საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 300280010.22.025.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №146
2013 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი.
2.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №35 ბრძანება და ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომის დისციპლინის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №39 ბრძანება.
3.
დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს პირველი პუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის სამინისტროს მოსამსახურეთათვის გაცნობა.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში - მოსამსახურე).
2.
შინაგანაწესის მიზნებია:
ა)
სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ)
შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ)
მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ)
სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე)
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
ვ)
მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
3.
შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა)
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ)
დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ)
დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ)
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე)
ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
ვ)
მოსამსახურის მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ზ)
მოსამსახურის მივლინების წესი;
თ)
სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
ი)
მოსამსახურის მოვალეობანი;
კ)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების წესი;
ლ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
მ)
მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
ნ)
განთავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;
ო)
წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
მუხლი 2🔗.
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო
1.
სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2.
სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.30 სთ-დან 18.30 სთ-მდე.
3.
დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
4.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის უწყვეტი რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ცალკეულ მოსამსახურეთათვის შესვენების დრო განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ.
5.
დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები.
6.
მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.
მუხლი 3🔗.
დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
1.
მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.
2.
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და უქმე დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗.
სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1.
სამინისტროში მოსამსახურე მიიღება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
2.
მინისტრის მიერ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული, ასევე ინდივიდუალური.
3.
შრომის საკითხებთან დაკავშირებით ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება ენერგეტიკის სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
4.
ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა.
მუხლი 5🔗.
ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი
1.
მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
2.
მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
შვებულების გამოყენების წესი
1.
მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2.
განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ ენერგეტიკის მინისტრს ან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც.
3.
შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
4.
მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5.
სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
მოსამსახურის მივლინების წესი
1.
მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.
2.
მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებულ უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, ასევე მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
3.
მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.
4.
მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5.
მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, იურიდიული დეპარტამენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
მუხლი 8🔗.
სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1.
წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში (არაუმეტეს ორი დღის ხანგრძლივობით), მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და წარადგინოს მოხსენებითი ბარათი საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდისა და სათანადო მიზეზის მითითებით.
2.
წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მოსამსახურემ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
3.
წინასწარ ცნობილი მიზეზით ან/და მიზეზის გარეშე სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
მუხლი 9🔗.
მოსამსახურის მოვალეობანი
1.
მოსამსახურე ვალდებულია:
ა)
პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ)
სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ)
შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ)
დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე)
გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ)
დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი;
ზ)
სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების (ე.წ. ტურნიკეტის) მეშვეობით, პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გამოყენებით;
თ)
გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს;
ი)
წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე;
კ)
მოსამსახურის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი;
ლ)
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მოსამსახურეს თამბაქოს მოწევა შეუძლია მხოლოდ საამისოდ გამოყოფილ ადგილას.
2.
დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
მუხლი 10🔗.
სამინისტროში მოქალაქეთა მიღების წესი
1.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის დაშვების შემდეგ.
2.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11🔗.
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗.
მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1.
ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტი).
2.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა)
განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ)
დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ)
ქონების დაზიანების შემთხვევაში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3.
მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა)
ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ)
ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ)
არ გადასცეს მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4.
სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება წერილობითი აქტი (დანართი №2).
მუხლი 13🔗.
გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან განთავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №1-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი - შემოვლის ფურცელი (დანართი №1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 14🔗.
წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი
1.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2.
შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3.
შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 15🔗.
შინაგანაწესის შესრულება
1.
წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ყველა მოსამსახურისათვის.
2.
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3.
იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.
4.
ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5.
იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.