„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 10.04.2013
ძალაში შესვლა 01.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №26-21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში (“ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი);
სურთ რა შექმნან სათანადო საფუძველი ხელშემკვრელ მხარეთა შორის გრძელვადიანი დიალოგის წარმოების მიზნით, რომელიც შესაძლებელს გახდის ყველა იმ ზომის გაანალიზებასა და მიღებას, რომელიც აუცილებელია ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის;
ითვალისწინებენ რა ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად და თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების და ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
მუხლი 2🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ ეკონომიკურ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
a) ენერგეტიკა;
b) მრეწველობა;
c) ბუნებრივი რესურსების გამოყენება და თანამედროვე სამთო მრეწველობა;
d) გარემოს დაცვა და გარემოს დაცვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება;
e) ინფრასტრუქტურა;
f) სატრანსპორტო სისტემა;
g) მშენებლობა და ერთობლივი პროექტები მესამე ბაზარზე;
h) ტექნიკური სტანდარტიზაცია, შესაბამისობის შეფასება და მეტროლოგია;
i) ტურიზმი;
j) მცირე და საშუალო საწარმოების თანამშრომლობა;
k) ტრანსპორტი, საზღვაო საქმეები და ტელეკომუნიკაცია;
l) ინვესტიციების ხელშეწყობა;
m) სამრეწველო კვლევა და ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების განვითარება;
n) სხვა ორმხრივი ინტერესების სფეროები.
მუხლი 3🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ხელს შეუწყობენ შემდეგ საქმიანობებს:
a) თანამშრომლობის განვითარებას და ინფორმაციის გაცვლას სამრეწველო, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროში, ასევე საინვესტიციო პროექტების კვლევის მხარდაჭერას.
b) კვლევითი სამუშაოების ჩატარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მრეწველობის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების, ასევე ენეგრო რესურსების, სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და იმ სფეროების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ერთობლივი ინტერესის საგანს; კვლევების ჩატარებას და პროექტების მომზადებას ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და გაფართოების, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად;
c) ეროვნული პერსონალის ტრენინგის სფეროში მოღვაწე ექპერტებისა და სპეციალისტებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შეადგინონ გეგმები განვითარების და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში;
d) თანამშრომლობას, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიების გადაცემას, ტექნიკური დახმარების გაწევას, ექსპერტთა მომზადებას და იმ ერთობლივი დოკუმენტების შემუშავებას, რომლებიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებთან;
e) ბიზნეს მისიების ორგანიზებას, მონაწილეობის მიღებას საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებში, ბაზრობების, სიმპოზიუმების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და ახალი ბიზნეს ურთიერთობების შექმნას;
f) ერთობლივი საწარმოების და მეცნიერული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებას;
g) ამ შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ხელსაყრელი პირობების შექმნას;
h) სამთავრობო დაწესებულებებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს წრეებს, პალატებსა და ასოციაციებს, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის ეკონომიკის სფეროში არსებული ორმხრივად საინტერესო ინფორმაციის გაცვლას, ასევე ხელშემკვრელ მხარეთა სამთავრობო დაწესებულებებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას;
i) ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას და უკვე არსებული კონტაქტების გაძლიერებას, კერძო პირთა და მეწარმეთა ორმხრივი კონტაქტებისა და ვიზიტების ხელშეწყობას;
j) ბიზნეს ინფორმაციის გაცვლას, მონაწილეობის მიღებას საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში, დახმარების გაწევა საქმიანი წრეების წარმომადგენელთათვის სხვადასხვა ღონისძიებების, სემინარების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზების მიზნით;
k) მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაძლიერებას ეკონომიკურ ურთიერთობებში;
l) თანამშრომლობას მარკეტინგის, საკონსულტაციო და ექსპერტთა მომსახურების მიმართულებით, იმ სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს;
m) უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა ფინანსურ და საბანკო დაწესებულებებს შორის;
n) ორმხრივი საინვესტიციო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
o) ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპანიების წარმომადგენლობებისა და ფილიალების გახსნას;
p) ორივე ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანიზაციებს შორის თანამაშრომლობის გაძლიერება მესამე ქვეყნების ბაზრებზე;
q) ინფორმაციის გაცვლა იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეთა ჩართვას მათ განხორციელებაში.
2. მოცემული სია არ არის სრული და არ გამორიცხავს თანამშრომლობის სხვა ფორმებსაც, რომლებიც ხელშეკვრელმა მხარეებმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება მიიჩნიონ როგორც ორმხრივად საინტერესო.
მუხლი 4🔗
1. ამ შეთანხმების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის a) და b) ქვეპუნქტებში მითითებული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ფინანსური და კომერციული ხელშეკრულებების, ასევე ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისა და ინსტიტუტების მიერ შემუშავებული პროგრამებისა და პროექტების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს შესასრულებელ სამუშაოს, სამოქმედო გეგმას, ფინანსურ დებულებებს და ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
2. პროგრამების, პროექტების და ამ შეთანხმების მე-4 მუხლის 1 პუნქტში მითითებული სპეციფიკური კონტრაქტების შეფასება უნდა განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საერთაშორისო ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა, კერძოდ, ფასი, გადახდის, შესრულებისა და მიწოდების პირობები, აგრეთვე მოწყობილობის, საქონლისა და მომსახურების დონე, ხარისხი, წარმოშობა და/ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პასაუხისმგებელი ორგანოს მიერ დადგენილი სხვა კრიტერიუმები.
მუხლი 5🔗
1. ხელშეკვრელი მხარეები, აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობისა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, ქმნიან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ კომიტეტს, შედგომში “ერთობლივი კომიტეტი”.
2. ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია:
- ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხების განხილვა;
- წინადადების შემუშავება ხელშემკვრელ მხარეთა ორგანიზაციებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გარემოს გასაუმჯობესებლად;
- წინადადების გადახედვა წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად.
მუხლი 6🔗
ერთობლივი კომიტეტი განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
a) ხელშემკვრელ მხარეთათვის შეასრულებს საკონსულტაციო ორგანოს როლს ეკონომიკურ, სამრეწველო და საინვესტიციო სფეროებში;
b) ორივე ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და განვითარების პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ორმხრივი ეკონომიკური, სავაჭრო, საინვესტიციო და სამრეწველო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შესაძლებლობათა მოძიება;
c) იმ პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა, შეთავაზება და შეფასება, რომლებშიც შესაძლებელია ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის პროექტების განხორციელება და მათ განსახორციელებლად საჭირო წინაპირობების განსაზღვრა, და აგრეთვე თანამშრომლობის ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებს საქმიანობის სტრატეგიულ მიზნებსა და ფორმებს. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია შეათანხმოს პრიორიტეტული პროექტები;
d) ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კომპეტენციის ფარგლებში, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილების მიღება ამ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერ დავასთან მიმართებაში.
მუხლი 7🔗
1. ერთობლივ კომიტეტს ერთობლივად უხელმძღვანელებენ ორივე ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკურ და სამრეწველო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი სამინისტროთა წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის დონეზე, ან მათ მიერ კონკრეტული მიზნისთვის ნდობით აღჭურვილი პირები.
2. ერთობლივი კომიტეტი დაკომპლექტდება ორივე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან. ერთობლივ კომიტეტს თავის სამუშაოში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მიიწვიოს ორივე ქვეყნის სხვა საჯარო ორგანოებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებით.
3. ერთობლივი კომიტეტს შეუძლია შექმნას ექპერტთა დროებითი ან მუდმივი ჯგუფები და გადასცეს ამგვარ ჯგუფებს ზოგიერთი თავისი ფუნქცია. ამ ჯგუფების და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სხვა პირების რეკომენდაციები და ანგარიშები განსახილველად წარედგინება ერთობლივ კომიტეტს.
4. ერთობლივი კომიტეტი შეიძლება შეიკრიბოს პერიოდულად, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ მიზანშეწონილად მიჩნეულ დროს, მონაცველობით საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, მსგავსი ტიპის შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს ვიდეო კონფერენციის სახითაც.
5. ერთობლივი კომიტეტის სამუშაო ენა იქნება ინგლისური.
6. ინგლისურ ენაზე შედგება თითოეული შეხვედრისა და ამ შეხვედრის ფარგლებში გამართული დისკუსიის ამსახველი ოქმი.
მუხლი 8🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 9🔗
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშემკვრელ მხარეთა შორის თანამშრომლობა წარიმართება მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროგაერთიანების მიერ, ან ერთის მხრივ, ევროგაერთიანასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად.
2. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშემკვრელ მხარეთა შორის თანამშრომლობა გავლენას არ იქონიებს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, ასევე ევროკავშირში ჩეხეთის რესპუბლიკის წევრობიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობიდან.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან შემდგომი თვის პირველ დღეს.
მუხლი 11🔗
1. წინამდებარე შთანხმება დადებულია 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
2. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს შეწყვეტის მომენტისთვის მიმდინარე ღონისძიებებზე, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
3. ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდა ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია 2013 წლის 10 აპრილს ქალაქ თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ჩეხეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)