განჩინება შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1254-13
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2013 წლი ს 17 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
განმცხადებელი – მოვალე შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 245430831 )
წარმომადგენელი – ზვიად კონცელიძე (დირექტორი)
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ ერთპიროვნულად განიხილა შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ”დირექტორის ზვიად კონცელიძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და
გამოარკვია:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’ დირექტორ მაზვიად კონცელიძემ და ითხოვა შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი დავალიანება კრედიტორთა წინაშე ჯამში შეადგენს 17787,08 ლარს. საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება და არ გააჩნია მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. არსებულ კრედიტორულ დავალიანებათა შორის 1077,08 ლარი წარმოადგენს საგადასახადო (საბიუჯეტო) დავალიანებას, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ საგადასახადო დავალიანებას. კომპანიისადმი სხვა პირთა ვალები, ასევე ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულება, შეადგენს 162 ლარს, სხვა ქონება მოვალეს არ გააჩნია. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი ზვიად კონცელიძე ითხოვს შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად , არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს’’ დირექტორს ზვიად კონცელიძეს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა- უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში, ამ კანონით დადგენილი წესით, შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე