1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს.

4. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება;

გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა;

ე) ქონებრივი ზიანის მიყენება;

ვ) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ზ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ ან სამინისტროს მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული, უღირსი საქციელის სამსახურში ან სამსახურის გარეთ ჩადენა;

თ) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ი) სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს ან/და რეპუტაციას;

კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს;

ლ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რის გამოც პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა შემაკავებელი/დამცავი ორდერი;

მ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან/და მარიხუანის), მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება;

ნ) სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება;

ო) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შესახებ შეუტყობინებლობა;

ჟ) ამ კანონის 591 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა;

რ) „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმის დარღვევა;

ს) პოლიციელის ფიცის გატეხვა;

ტ) შრომის დისციპლინის დარღვევა;

უ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა;

ფ) პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ სამინისტროსთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების პირობის დარღვევა;

ქ) სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემის არასამსახურებრივი მიზნით დამუშავება (მათ შორის, მოპოვება, გამოყენება, გავრცელება);

ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალების მართვისას მათი არადანიშნულებით/არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;

ყ) იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მინების შუქგამტარობა შეზღუდულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ან/და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით მართვა;

შ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ განსაზღვრული სხვა დისციპლინური გადაცდომა.

5. მინისტრი უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ცალკეული სახეები.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025