პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.09.2013
ძალის დაკარგვა 02.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №152/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016672
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.07.2021
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№152/ნ
2013 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტისა და ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის N9/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება (შემდგომში − დებულება) არეგულირებს პროფესიული ტესტირების (შემდგომში − ტესტირება) ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) დაწესებულება – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ) ექსპერტთა გუნდი/გუნდები − სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასების მიზნით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი არანაკლებ 3 ექსპერტისაგან შემდგარი გუნდი;
დ) მოსაწვევი – სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში ცენტრი) მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი დაიშვება ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი – ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, აპლიკანტის მიერ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი − დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, ერთი დაწესებულების მიერ განხორციელებული, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში, სარეგისტრაციო განცხადებაში აპლიკანტის მიერ პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხურების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;
ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაცია − პროცედურა, რომელიც მოიცავს აპლიკანტისათვის, ინტერვიუირების გზით, მისი ინტერესების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შერჩევაში დახმარების გაწევას;
თ) რესურსცენტრი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო − საგანმანთლებლო რესურსცენტრი;
ი) საგამოცდო ცენტრი − ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების − საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში განთავსებული ადგილი, სადაც წარიმართება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება;
კ) საგანი/საგანთა ჯგუფი − ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანი/საგნები, რომელთა ჩაბარება პროფესიული უნარების ტესტთან ერთად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ლ) საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამა − საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც იქმნება საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტი და რომელიც არ სცილდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
მ) საპრეტენზიო კომისია – ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით შექმნილი დროებითი ორგანო;
ნ) საინფორმაციო ცენტრი − აპლიკანტთა ინფორმაციული მომსახურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციისა და რეგისტრაციის განმახორციელებელი ცენტრი;
ო) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი − ინტელექტუალური და განვითარების დარღვევის, სენსორული (სმენისა და მხედველობის) ან/და ქცევითი და ემოციური აშლილობის ან/და ფიზიკური შეზღუდვის მქონე აპლიკანტი;
პ) პროფესიული უნარების ტესტი − ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისი უნარების შესაფასებელი დავალებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ამა თუ იმ მიმართულების შესაბამისი საფეხურისათვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასება (მაგ.: მექანიკური, საკანცელარიო და სივრცითი უნარები) და რომლის ჩაბარებაც საგანთან/საგანთა ჯგუფთან ერთად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხური − პროფესიული სტანდარტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გათვალისწინებული საწყისი საფეხური ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ის საფეხური, რომელზე სწავლის უფლებაც წარმოეშობა აპლიკანტს წინმსწრები არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების საფუძველზე;
რ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი საფეხური − პროფესიული სტანდარტით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის გათვალისწინებული საფეხურები (გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურისა).
მუხლი 3🔗.
ტესტირების ჩატარების მიზანი
ტესტირების ჩატარების მიზანია:
ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.
მუხლი 4🔗.
ტესტირების ენა
ტესტირების ენაა ქართული.
მუხლი 5🔗.
ტესტირების სამართლებრივი შედეგები
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.
2. ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსისა და ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.
3. დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურებზე.
თავი II
ტესტირება
მუხლი 6🔗.
ტესტირებაში მონაწილეობის უფლება
1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის, მათ შორის ცენტრის მიერ შედგენილი რანჟირების დოკუმენტში მოხვედრის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აკმაყოფილებს შესაბამისი პროფესიული სტანდარტით პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დადგენილ დამატებით მოთხოვნებს და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.
2. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკმაყოფილებს შესაბამისი პროფესიული სტანდარტით პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დადგენილ დამატებით მოთხოვნებს და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე.
მუხლი 7🔗.
პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია პროფესიული უნარების ტესტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნის/საგანთა ჯგუფის ჩაბარება.
2. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისად ტესტირება წესდება შემდეგ საგანში/საგნებში:
ა) ქართული ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) რუსული ენა;
გ.დ) ფრანგული ენა;
დ) ისტორია;
ე) გეოგრაფია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ქიმია;
თ) ბიოლოგია;
ი) ხელოვნება.
4. თუ პროფესიული უნარების ტესტთან ერთად განისაზღვრა ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის სპეციალობის შესაბამისი საგანთა ჯგუფი, აპლიკანტი აბარებს ამ საგანთა ჯგუფში შემავალ ყველა საგანს.
5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურისათვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აპლიკანტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
მუხლი 8🔗.
ტესტირების ჩატარების ფორმა
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების ფორმას და ტესტირების შინაარსს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9🔗.
ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის თავისებურებანი
1. აპლიკანტები, რომლებსაც სურთ ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, ტესტირების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება.
3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები, ტესტირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, გაუგზავნოს ცენტრს. კონკურსის შედეგების შესახებ ცენტრს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის დასახელება;
გ) აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
დ) კონკურსზე მიღებული ქულა;
ე) ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
მუხლი 10🔗.
ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაციასა და საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტრო მის სიტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, რესურსცენტრებისა და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით.
2. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებას, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უზრუნველყოფს ცენტრი.
3. დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს დაწესებულება ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო;
ბ) დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის წესი;
გ) დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებისათვის სხვა აუცილებელი პირობები.
თავი III
ტესტირების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი
მუხლი 11🔗.
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვა და ჩატარება
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო:
ა) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ცენტრის მიერ დადგენილი ფორმატის შესაბამისად, ცენტრს გადასცემს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტთა და დაწესებულებების მიერ გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების შესახებ ინფორმაციას.
ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებამდე 25 დღით ადრე ცენტრის წარდგენითა და დარეგისტრირებული აპლიკანტების მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტების გადანაწილებას.
გ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრის მიერ დადგენილი ფორმატის შესაბამისად, ცენტრს გადასცემს იმ აპლიკანტთა თაობაზე ინფორმაციას, რომლებსაც უფლება აქვთ გავიდნენ ტესტირებაზე;
დ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს;
ე) ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტესტირების ჩატარების განრიგს;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენასა და დამტკიცებას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:
ა) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:
ა) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცესში, ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;
ბ) ეხმარება ცენტრს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრების შერჩევაში;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, ცენტრი:
ა) სამინისტროს მიერ მიწოდებული ფორმატის შესაბამისად, უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის სხვადასხვა სირთულის დავალებების შემუშავებას;
გ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს საცდელი ტესტირების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;
ე) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების განრიგს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, დაწესებულება:
ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში;
ბ) ხელს უწყობს ცენტრს, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებაში;
გ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრში წარადგენს ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ამ დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ცვლილების შესახებ, ამ დებულების მე-12 მუხლით დადგენილი პროცედურებით;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციას;
ბ) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალი ის იურიდიული პირი, რომელშიც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი:
ა) ვალდებულია სამინისტროს/ცენტრის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;
ბ) ვალდებულია ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს ცენტრის თანამშრომლების მითითებები;
გ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პერიოდში ვალდებულია დაიცვას საგამოცდო ცენტრში წესრიგი და არ დაუშვას ტესტირებისთვის გამოყოფილ შენობაში/შენობის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრისა და სამინისტროს მიერ მივლინებული პირებისა;
დ) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს საგამოცდო ცენტრში ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული ქონება;
ე) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს, ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომელიც ინახება და გამოიყენება საგამოცდო ცენტრში;
ვ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი ტესტირებების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;
ზ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/ცენტრის კონკრეტული მითითებები ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;
თ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗.
დაწესებულების მიერ აპლიკანტების მიღების გამოცხადება
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 2 თვით ადრე, დაწესებულება აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე.
2. დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, დაწესებულება აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე.
3. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღები აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.
4. აპლიკანტთა მიღების მიზნით, დაწესებულება, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში - ანკეტა).
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 10 დღის ვადაში ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ 3 დღის ვადაში, დამოწმებულ ანკეტას ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში აგზავნის სამინისტროში და ცენტრში, ხოლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში − სამინისტროში და დაწესებულებაში.
6. ანკეტის ფორმა მტკიცდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ანკეტაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი;
გ) დაწესებულების ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და შემდგომი საფეხური/საფეხურები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5-ისა);
ვ) სწავლის წლიური საფასური თითოეული პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველადი და შემდგომი საფეხურისათვის;
ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომელიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სტანდარტით;
თ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
7. დაწესებულება ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას.
8. ანკეტების საფუძველზე სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას.
9. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში სამინისტრო, ხოლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების შემთხვევაში − დაწესებულება ანკეტაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. სამინისტროს მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება, ხოლო დაწესებულების მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურები.
მუხლი 13🔗.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაცია
1. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი:
ა) ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი;
ბ) აპლიკანტის ინტერვიუირების გზით, ეხმარება აპლიკანტს, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შერჩევაში.
2. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი:
ა) ერთი დაწესებულების მიერ განხორციელებული, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის ფარგლებში, სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი;
ბ) აპლიკანტის ინტერვიუირების გზით, ეხმარება აპლიკანტს, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შერჩევაში.
მუხლი 14🔗.
რეგისტრაცია
1. ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფუძველია აპლიკანტის განცხადება ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც ივსება ელექტრონული ფორმით.
2. ცენტრის/დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების მიზნით, აპლიკანტის რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაციის დროს მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;
ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ)აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა;
დ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;
ვ) აპლიკანტის მიერ ჩასაბარებელი, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი და პროფესიული უნარების ტესტის ტიპი. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს პროფესიული უნარების მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი, შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი და მხოლოდ ერთი უცხოური ენა.
4. დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაციის დროს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად, მიეთითება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამინისტრო/ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.
მუხლი 15🔗.
მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი, სამინისტროდან ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმატით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზე ხდება ტესტირების დაგეგმვა.
2. აპლიკანტის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტზე, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც აბარებს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების თარიღები და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
მუხლი 16🔗.
ტესტირების ჩატარების დრო
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ − გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
2. ფორს-მაჟორის, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.
3. დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ − გაზაფხულზე და შემოდგომაზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.
თავი IV
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცესი
მუხლი 17🔗.
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების მიმდინარეობა
1. აპლიკანტმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას აპლიკანტი ვალდებულია წარადგინოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი.
3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურით.
4. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, პროფესიული უნარების ტესტის/საგნის/საგნების შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.
მუხლი 18🔗.
აპლიკანტის უფლებები და ვალდებულებები ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებისას
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩაბარების მიზნით, აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ან/და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.
4. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს ცენტრის მიერ ორგანიზებული დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით თუ არა.
5. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.
6. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს აპლიკანტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;
ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
7. ცენტრი უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეო აღჭურვილობის მეშვეობით.
მუხლი 19🔗.
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს წესის დარღვევა
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აპლიკანტი იხსნება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 20🔗.
ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირების პროცესზე დასწრება
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა, სამინისტროს უფლებამოსილ დამკვირვებელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების მიმდინარეობას, მათ ეკრძალება ტესტირების შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
თავი V
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა
მუხლი 21🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. საპრეტენზიო კომისია იხილავს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
მუხლი 22🔗.
საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომაზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 23🔗.
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე, აპლიკანტი უფლებამოსილია ტესტირების დღეს 20 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.
2. პრეტენზიის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი.
3. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას სხვა აპლიკანტების მიერ;
ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა აპლიკანტების მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
4. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აპლიკანტის მიერ ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
ბ) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე.
5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აპლიკანტს.
თავი VI
ტესტირების საბოლოო შედეგები და დაწესებულებაში ჩარიცხვა
მუხლი 24🔗.
საბოლოო შედეგები
1. ცენტრი, ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის რანჟირების დოკუმენტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტების განაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინების საფუძველზე.
3. სახელოვნებო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით.
4. ცენტრის მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი მინისტრს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.
5. მინისტრი 5 დღის ვადაში, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის ცენტრში. ცენტრი უზრუნველყოფს რანჟირების ამ დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აპლიკანტთა განაწილების შედეგად დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინებით, ქმნის რანჟირების დოკუმენტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
7. დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი მინისტრს წარედგინება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით.
8. მინისტრი 5 დღის ვადაში, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტს და ერთ ეგზემპლარს, დამოწმებულს სამინისტროს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აგზავნის შესაბამის დაწესებულებაში.
მუხლი 25🔗.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა
1. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემიდან 5 დღის ვადაში განსაზღვრავს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე სწავლის დაწყებამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან) აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ.
3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში ასახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
თავი VII
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირება
მუხლი 26🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის უფლება
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აპლიკანტს წარმოეშობა ექსპერტთა გუნდის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 27🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაზე რეგისტრაციას, ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განხორციელებასა და ტესტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო, მის სიტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით.
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:
ა) უზრუნველყოფს დაწესებულების კომპიუტერული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციას;
ბ) სამინისტროს მიერ მიწოდებული ფორმატის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტესტირებაში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;
გ) უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ვალდებულია სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი და სათანადო ადამიანური რესურსი;
ე) ვალდებულია ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მითითებები;
ვ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;
ზ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 28🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ეტაპები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ექპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება;
ბ) რეგისტრაცია;
გ) ტესტირება;
დ) დაწესებულებაში ჩარიცხვა.
მუხლი 29🔗.
ექსპერტთა გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასების მიზნით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის არანაკლებ 3 ექსპერტისაგან შემდგარ ექსპერტთა გუნდს/გუნდებს;
2. ექსპერტთა გუნდი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია მისი მშობლის/კანონიერ წარმომადგენლის) წარმომადგენლის მიმართვიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასებასა და აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ დასკვნის მომზადებას.
მუხლი 30🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია
1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აცხადებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებს.
2. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფუძველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომელიც ივსება ელექტრონული ფორმით, დაწესებულებაში/საინფორმაციო ცენტრში/რესურსცენტრში.
3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, დაწესებულება:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი ან შემდგომი საფეხურების იმ ჩამონათვალს (არაუმეტეს სამისა), რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერვიუირების გზით, ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფეხურებიდან მისი ინტერესების შესატყვისი არაუმეტეს 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი ან შემდგომი საფეხურის შერჩევაში.
4. რეგისტრაციის დროს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებთან ერთად მიეთითება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პირველადი ან შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება და ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ.
5. რეგისტრაციის დროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი დაწესებულებაში წარადგენს:
ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნას, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, დამოწმებულს ექსპერტთა გუნდის ყველა წევრის ხელმოწერით;
ბ) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
გ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 31🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზის ფორმირება და საგამოცდო ცენტრებში განაწილება
1. რეგისტრაციის დასრულებიდან ორი დღის ვადაში, დაწესებულება უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზის ფორმირებასა და ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან 3 დღის ვადაში, მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც განთავსდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის საგამოცდო ცენტრები;
ბ) დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების მონაცემებზე დაყრდნობით, ანაწილებს მათ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო ცენტრებში.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.
მუხლი 32🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება და შედეგები
1. მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების განრიგს და ადგენს ტესტირების მაქსიმალურ ხანგრძლივობას.
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება მოიცავს მათ მიერ შერჩეული არაუმეტეს სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი/შემდგომი საფეხურის შესატყვისი სასწავლო საწარმოო პრაქტიკის მოსინჯვას.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების უზრუნველსაყოფად, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ−სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს საგამოცდო კომისიის/კომისიების შექმნას.
4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე, მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურის შესატყვისი სასწავლო საწარმოო პრაქტიკის თითოეული მოსინჯვისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისიის მიერ ფასდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირებისას გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების, ექსპერტთა გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას (შემდგომში − რეკომენდაცია) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის თაობაზე.
6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი ან შემდგომი საფეხურის შესატყვისი სასწავლო საწარმოო პრაქტიკის მოსინჯვით მიღებული შეფასება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ წარდგენილი ამ დებულების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ანალიზთან და რეკომენდაციასთან ერთად, ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 7 დღის ვადაში, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა გადანაწილებას დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად ან შემდგომ საფეხურებზე ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად ან შემდგომ საფეხურებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
9. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ−სამართლებრივი აქტის ხელმისაწვდომობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისა და დაწესებულებისათვის ასლის გადაგზავნის გზით.
მუხლი 33🔗.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვა
1. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე სწავლის დაწყებამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად/შემდგომ საფეხურზე და აფორმებს ხელშეკრულებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულ ქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან).
3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები, დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში, შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 34🔗.
გარდამავალი დებულებანი
ეს დებულება გავრცელდეს 2013 წლის 24 ივლისიდან, სამინისტროს, ცენტრის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და დაწესებულების მიერ 2013 წლის შემოდგომის ტესტირებისათვის ტესტების მომზადებისა და რეგისტრაციის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებზე.