საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 09.10.2013
ძალის დაკარგვა 03.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №262
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017429
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 03.07.2024
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №262
2013 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების
სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შეიქმნას საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა:
დავით ჯანდიერი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
შალვა ამირეჯიბი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე;
ირაკლი გეგეჭკორი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
მარინე მიზანდარი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;
ქეთევან ციხელაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ირაკლი ხმალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
დავით შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
მარიამ რაქვიაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
დავით ზალკანიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
მერაბ მენაბდე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელს.
მუხლი 3🔗
კომისიამ შეიმუშაოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კონცეფცია, ასევე 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას. კომისიის მუშაობაში მონაწილე უწყებებმა კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში წარმოადგინონ კომისიის მიზნებიდან გამომდინარე თავიანთი საჭიროებები.
მუხლი 4🔗
დაევალოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციისა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. კომისიის მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი
1. კომისია შექმნილია საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.
2. კომისია უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრასა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესებას.
მუხლი 3🔗. კომისიის ფუნქციები და ამოცანები
კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ევროკავშირის ქვეყნებში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ევროპარლამენტის 2007 წლის 14 მარტის №2007/2/EC დირექტივიდან გამომდინარე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
გ) ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;
დ) ზედამხედველობა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შექმნასა და მის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობაზე;
ე) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით ქვეყანაში წარმოებული სამუშაოების/ღონისძიებების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ვ) იმ საჭიროებების განსაზღვრა, რაც უნდა აისახოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში.
მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
დასახული მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში;
გ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას;
დ) აღმოუჩინოს დახმარება უცხო ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე კომუნიკაციის განხორციელებაში;
ე) განიხილოს სამართლებრივი აქტის პროექტები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მართვის სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ზ) შექმნას კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფები;
თ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 5🔗. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და კომისიის სახელით გაგზავნილ წერილებს;
ე) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ვ) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე, კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი, რომელიც არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი.
8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
9. კომისია იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფი
1. კომისია ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფში საქმიანობა არ ანაზღაურდება.
2. თემატური სამუშაო ჯგუფის ფუნქციებია:
ა) კომისიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
ბ) დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ანალიზი;
გ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
3. თემატური სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შემუშავებაში და განახორციელოს შემდგომი პროცესების კოორდინაცია;
ბ) მოამზადოს წინადადებები ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის შემუშავებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით;
გ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
დ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე მიმართოს დაინტერესებულ პირებს და მიიღოს მათგან ინფორმაცია ან/და წინადადებები;
ე) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მონიტორინგი ეროვნული სივრცითი მონაცემების შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
4. კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კომისიის მიერ დანიშნული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის და თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ-ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისია.
2. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით, კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;
ბ) საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;
გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
დ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;
ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 9🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.