განმჩინება შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/632-07
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
201 3 წლი ს 1 1 ივლისი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძე მ თამარ დალაქიშვილის მდივნობით განიხილა მოვალე შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” (ს/კ 209456792) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოვალე შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით 2013 წლის 11 ივლისს ჩატარდა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით - გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი. კრებაზე წარმოდგენილნი იყვნენ და კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ გაკოტრების მმართველი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მისი წარმომადგენელი ნათია სახოკია), მოვალე შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” დირექტორი მიხეილ თავაძე (ის ამავდროულად არის ვადაში წარმოდგენილი მოთხოვნის მქონე ერთ-ერთი კრედიტორი), მოცემული საგაკოტრებო წარმოების ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მისი წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი) და კრედიტორები - ნარი რუხაძე, გივი ბიბილეიშვილი, დიმიტრი ერიციანი, ალექსანდრე ერიციანი, ზურაბ აფხაზაშვილი, გიორგი უგულავა, თორნიკე ჭაფოძე, აკაკი არეშიძე და გელა გოგბერაშვილი. შესაბამისად, კრებას ესწრებოდა 68465,08 ლარის მოთხოვათა მქონე კრედიტორები. კრებაზე წარმოდგენილ კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი 29156,86 ლარით აღემატება ამ წარმოების კრედიტორთა საერთო მოთხოვნათა ნახევარს (68465,08 - 78616,44 : 2 =29156,86).
გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ნათია სახოკია განმარტავს, რომ შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - თბილისში, ქერჩის ქუჩა №6 მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობი (საკადასტრო კოდი 01.11.05.029.067) აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა 1030000 ლარად. 2013 წლის 11 იანვრიდან 20 იანვრამდე წარმოებულ აუქციონზე ხსენებული ქონების ფასად განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულების ნახევარი - 515000 ლარი, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. მეორე აუქციონზე ქონების საწყის ფასად განისაზღვრა საბაზრო ღირებულების 25% - 257000 ლარი, თუმცა 2013 წლის 20 თებერვლიდან 28 თებერვლამდე წარმოებულ აუქციონზე ქონება კვლავ არ გაიყიდა. რაც შეეხება 2013 წლის 11 აპრილიდან 19 აპრილამდე წარმოებულ აუქციონს, ამჯერად აღნიშნული უძრავი ქონების საწყის ფასად ნული ლარი განისაზღვრა და ის 154500 ლარად შეიძინა შპს ”სპეც-ავტო-ტრანსმა” (ს/კ 200238769). შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” უძრავი ქონებიდან ამონაგები თანხის გარდა მოვალეს საბანკო ანგარიშზე ერიცხება თანხა 54,14 ლარის ოდენობით.
გაკოტრების მმართველი განმარტავს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით ამონაგები თანხიდან 23567,8 ლარი დღგ-ს სახით გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის 11 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც გაკოტრების მმართველს, ამ ფუნქციის განხორციელებისათვის ეკუთვნის კრედიტორთათვის გადასაცემი თანხის 7%, რაც 5143,13 ლარს შეადგენს. დარჩენილი 125789,07 ლარიდან სრულად კმაყოფილდება ყველა რიგის მოთხოვნა, რაც ჯამში 78616,44 ლარს შეადგენს. გაკოტრების მმართველის მტკიცებით ამგვარი განაწილების შედეგად დარჩენილი თანხა (47172,63 ლარი და მოვალის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა 54,14 ლარი, ჯამში 47226,77 ლარი) ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად უნდა მიექცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშისადმი მოვალეს (მის დირექტორს) და კრებაზე დამსწრე კრედიტორებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ. უფრო მეტიც, ისინი მთლიანად დაეთანხმნენ წარმოდგენილ გაკოტრების ანგარიშს (მოისმინეთ 2013 წლის 11 ივლისის კრედიტორთა კრების აუდიო ჩანაწერი).
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ხსენებული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიში, მასში გადმოცემული განაწილების წესი შეესაბამება კანონს და მისაღებია შპს ”საშენი მასალების და ნაკეთობანის” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის განხილვაში მონაწილე ყველა პირისათვის, რაც იმის მაუწყებელია, რომ არსებობს წარმოების დასრულების საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს მოვალე შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” (ს/კ 209456792) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს) დაევალოს შპს ”საშენი მასალები და ნაკეთობანის” (ს/კ 209456792) რეგისტრაციის გაუქმება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე