„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
მიღების თარიღი 04.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1462-Iს
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1462-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 2001 წლის 8 ნოემბრის „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი.
2. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით, საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლში მითითებული ნასამართლობის ცნობების ასლებისა და ღონისძიებების შესახებ მოთხოვნები უნდა გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-8 (d) პუნქტის შესაბამისად, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით, საქართველო აცხადებს, რომ ორმხრივი დახმარების შესახებ წარდგენილი მოთხოვნები უნდა გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის სპონტანური ინფორმაციის შესახებ მოთხოვნებისა, რომლებიც უნდა გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
ბ) კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლში მითითებული ნასამართლობის ცნობების ასლებისა და ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებისა, რომლებიც უნდა გაეგზავნოს მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს;
გ) ტრანსსასაზღვრო ვიზუალურ კონტროლთან, კონტროლირებად მიწოდებასთან და ფარულ გამოძიებასთან დაკავშირებული ორმხრივი დახმარების შესახებ მოთხოვნებისა, რომლებიც უნდა გაეგზავნოს მეორე დამატებითი ოქმის მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების მიზნებისთვის საქართველოს მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოს.
4. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა მეორე დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით, საქართველო აცხადებს, რომ ის მიიღებს და შეასრულებს ელექტრონული ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით გაგზავნილ მოთხოვნას, თუ ეს მოთხოვნა გადაუდებელია და მისი ავთენტიკურობა საეჭვო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომ მოთხოვნის გამგზავნი ორგანო მოთხოვნის მიმღები ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგენს მოთხოვნის დედანს.
5. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 24-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა მეორე დამატებითი ოქმის მე-6 მუხლით, საქართველო აცხადებს, რომ ის კონვენციისა და მეორე დამატებითი ოქმის მიზნებისთვის სასამართლო ორგანოებად განიხილავს შემდეგ ორგანოებს:
ა) საქართველოს პროკურატურა;
ბ) საქართველოს საერთო სასამართლოები.
6. მეორე დამატებითი ოქმის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ის იტოვებს უფლებას, არ შეიზღუდოს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის მიერ მეორე დამატებითი ოქმის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგენილი პირობებით, თუ იგი არ მიიღებს წინასწარ შეტყობინებას მისაწოდებელი ინფორმაციის ხასიათის შესახებ და არ გამოხატავს თანხმობას მის მიწოდებაზე.
7. მეორე დამატებითი ოქმის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ მეორე დამატებითი ოქმის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხმობის მიღება აუცილებელია მეორე დამატებითი ოქმის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პატიმრობაში მყოფი პირის დროებით გადაცემაზე შეთანხმებამდე.
8. მეორე დამატებითი ოქმის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ის სარგებლობს უფლებით, არ გამოიყენოს მეორე დამატებითი ოქმის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი.
9. მეორე დამატებითი ოქმის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ის მეორე დამატებითი ოქმის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრავს შემდეგ ორგანოს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
მისამართი: გია გულუას ქ. 10, 0114, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 241 19 84; +995 32 241 87 76
ფაქსი: +995 32 241 87 76
ელფოსტა: cooperation@mia.gov.ge
ვებგვერდი: www.police.ge
10. მეორე დამატებითი ოქმის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ მეორე დამატებითი ოქმის მე-18 მუხლის მიზნებისთვის კომპეტენტური ორგანოა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
მისამართი: გია გულუას ქ. 10, 0114, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 241 19 84; +995 32 241 87 76
ფაქსი: +995 32 241 87 76
ელფოსტა: cooperation@mia.gov.ge
ვებგვერდი: www.police.ge
11. მეორე დამატებითი ოქმის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ მეორე დამატებითი ოქმის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის კომპეტენტური ორგანოა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
მისამართი: გია გულუას ქ. 10, 0114, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 241 19 84; +995 32 241 87 76
ფაქსი: +995 32 241 87 76
ელფოსტა: cooperation@mia.gov.ge
ვებგვერდი: www.police.ge
12. მეორე დამატებითი ოქმის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ მეორე დამატებითი ოქმის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სხვა მხარისთვის გადაცემულ პერსონალურ მონაცემებს ეს მხარე საქართველოს წინასწარი თანხმობის გარეშე არ გამოიყენებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
4 ოქტომბერი 2013 წ.
N1462-Iს