ ახორციელებენ ყოველდღიურ დატვირთვას.
5.უვადო, უვადოზე ორიენტირებული, სპეციალური და ვადიანი კონტრაქტების გაფორმების წესს საზღვრავს აკადემიური საბჭო მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს ამა თუ იმ კანდიდატისათვის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის საკითხს.
მუხლი 32🔗.
აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 33🔗.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
4. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ასისტენტ-პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია დოქტორის ხარისხის ფლობის გარეშე პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ანდა პუბლიკაციებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
მუხლი 34🔗.
აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
მუხლი 35🔗.
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.
2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.
მუხლი 36🔗.
ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.
7. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება ინსტიტუტის დირექტორის ან დეკანის წარდგინებით. ხელშეკრულებას მომავალ მკვლევართან აფორმებს რექტორი. შესაძლებელია, ინსიტუტის –დირექტორის, ან დეკანის წარდგინების საფუძველზე, გამოცხადდეს კონკურსი მკვლევარის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 37🔗.
ადმინისტრაციული და სხვა თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა,
ვ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ზ) შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლა;
თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 38🔗.
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
5. აკადემიური, მკვლევარის, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პერსონალის სამსახურში მიღების წესით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. აკადემიური, კვლევითი ან ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირს არ შეიძლება სხვა უნივერსიტეტში ან კვლევით დაწესებულებაში ეკავოს აკადემიური, ადმინისტრაციული ან მკვლევარის თანამდებობა.
7. აკადემიური, კვლევითი, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 39🔗.
საპატიო დოქტორი
1. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ხდება უნივერსიტეტის ან/და მეცნიერების ან/და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
3. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მატარებელს შესაძლებლია დაენიშნოს ყოველთვიური სტიპენდია ან გადაეცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო.
მუხლი 40🔗.
სტუმარი პროფესორი
1. სტუმარი პროფესორი არის მეცნიერი, რომელიც მუდმივად მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სამეცნიერო ცენტრში და მოწვევის შემთხვევაში კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე და კონსულტაციას უწევს პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს მიმდინარე კვლევებში ან/და უშუალოდ მონაწილეობს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
2. სტუმარი პროფესორის ლექციები უნდა შედიოდეს ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში.
3. სტუმარი პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება ხდება ფაკულტეტის ან/და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
5. სტუმარი პროფესორის მოწვევის შესახებ დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და დაამტკიცოს წარმომადგენლობითმა საბჭომ.
6. თუ ფაკულტეტი წლის ბოლომდე ვერ აითვისებს სტუმარი პროფესორებისათვის განსაზღვრულ თანხებს, აუთვისებელი თანხა ბრუნდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.
7. სტუმარი პროფესორების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის.
მუხლი 41🔗.
კვლევითი პერსონალი
1. უნივერსიტეტის კვლევითი პერსონალი შედგება მკვლევარებისაგან.
2. მკვლევარების შემადგენლობას მიეკუთვნება მკვლევარი, ასოცირებული მკვლევარი და ასისტენტ მკვლევარი.
3. მკვლევარები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს და თუ ეს შრომითი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, აგრეთვე მონაწილეობენ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
4. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება აკადემიური საბჭოს ან მის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით.
5. მკვლევარის და ასოცირებული მკვლევარის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
მუხლი 42🔗.
მოწვეული სპეციალისტი
1. ფაკულტეტი უფლებამოსილია, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.
2. რექტორი უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ფაკულტეტის მოთხოვნა საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თუ ეს მოწვევა არ სცდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებებს და არ ეწინაამღდეგება უნივერსიტეტის მიზნებს და ძირითად პრინციპებს.
მუხლი 43🔗.
ემერიტუსის წოდების მინიჭების წესი და პირობები
1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ სრულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით, რაც იწვევს დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას.
2. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.
4. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
თავი V
სტუდენტი
მუხლი 44🔗.
უნივერსიტეტში სტუდენტად/პროფესიულ სტუდენტად მიღება
1. უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში კანონით განსაზღვრულ საგანმანათლებლო საფეხურზე.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.
3. სტუდენტს სტატუსი უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობისას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებისას. ამ საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი სტუდენტის სტატუსს ვერ მოიპოვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
4. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შესაბამისი დოკუმენტებითა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
თავი VI
უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 45🔗.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადოდ დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
8. უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში, საერთო ბიუჯეტის 10% ცვლილების შეტანის უფლება აქვს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 46🔗.
უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა
უნივერსიტეტი, ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებითად გადასვლის გარეშე, შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.
მუხლი 47🔗.
უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 48🔗.
უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 49🔗.
უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VII
რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 50🔗.
უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი, აკადემიური და ფაკულტეტების საბჭოების თანხმობის შემთხვევაში.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
თავი VIII
წესდებაში ცვლილების შეტანა
მუხლი 51🔗.
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.