ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად საჯარო კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.10.2013
ძალაში შესვლა 01.11.2013
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.162.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად საჯარო კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2013 წლის 18 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის
თანამდებობათა დასაკავებლად საჯარო კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად საჯარო კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის
თანამდებობათა დასაკავებლად საჯარო კონკურსის ჩატარების
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ეს ინსტრუქცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესრულების მიზნით, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
კონკურსის ცნება
1. კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.
2. კონკურსის გამოცხადება სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.
3. ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული. კონკურსი ასევე ცხადდება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელზეც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულია დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
მუხლი 2🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზნებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა - დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა;
გ) მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა - კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; კონკურსის შედეგები უნდა დაეფუძნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება გაზომვას, შემოწმებასა და გადამოწმებას;
ბ) გამჭვირვალობა - გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისათვის; კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება კონკურსის შედეგს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ შედეგების გადამოწმება და მიიღოს შესაბამისი განმარტება;
გ) თანასწორობა - კონკურსის ჩატარება უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა;
დ) საჯაროობა - კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა - კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრის საშუალებით;
ვ) კორექტულობა - კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4🔗.
კონკურსში მონაწილისადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს (მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა), რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.
2. პირი არ დაიშვება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 5🔗.
კონკურსის ჩატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. კონკურსის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება, იფარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. კომისიის მოწვეულ წევრს, კომისიაში მუშაობის დროის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეძლევა კომპენსაცია განაცდურისათვის მისი დღიური სამუშაო ხელფასის შესაბამისად, ხოლო თუ პირი არ მუშაობს, საჯარო მოხელისათვის მივლინების პერიოდში დადგენილი დღიური ნორმის შესაბამისად.
3. მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის გაღებულ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, დოკუმენტების გამრავლება-დაგზავნა და ა. შ.) ფარავენ პირადი სახსრებით.
4. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იმ მოსამსახურეთა შემადგენლობით, რომლებიც არ იღებენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ჩატარების ეტაპები
1. კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) ძირითადი ეტაპი
გ) დასკვნითი ეტაპი.
2. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:
ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირებას;
ბ) საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას;
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას;
ე) ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას;
ვ) კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;
ზ) კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;
თ) ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;
კ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ტესტების მომზადებასა და მათ შესაძლო გამოქვეყნებას;
ლ) წერითი დავალების თემატიკის განსაზღვრას;
მ) კონკურსის გამოცხადებას.
3. კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:
ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების (აპლიკაციების) და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად დაშვების ან უარის თქმის შესახებ;
ბ) კანდიდატთა ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას წერითი დავალების, ტესტირების, გასაუბრების ფორმების გამოყენებით.
4. კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებას, საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ჩატარების ენა
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურები (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, წერითი დავალება, ტესტირება და გასაუბრება) ტარდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 8🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, განკარგულებით ნიშნავს საკრებულო საკუთარი უფლებამოსილების ვადით.
3. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის კანდიდატურა (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით), კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ხდება კანდიდატთა ხელახალი დასახელება და ხელახალი კენჭისყრა.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს განთავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით (თუ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით) და ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა სავარაუდო კანდიდატებს. კომისიის წევრთა რიცხოვნობა, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11წევრისაგან.
6. როგორც წესი, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი პროპორციით: 1/3 - საკრებულოს შემადგენლობიდან, 1/3 არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოხელეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, 1/3 - დამოუკიდებელი სპეციალისტები. კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე მათი თანხმობით. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით კომისიის წევრობიდან შეიძლება განთავისუფლდეს ნებისმიერ დროს პირადი განცხადების, კომისიის სხდომაზე ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობის და/ან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. კომისიის განთავისუფლებული წევრის შეცვლა ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტით დადგენილი პროპორციის დაცვით.
მუხლი 9🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კომისიის სხდომას, კომისიის წევრების გარდა, სხვა პირი შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის საჯარო სხდომა.
მუხლი 10🔗.
კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ) კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;
ე) კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხების განხილვის თანმიმდევრობას;
ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და კომისიის სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 11🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნო შედგება საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იმ მოსამსახურეებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში. სამდივნოს წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგისტრაციას და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით” დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;
ბ) ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილებათა პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;
გ) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის ადგილის მოწყობას, მასალების გამრავლებას და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;
დ) ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას;
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის” შესაბამისად უზრუნველყოფს წერითი დავალების, ტესტირებისა და გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას;
ვ) ასრულებს ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დავალებებს.
მუხლი 12🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საპრეტენზიო და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში.
3. საპრეტენზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 13🔗.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა
1. თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია (სამუშაოთა აღწერილობა) დგება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებით განსაზღვრული ფორმით.
2. თვითმმართველობის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაოთა აღწერილობის) შედგენას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური შესაბამისი მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს (სამუშაოთა აღწერილობას) ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე (საკრებულოს აპარატის მოხელეების მიმართ უშუალოდ, ხოლო გამგეობის მოხელეთა მიმართ - გამგებლის წარდგინებით).
3. თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების (სამუშაოთა აღწერილობების) საფუძველზე დგინდება მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 14🔗.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა
1. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
2. თვითმმართველობის მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნებს;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნებს.
3. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;
ბ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
საკონკურსო მოთხოვნების მომზადება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის ძირითადი მოთხოვნებისა და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2. საკონკურსო მოთხოვნები აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.
მუხლი 16🔗.
კონკურსის ჩატარების ფორმები
1. კონკურსის ჩატარების ფორმებია:
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება.
2. აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა გულისხმობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების (აპლიკაციების) და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად დაშვების ან უარის თქმის შესახებ.
3. წერითი დავალება გულისხმობს კონკურსანტის მიერ წერითი ნამუშევრის შესრულებას, წარდგენასა და დაცვას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წერითი დავალება ძირითადად გამოიყენება თვითმმართველობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის ჩატარებისას.
4. ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების შემოწმებას ტესტების მეშვეობით.
5. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ფორმას.
7. კონკურსის ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ან ყველა ფორმა. აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 17🔗.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი
1. კონკურსის ჩატარების გრაფიკში მიეთითება:
ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომების ჩატარების თარიღი;
ბ) კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადები და თანმიმდევრობა;
გ) კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დრო.
2. კონკურსის ჩატარების გრაფიკი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 18🔗.
ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ვაკანტური თანამდებობის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამზადებს და აქვეყნებს საკონკურსო პროგრამას.
2. საკონკურსო პროგრამით განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებში მოცემული ის საკითხები, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ კონკურსანტებს.
3. საკონკურსო პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 19🔗.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსში მონაწილე პირთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის მომზადება და გამოქვეყნება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია, კონკურსის ჩატარების ფორმებიდან გამომდინარე, ამზადებს და აქვეყნებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესს”.
2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესი” უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 20🔗.
ტესტების მომზადება და გამოქვეყნება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ორგანიზებას უწევს საკონკურსო პროგრამიდან გამომდინარე ტესტების მომზადებას.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ტესტები შეიძლება იქნეს გამოქვეყნებული (სწორი პასუხის ან სავარაუდო პასუხების მითითების გარეშე), თუ გამოქვეყნებულ ტესტებში მოცემული კითხვების რაოდენობა არანაკლებ 4-ჯერ მეტია კონკურსანტისათვის ტესტირებით გათვალისწინებულ კითხვათა რაოდენობაზე.
3. ტესტები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 21🔗.
წერითი დავალების თემატიკის განსაზღვრა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე განსაზღვრავს წერითი დავალების თემატიკას (კონკურსის ამ ფორმით ჩატარების შემთხვევაში). თემატიკა, როგორც წესი, უნდა ეხებოდეს ვაკანტური თანამდებობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული პრობლემატიკის ანალიზს და მათი გადაწყვეტის გზებს.
2. წერითი დავალების თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 22🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მთავრდება კონკურსის გამოცხადებით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს აგრეთვე ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში. ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პროაქტიულად.
3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4. კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭვდით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.
მუხლი 23🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1. მოქალაქე, რომელიც გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, ვალდებულია კონკურსის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) Curriculum Vitae (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი (მოთხოვნის შემთხვევაში).
2. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი.
თავი III
კანდიდატთა განცხადებების მიღება და განხილვა
მუხლი 24🔗.
განცხადებების (აპლიკაციების) წარდგენა
1. კანდიდატებს უფლება აქვთ კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება (აპლიკაცია) და შესაბამისი დოკუმენტები ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით.
2. კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭვდით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.
3. კანდიდატს კონკურსის გამოცხადების დღიდან ეძლევა არანაკლებ 10 დღე განცხადების (აპლიკაციის) წარსადგენად. ამ ვადაში არ ითვლება დასვენების და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები.
მუხლი 25🔗.
განცხადებების მიღება და რეგისტრაცია
1. განცხადებებს იღებს, დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს და ამოწმებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.
2. სამდივნოს მიერ განცხადებების მიღება ხდება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე. განცხადებების მიღების გასვლის ბოლო დღეს 17.00 საათზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა ერთიან სიაზე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს განცხადებების მიღების დახურვას. ვადის გასვლის შემდეგ განცხადებების მიღება დაუშვებელია.
მუხლი 26🔗.
განცხადებების (აპლიკაციების) განხილვა
1. განცხადებების (აპლიკაციების) მიღების დასრულების შემდეგ კომისიის სამდივნო ამოწმებს მიღებული საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ გადამოწმებას და ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტს კანდიდატთა კონკურსში დაშვების ან კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს (აპლიკაციებს), სამდივნოს მიერ მომზადებულ პროექტებს და კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის კონკურსში დაშვების და კანდიდატის კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიიღება განცხადებების (აპლიკაციების) მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 27🔗.
განცხადებებთან (აპლიკაციებთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსში, ქვეყნდება განცხადებების (აპლიკაციების) მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე, ეცნობება წერილობით შესაბამისი მიზეზების მითითებით.
2. კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ კონკურსში დაშვებაზე, უფლება აქვთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წესით.
3. თუ გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არცერთი განცხადება არ იქნა შემოტანილი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
მუხლი 28🔗.
წერითი დავალება
1. კონკურსის ამ ფორმის გამოყენებისას, კონკურსანტს ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებულ უფლებამოსილების შესრულებიდან გამომდინარე, ეძლევა წერითი დავალება. წერითი დავალების ფორმა გამოიყენება თვითმმართველობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების: გამგებელი, გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ასევე საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა კონკურსის დროს.
2. კონკურსანტებს წერითი ნამუშევრის მოსამზადებლად ეძლევათ კონკრეტული ვადა. დადგენილ ვადაში წერითი დავალების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.
3. კონკურსანტის მიერ ჩაბარებულ ნაშრომს განიხილავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. წერითი დავალების განხილვისას კომისიამ შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები. წერითი დავალების მისი წარდგენისგან (დაცვისგან) დამოუკიდებლად შეფასება არ ხდება.
4. წერითი დავალებების განხილვის შემდეგ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეიძლება დანიშნოს წერითი ნაშრომის წარდგენისა და დაცვის დღე. ამ შემთხვევაში თითოეულ კონკურსანტს ეძლევა არა უმეტეს 30 წუთი მომზადებული ნაშრომის პრეზენტაციისთვის. წერითი ნაშრომის დაცვისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის თანამდებობის პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არ არის კომისიის შემადგენლობაში). პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომისიის წევრებს და კომისიის მიერ მოწვეულ ექსპერტებს ეძლევათ უფლება დაუსვან შეკითხვები და მოითხოვონ კონკურსანტისგან წარმოდგენილი მოსაზრებების დასაბუთება.
5. ნაშრომის პრეზენტაციისა და დაცვის შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
6. თითოეულ კონკურსანტის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობას აჯამებს და ამტკიცებს კომისია. მიღებული შედეგები ქვეყნდება ყველა კონკურსანტის შედეგების დამტკიცებისთანავე.
მუხლი 29🔗.
ტესტირება
1. ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.
2. კონკურსანტის ამოცანაა თითოეული კითხვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.
3. ტესტის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით.
4. პასუხის ფურცელში ტესტის პასუხის გადასწორება, თითოეულ კითხვაზე ერთზე მეტი პასუხის აღნიშვნა და/ან პასუხის არაღნიშვნა ფასდება 0 ქულით.
5. ტესტი დგება საკონკურსო პროგრამის შესაბამისად.
6. ტესტირების გავლისათვის სავალდებულოა კონკურსანტმა სწორი პასუხი გასცეს:
ა) ხელმძღვანელი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსზე – დასმული კითხვების არა ნაკლებ 70%-ს;
ბ) სხვა თანამდებობის დასაკავებელ კონკურსზე – დასმული კითხვების არანაკლებ 60%-ს.
7. კონკურსანტი, რომელიც მიიღებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულზე ნაკლებ ქულას, იხსნება კონკურსიდან.
8. ტესტირების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით”.
მუხლი 30🔗.
გასაუბრება
1. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით. გასაუბრებისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის თანამდებობის პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არ არის კომისიის შემადგენლობაში).
2. გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით”.
3. გასაუბრების შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
თავი IV
დასკვნითი ეტაპი
მუხლი 31🔗.
კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსის შედეგებს აჯამებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად.
2. საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჯამდება კონკურსგავლილი პირების (კონკურსანტები, რომლებმაც შეძლეს კონკურსის ყველა ეტაპის გავლა) მიერ წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრებისას მიღებული ქულები. კონკურსანტთა მიერ ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კონკურსანტს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი. თანაბარი სტაჟის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს განათლების უფრო მაღალი ხარისხი. თუ კანდიდატებს შორის ყველა მონაცემი თანაბარია, გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ კენჭისყრით.
მუხლი 32🔗.
კანდიდატის დასანიშნად წარდგენა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან უარი თქვას კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში ეცნობება თითოეულ კანდიდატს და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს.
3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული კანდიდატი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე, თუ იგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობაზე მის დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
კონკურსის ჩატარების საჯაროობა და შედეგების გასაჩივრების წესი
მუხლი 33🔗.
კონკურსის ჩატარების საჯაროობა
1. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2. საკრებულოს ფრაქციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მასმედიის არა უმეტეს თითო წარმომადგენელს უფლება აქვს დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს წერითი გამოცდის, ტესტირების და გასაუბრების პროცესს.
3. დამკვირვებლის უფლების მიღების მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციები კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე 2 დღით ადრე წერილობით მიმართავენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს და იღებენ დამკვირვებლის სპეციალურ საშვს.
4. დამკვირვებელი ვალდებულია კონკურსის ჩატარების დარბაზში დაიკავოს მხოლოდ მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. დამკვირვებელს უფლება არ აქვს დასვას შეკითხვები, ჩაერიოს კონკურსის პროცესში, რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი პოზიცია და ხელი შეუშალოს კონკურსის მიმდინარეობას. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დამკვირვებელს დაატოვებინოს კონკურსის ჩატარების ადგილი, აუცილებლობის შემთხვევაში კი აგრეთვე გაუუქმოს დამკვირვებლის საშვი და მიმართოს მის წარმდგენ ორგანიზაციას ამ პირის შეცვლის წინადადებით.
მუხლი 34🔗.
საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
1. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ხდება სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე განთავსებით, აგრეთვე ინტერნეტის საშუალებით.
2. თუ კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მხოლოდ ამ დოკუმენტის სათაური, მოკლე აღწერილობა და მითითება, თუ სად შეიძლება დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
მუხლი 35🔗.
კონკურსის მიმდინარეობისას პროცედურულ დარღვევებისა და კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. კონკურსის მიმდინარეობისას დაშვებულ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად.
2. კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება შემცირებულ იქნეს კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ჰქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს კონკურსის შემდგომ ეტაპზე.
3. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.