⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №831
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,320 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2013 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე
სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდება
მუხლი 3
სამოქალაქო პირი
პირი, რომელსაც  არ გააჩნია სპეციალური წოდება და რომლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს სამოქალაქო პირის დანიშვნის შესაძლებლობას
მუხლი 3
სააგენტოს მოსამსახურეები
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები
მუხლი 3
დამხმარე მოსამსახურე
ტექნიკური მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე
მუხლი 3
შტატგარეშე მოსამსახურე
პირი, რომელიც შესაბამისი ბრძანებით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და რომლის ხელფასიც განსაზღვრულია ამ ბრძანებით ან ხელშეკრულებით
მუხლი 3
სააგენტოს თანამშრომელი
სააგენტოს მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე
მუხლი 3
სტაჟირება
ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოში შესაძლო დასაქმების მიზნით სტაჟიორის კვალიფიკაციის ამაღლებას, საქმიანი უნარ-ჩვევების შესწავლას
მუხლი 3
სტაჟიორი
პირი, რომელიც სააგენტოში გადის სტაჟირებას
მუხლი 3
საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიება
სტრუქტურული ერთეულის (ან ერთეულების)  ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზება,  შტატების შემცირებით ან მის გარეშე.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №831 2013 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესი“ თანდართული რედაქციით.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი  საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში  (შემდგომში – სააგენტო) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.    მუხლი 2🔗. სააგენტოს თანამშრომლები  სააგენტოში  მსახურობენ და სააგენტოს თანამშრომლებს წარმოადგენენ: ა)  სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები; ბ) სამოქალაქო პირები; გ) დამხმარე მოსამსახურეები; დ) შტატგარეშე მოსამსახურეები. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება  ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდება; ბ) სამოქალაქო პირი – პირი, რომელსაც  არ გააჩნია სპეციალური წოდება და რომლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა ითვალისწინებს სამოქალაქო პირის დანიშვნის შესაძლებლობას;  გ) სააგენტოს მოსამსახურეები – სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები; დ)  დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე; ე) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც შესაბამისი ბრძანებით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და რომლის ხელფასიც განსაზღვრულია ამ ბრძანებით ან ხელშეკრულებით; ვ) სააგენტოს თანამშრომელი – სააგენტოს მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე; ზ) სტაჟირება – ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოში შესაძლო დასაქმების მიზნით სტაჟიორის კვალიფიკაციის ამაღლებას, საქმიანი უნარ-ჩვევების შესწავლას; თ) სტაჟიორი – პირი, რომელიც სააგენტოში გადის სტაჟირებას; ი) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიება – სტრუქტურული ერთეულის (ან ერთეულების)  ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზება,  შტატების შემცირებით ან მის გარეშე. მუხლი 4🔗. სააგენტოში  სამსახურის გავლის პრინციპები  1. სააგენტოს სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები. 2. სააგენტოს მოსამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). სააგენტოს მოსამსახურეებს ეძლევათ მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ხოლო შტატგარეშე მოსამსახურეთა შემთხვევაში – სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს აქვთ უფლება დადგენილი წესით შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით. 3. სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური და პროფესიული ეთიკის წესების მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობას უწევს და დარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სააგენტოს შესაბამისი სამსახური.   მუხლი 5🔗. სააგენტოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები   სააგენტოში  სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, მინისტრისა და  დირექტორის სამართლებრივი აქტები, ასევე სააგენტოს დებულება,  სააგენტოს შინაგანაწესი, წინამდებარე წესი და სხვა ნორმატიული აქტები.   თავი II სააგენტოს თანამშრომელთა უფლებამოსილებისა და პროფესიული ეთიკის წესები მუხლი 6🔗. სააგენტოს თანამშრომლის უფლებამოსილება   1. სააგენტოს თანამშრომლები მოქმედი კანონმდებლობის, სააგენტოს დებულების და შესაბამისი გავლის წესის შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ  დაკავებული თანამდებობით ან/და ხელშეკრულებით. 2. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სააგენტოს თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სააგენტოს თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. 4. აკრძალულია სააგენტოს თანამშრომლის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. სააგენტოს თანამშრომელს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან დისციპლინური დარღვევისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სააგენტოს თანამშრომლის უფლებები  1. სააგენტოს თანამშრომელი, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით: ა) გაეცნოს ყველა სათანადო დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში; დ) დადგენილი წესით დაწინაურდეს სააგენტოს  შესაბამის თანამდებობაზე; ე) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტოს ხარჯზე გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები; ვ) მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია და სპეციალური დანამატები  დადგენილი წესით; ზ) მოითხოვოს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების ბათილობის მიზნით; თ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება; ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით. 2. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით  საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუკი ეს ხელს არ უშლის მას სამსახურებრივი მოვალეობის დროულ და ჯეროვან შესრულებაში. 3. სააგენტოს თანამშრომელს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო ან/და წოდებრივი სარგო) და ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. მუხლი 8🔗. სააგენტოს თანამშრომლის მოვალეობები  1. სააგენტოს თანამშრომელი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია: ა) დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, ამ წესით, ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სააგენტოს დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მიმართვები, საჩივრები და განცხადებები; დ) დაიცვას სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები, სამსახურებრივ ინფორმაციასთან დამოკიდებულების წესები და თანამდებობრივი ინსტრუქციები; ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესებისათვის. 2. დაუშვებელია სააგენტოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი სარგებლის მისაღებად. სააგენტოს თანამშრომელს არ აქვს სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებული პრივილეგიები და სხვა რაიმე უპირატესობა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. სააგენტოს თანამშრომელი არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს. სააგენტოს თანამშრომელმა არ უნდა გაავრცელოს პოლიტიკურ–პროპაგანდისტული მასალები, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის მიტინგებსა და შეკრებებში. 4. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს თანამშრომელი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე–ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელისშემშლელი გარემოება. 5. სააგენტოს თანამშრომელმა არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სააგენტოს თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ღირსება. 7. სააგენტოს თანამშრომელმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს სამართლიანად, მიუკერძოებლად და უზრუნველყოს ყველა პირის კანონის წინაშე თანასწორობა განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, განათლებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა სახის პირადი მდგომარეობისა. 8. სააგენტოს თანამშრომელი  ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. 9. სააგენტოს თანამშრომელმა ძალა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როცა ამას განსაკუთრებული აუცილებლობა მოითხოვს და იმ ფარგლებში, რაც მოვალეობის შესრულებისთვისაა აუცილებელი. ძალის გამოყენება უნდა იყოს მისაღწევი კანონიერი მიზნის თანაზომიერი. ყველა შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომელი უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი და ზიანი, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, უზრუნველყოს, რომ დაჭრილის შველა და სამედიცინო დახმარება მოხდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე. 10. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომელიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს. 11. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო უფროსს. 12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა სააგენტოს  თანამშრომლის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი. 13. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით სააგენტოს თანამშრომლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომელმა უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში. თანამშრომელზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია. 14. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სააგენტოს თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 9🔗. განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება  1. აკრძალულია განკარგულების (დავალება) ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების (დავალება) გამცემის უფლებამოსილებას; გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია. 2. განკარგულების (დავალება) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს. მუხლი 10🔗. უშუალო ან ზემდგომი უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება   1. უშუალო ან ზემდგომ უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სააგენტოს თანამშრომელი: ა) გადაიყვანოს სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას. ამ შემთხვევაში სააგენტოს თანამშრომელს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან სხვა კომუნალური ხარჯები დადგენილი წესით; ბ) სააგენტოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ დეპარტამენტის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის; გ) დააკისროს სააგენტოს თანამშრომელს არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლებით. ამ შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომელს უნარჩუნდება წინანდელი თანამდებობრივი სარგო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო აღემატება მისას. 2. სააგენტოს თანამშრომელს შეუძლია წერილობით უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს. მუხლი 11🔗. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით   სააგენტოს თანამშრომელს უფლება არ აქვს: ა) ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში; ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს წილსა და აქციებს; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა); ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან სხვაგვარი მომსახურება; ვ) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო  და სარევიზიო ორგანოს წევრი; ზ) სამსახურებრივად დაექვემდებაროს ან დაიქვემდებაროს ახლო ნათესავი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 12🔗. პროფესიული მომზადება  1. სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მათი პროფესიული მომზადება, რომელშიც შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება და სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე მისი პერიოდული შემოწმება. 2. სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების საბრძოლო მომზადების ცენტრში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 3. პროფესიული მომზადების წესს განსაზღვრავს  მინისტრი. თავი III სამსახურში მიღება მუხლი 13🔗. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობაზე  მიღების წესი  1. სააგენტოს  შტატით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობაზე მიიღებიან 21-იდან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით და სააგენტოს დირექტორის წარდგინებით სააგენტოს  შტატით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობაზე  შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი. 3. ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სააგენტოში სამუშაოდ მიღება ხდება იმ უწყებებიდან, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო ან სპეციალური წოდებები. 4. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან და იწყებენ სააგენტოში სამსახურს  სპეციალური წოდების მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, განისაზღვრება ამ მუხლითა და მე-18 მუხლით. 5. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების თანამდებობებზე მიიღებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება ან სრული ზოგადი განათლება. 6. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების თანამდებობებზე ინიშნებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ, როგორც წესი, უმაღლესი განათლება. 7. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც უმცროსი, საშუალო, უფროსი და უმაღლესი წოდების მქონე, ასევე სამოქალაქო პირისა და დამხმარე მოსამსახურის მიღების შესაძლებლობას, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები (განათლების ცენზები) ვრცელდება სამოქალაქო პირზეც. 8. სამსახურში მიღება ფორმდება დირექტორის ან მის მიერ საამისოდ  უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით. მუხლი 14🔗. სამოქალაქო პირის, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების სამსახურში მიღების  წესი  1. სააგენტოში საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან 18-იდან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები. 2. დამხმარე მოსამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და შტატგარეშე თანამშრომლებად მიიღებიან 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები.  მუხლი 15🔗. წვევამდელთა მიღება თანამდებობაზე  1. წვევამდელმა სააგენტოში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. წვევამდელს სააგენტოში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის ან საშუალო სპეციალური წოდება. 3. წვევამდელს სააგენტოში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. 4. წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება შესაბამისი კანონით. მუხლი 16🔗. სააგენტოში დანიშვნის/მიღების გაფორმება  1. სააგენტოში დანიშვნა/მიღება ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან შრომითი ხელშეკრულებით. 2. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს ასეთი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პირის სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ) იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელება, რომელშიც პირი ინიშნება; გ) თანამდებობის დასახელება; დ) დანიშვნის თარიღი; ე) თანამდებობის დაკავების ვადა – თუ პირი თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის მიღებული; ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით არის მიღებული; ზ) საფუძველი. 3. სააგენტოში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე დადგენილი წესით  გაიცემა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფორმა. 4. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა, ვალდებულია დაუბრუნოს სააგენტოს შესაბამის დანაყოფს ის მატერიალური ქონება, რაც მან მიიღო დანიშვნის შედეგად. 5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების (ან შესაძლო გათავისუფლების) ან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, აგრეთვე ამ წესით გათვალისწინებული სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი  სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება იგი.  მუხლი 17🔗. სამსახურის ვადა  1. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სააგენტოში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – ამ სააგენტოს თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით; გ) დამხმარე მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულებით ან დირექტორის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვადით; დ) კანდიდატი გამოსაცდელი ვადით; ე) სტაჟიორი სტაჟირების ვადით; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მუხლი 18🔗. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა   1. მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები, შეუძლიათ იმსახურონ სააგენტოში შემდეგი ასაკის მიღწევამდე: ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი; ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი; გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 60 წელი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 65 წელი. 2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. მუხლი 19🔗. გამოსაცდელი ვადა  1. დირექტორს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, კანდიდატი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით სააგენტოს თანამშრომლის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება კანდიდატის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. 3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა დამატებითი სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და წარდგინების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი წოდების მინიჭების შესახებ. გამოსაცდელი ვადის გამოყენების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი სააგენტოს   თანამშრომლის მიმართ; ბ) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; გ) დროებით არმყოფი სააგენტოს თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის: ა) სამსახურებრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს ან  სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციისას) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება; ბ)   სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. 6. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 7. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით საერთო სტაჟში. მუხლი 20🔗. შეზღუდვები სააგენტოში მიღებისას  1. სააგენტოში არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა; ი) შს ორგანოებიდან ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან დისციპლინური გადაცდომის გამო დათხოვნილი პირი; კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით  პირის მიღება სააგენტოში შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე.  მუხლი 21🔗. სააგენტოს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა  პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და სააგენტოში მოსამსახურედ მიღების შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც იგი იმყოფება სააგენტოს სპეციალურ აღრიცხვაზე.  მუხლი 22🔗. სტაჟირების გავლა სააგენტოში  1. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, დირექტორის სამართლებრივი აქტით სააგენტოში სტაჟირებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს 18-იდან 35 წლამდე, ნასამართლობის არმქონე  საქართველოს მოქალაქე. სტაჟიორის შესარჩევი კრიტერიუმები განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესაბამის პოზიციაზე მოთხოვნის საჭიროებიდან გამომდინარე. სტაჟიორის შესარჩევ კრიტერიუმებს ადგენს დირექტორი. 2. სააგენტოში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის გარეშე, თუ სააგენტოს დირექტორის  მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დირექტორი იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება.  სტაჟირების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლით. 3. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ,  დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ატარებს სტაჟიორთან გასაუბრებას, განიხილავს მის დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მიეკუთვნება მოცემულ სფეროს. 7. სტაჟიორი მოვალეა: ა) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს ხელმძღვანელთან. 5. სტაჟიორის მიმართ ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე იმავე მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 6. სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 7. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) სტაჟირების ვადის გასვლა; ე)სტაჟიორის დანიშვნა სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე; ვ) სტაჟიორის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა; ზ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების გაგრძელებას. 8.  აკრძალულია სტაჟიორის  დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. 9. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  დირექტორი. 10. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დაინიშნა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი დოკუმენტი. თავი IV თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურებრივი გადაადგილება და მივლინება მუხლი 23🔗. თანამდებობრივი გადაადგილება  1. სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილება ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე შესაძლებელია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებით;  ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების განხორციელებისას; გ)  სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციისას; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; ე) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ვ) პირადი პატაკით (განცხადებით); ზ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; თ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა განხორციელდეს სააგენტოს თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 3. სამსახურებრივი გადაადგილება ფორმდება დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. 4. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი თანამშრომელი შემდეგში შეიძლება სამსახურში დაწინაურდეს ატესტაციით ან უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით. 5. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია აღნიშნული პირის უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, ეს პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით ინიშნება სხვა შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი იტყვის უარს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, მაშინ იგი გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. 6. სააგენტოს თანამშრომლების თანამდებობრივი გადაადგილებისა და დაწინაურების დამატებითი მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს დირექტორის მიერ. 7. ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად არა უმეტეს 3 თვისა,  არავაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობის პირის ავადმყოფობა, მივლინება და ა.შ.) – არა უმეტეს  6 თვისა, ხოლო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი პირის მოვალეობის შემსრულებლად თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს დეკრეტული შვებულების ვადისა. მუხლი 24🔗. სააგენტოში თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება  ტერიტორიულად სხვა ადგილზე  1. სააგენტოში თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2. სააგენტოს თანამშრომელს ტერიტორიულად სხვა ადგილზე (ქალაქი, რაიონი ან სხვა დასახლებული პუნქტი) სამსახურებრივი გადაადგილების დროს ეძლევა კომპენსაცია დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 25🔗. სამსახურებრივი მივლინება  1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით. მივლინების ხარჯები ანაზღაურდება დადგენილი წესით. მივლინების ყოფნის პერიოდში სააგენტოს თანამშრომელს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო  ღონისძიების ან  სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციისას. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სააგენტოს თანამშრომელი გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში. 3. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება მივლენილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან  სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში და შეასრულოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის დავალებები. თუ აღნიშნული მივლინება არ ხორციელდება ტერიტორიულად სხვა ადგილას, სააგენტოს თანამშრომელს არ მიეცემა სამივლინებო ხარჯები. 4. საშტატო-საორგანიზაციო საშტატო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ თანამშრომელს უწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში. თავი V სააგენტოს  თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება და მოსამსახურისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მუხლი 26🔗. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება  1. სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სააგენტოს თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:  ა) სააგენტოს თანამშრომლის წერილობითი პატაკის (განცხადების) საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის სააგენტოს დირექტორი; ბ) შვებულების დროს; გ) მის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს; ე) დისციპლინური წარმოებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში; ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება არაფხიზელ მდგომარეობაში და მას სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს მისი უშუალო უფროსი, არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. 4. სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა დროებით შეჩერებულია, საჭიროების შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები, რომ იგი ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური და სხვა სამსახურებრივი საშუალებები. მუხლი 27🔗. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება  1. სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობების დროებითი შეჩერება ამ წესის 26-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სათანადო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერების პერიოდში სააგენტოს თანამშრომელს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 28🔗. თანამდებობიდან დროებით გადაყენება  1. სააგენტოს თანამშრომელი საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან გადაყენებული თანამშრომელი, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მუხლი 29🔗. სააგენტოს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა  1. სააგენტოს მოსამსახურე  დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის  ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში: ა) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელებისას; ბ) სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციისას; გ) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის პირადი პატაკის არსებობის შემთხვევაში (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა), თუ არსებობს  დირექტორის თანხმობა. 2. სააგენტოს მოსამსახურეები კადრების განკარგულებაში შეიძლება აყვანილ იქნeნ არაუმეტეს ოთხი თვის ვადით. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სააგენტოს მოსამსახურეები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დროებით დაეკისროს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულება. 4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სააგენტოს მოსამსახურეს  მიეცემა 2 თვის ხელფასი (ფულადი სარგო). 5. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს დროებითი მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებითი მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო). მუხლი 30🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები   1. სააგენტოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება ნიშნავს შესაბამისი თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას სააგენტოსთან მისი გათავისუფლების დღიდან. 2. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან ან/და თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს: ა) პირადი პატაკით (განცხადება); ბ) სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა პირის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით; გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს; დ) სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს; ე) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ვ) სამსახურის ვადის გასვლის ან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ზ) წელთა ნამსახურობის ვადის გამო; თ) სააგენტოს თანამშრომლის მიერ დისციპლინური ან სისხლის სამართლის სამართალდარღვევის ჩადენის გამო; ი) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შეუთავსებლობის გამო;  კ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ლ) მოქალაქეობის შეცვლის გამო; მ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ნ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; პ) გარდაცვალების გამო; ჟ)  კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. მუხლი 31🔗. სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლება  სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი ან ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც მისი დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია.  მუხლი 32🔗. სააგენტოს  მოსამსახურეთა დათხოვნა შს ორგანოებიდან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ წინამდებარე წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების გამო. მუხლი 33🔗. გათავისუფლება პირადი პატაკით  სააგენტოს თანამშრომელი პირადი პატაკით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი დანიშვნისათვის უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ თანამშრომლის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სააგენტოს ან/და სახელმწიფოს ინტერსებს. გათავისუფლების პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 2 კვირისა, უარის განცხადების დღიდან.   მუხლი 34🔗. სამსახურიდან გათავისუფლება სხვა პირის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით  სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სხვა თანამშრომლის მის თანამდებობაზე აღდგენისას. მუხლი 35🔗. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო   კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება სააგენტოს მოსამსახურის დათხოვნა შს ორგანოებიდან.   მუხლი 36🔗. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო  1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო  დანიშნული. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს. 3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე თანამდებობაზე. მუხლი 37🔗. გათავისუფლება სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.  მუხლი 38🔗. გათავისუფლება წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო  სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო. მუხლი 39🔗. გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის  1. სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის. 2. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. 3. სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად ან/და სისტემატურად არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 4. ამ მუხლის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან.   5. სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ზედიზედ 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით თვითნებურად მიატოვებს ან/და არასაპატიო მიზეზით გააცდენს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების ან/და არასაპატიო მიზეზით გაცდენის მეორე სამუშაო დღიდან. მუხლი 40🔗. გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო  სააგენტოს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. სააგენტოს თანამშრომელი თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან). მუხლი 41🔗. სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო  1. სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო: ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე; ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ) იმ დოკუმენტების არქონისას, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად ან სამსახურში მიღების დროს დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას; დ) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი. 2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დირექტორის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს თანამშრომლის თანხმობით, თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი, შეიძლება დაინიშნოს ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე. მუხლი 42🔗. სამსახურიდან გათავისუფლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო  სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში. მუხლი 43🔗. გათავისუფლება მოქალაქეობის შეცვლის გამო  სააგენტოს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ, თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან მან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. მუხლი 44🔗. გათავისუფლება სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით   1. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს თანამდებობაზე სხვა სამსახურში, უწყებაში ან სამინისტროში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან. მუხლი 45🔗. გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  1. სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც. 3. იმ სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (გათავისუფლების შესახებ აქტი) მითითებული დღიდან.  მუხლი 46🔗. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო  სააგენტოს თანამშრომელს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.  მუხლი 47🔗. გათავისუფლება გარდაცვალების გამო  სააგენტოს ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლისას, ასევე საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების ან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს დამხმარე მოსამსახურეს  და შტატგარეშე მოსამსახურეს მიეცემა ერთი თვის შრომითი ანაზღაურება.  აღნიშნული წესი არ ვრცელდება დისციპლინური წესით გათავისუფლების შემთხვევებზე. მუხლი 48🔗. შრომითი ხელშეკრულების მოშლა  სააგენტოს ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლისას, ასევე საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების ან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს დამხმარე მოსამსახურეს  და შტატგარეშე მოსამსახურეს მიეცემა ერთი თვის შრომითი ანაზღაურება.  აღნიშნული წესი არ ვრცელდება დისციპლინური წესით გათავისუფლების შემთხვევებზე. მუხლი 49🔗. კომპენსაციით უზრუნველყოფა   სააგენტოს მოსამსახურის კომპენსაციით უზრუნველყოფა ხორციელდება  კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს მოსამსახურისათვის კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.  მუხლი 50🔗. შს ორგანოებიდან დათხოვნა სააგენტოს მოსამსახურის სახელის დისკრედიტაციისათვის    სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაიდინეს სააგენტოს მოსამსახურისთვის უღირსი საქციელი, შეიძლება დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან სპეციალური წოდების  დისკრედიტაციისათვის. მუხლი 51🔗. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის დაცვის უფლება   სამსახურიდან გათავისუფლებულ სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.  თავი VI კონკურსი და ატესტაცია მუხლი 52🔗. კონკურსი და ატესტაცია  1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სააგენტოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 2. ატესტაციის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 3. სააგენტოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. თავი VII წოდებების მინიჭება მუხლი 53🔗. სპეციალური წოდებები  სააგენტოში  წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – პოლიციის რიგითი, პოლიციის უმცროსი სერჟანტი, პოლიციის სერჟანტი, პოლიციის უფროსი სერჟანტი, პოლიციის ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, პოლიციის ლეიტენანტი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი,  პოლიციის კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – პოლიციის მაიორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, პოლიციის პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – პოლიციის გენერალ-მაიორი, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. მუხლი 54🔗. წოდების მინიჭება  1. სააგენტოს მოსამსახურეს სპეციალური წოდება (პირველადი, მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება. 2. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია. 3. წოდებების მინიჭება ა) უმცროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს დირექტორი; ბ) პირველად და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; გ) მორიგ უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; დ) უმაღლეს სპეციალურ წოდებას მინისტრის წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სააგენტოს მოსამსახურეს, რომელსაც არ გააჩნია უმაღლესი განათლება, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება. 5. პირველადი უმცროსი სპეციალური  წოდებები მიენიჭებათ პირებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სააგენტოში უმცროსი სპეციალური წოდებით განსაზღვრულ თანამდებობაზე. მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას. უმცროსი სპეციალური წოდების  მინიჭება წარმოებს თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, ბრძანებაში დანიშვნის ტექსტის შემდეგ მიეთითება: პოლიციის ... სპეციალური წოდების მინიჭებით. 6. შს ორგანოების ყოფილი რიგითი თანამშრომელი სააგენტოში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით. 7. სამხედრო ძალების რეზერვის ოფიცრებს სააგენტოში მიღებისას და  კადრებში ჩარიცხვისას ენიჭებათ რეზერვის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.  მუხლი 55🔗. კადრებში ჩარიცხვა  1. შს ორგანოების ყოფილი თანამშრომელი სააგენტოში ხელახლა მიღებისას კადრებში ჩაირიცხება იმ წოდებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე. იმ შემთხვევაში, თუ მან ორგანოებიდან დათხოვნამდე იმსახურა ამ წოდებით დადგენილი ვადა, ამასთან მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას არ აღემატება, მაშინ იგი შეიძლება ჩაირიცხოს კადრებში იმ წოდებაზე ერთი საფეხურით მეტის მინიჭებით, რომელიც ჰქონდა დათხოვნამდე. კადრებში ჩარიცხვა წარმოებს მინისტრის პირველი მოადგილის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით. მუხლი 56🔗. მორიგი წოდება  1. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 2. შს ორგანოებიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სააგენტოში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში. 3. სააგენტოს მოსამსახურის უმცროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სააგენტოს შესაბამისი საკადრო დანაყოფი დამოუკიდებლად ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს. 4. სპეციალური წოდებების მინიჭებამდე სააგენტოს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სააგენტოს უფლებამოსილ დანაყოფში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე (გარდა იმ მოსამსახურეთა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით). 5. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება. მუხლი 57🔗. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად  1. ყოველი სპეციალური წოდებით სააგენტოში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა: ა) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე - 1 წელი; ბ) პოლიციის ლეიტენანტიდან უფროს   ლეიტენანტამდე - 2 წელი; გ) პოლიციის უფროსი ლეიტენანტიდან  კაპიტნამდე - 3 წელი; დ) პოლიციის კაპიტნიდან მაიორამდე - 3 წელი; ე) პოლიციის მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე - 4 წელი; ვ) პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკიდან  პოლკოვნიკამდე - 5 წელი. 2. ომის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში. 3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან. 4. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სააგენტოში სამსახურის ვადა არ წესდება. 5. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სააგენტოს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში. მუხლი 58🔗. წოდებების ვადამდე მინიჭება  განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. მუხლი 59🔗. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურიდან დათხოვნისას  სააგენტოს მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი, სამსახურში ხასიათდებიან დადებითად, ხოლო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა გაუვიდათ, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დროს უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარდგენილ იქნენ მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაკავებული თანამდებობით განსაზღვრულ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალ წოდებაზე, მაგრამ არა უმეტეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა.  მუხლი 60🔗. წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა  1. სააგენტოს მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ. 2. რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება. 3. რეაბილიტირებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება. 4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ  მინისტრს. 5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ), წოდების აღდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში. თავი VIII სააგენტოს თანამშრომელთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 61🔗. სამსახურებრივი დისციპლინა  სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე მინისტრის და დირექტორის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების ჯეროვან შესრულებას.  მუხლი 62🔗. წახალისებისა  და დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი  დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები, წახალისების ფორმები და წესი განისაზღვრება სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებით და სააგენტოს შინაგანაწესით.  მუხლი 63🔗. შეზღუდვები დისციპლინური სახდელის მოქმედებისას  1. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი დაწინაურება, ან მოსამსახურის მორიგ სპეციალურ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება. 2. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინური წესით დასჯის შემთხვევაში უშუალო უფროსმა უნდა აცნობოს შესაბამის საკადრო სამსახურს მოსამსახურისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შესაჩერებლად. მუხლი 64🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფა  ერთიანი საინფორმაციო ბანკის შევსების მიზნით, მონაცემები სააგენტოს თანამშრომელთა წახალისების ან/და დისციპლინური დასჯის შესახებ წარედგინება სამინისტროს საკადრო დანაყოფს. თავი IX სამსახურის გავლის პირობები მუხლი 65🔗. სააგენტოს შინაგანაწესი  სააგენტოს  შინაგანაწესს ადგენს სააგენტოს დირექტორი.  მუხლი 66🔗. შვებულება  1. სააგენტოს თანამშრომელთათვის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. 2. სააგენტოს თანამშრომელს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სააგენტოს თანამშრომელს 5 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით. 4. ყოველწლიური ანაზღაურებადი სრული შვებულება პირს შეიძლება მიეცეს მხოლოდ სამსახურში მიღებიდან 11 თვის შემდეგ,  ხოლო არასრული ანაზღაურებადი შვებულება სამსახურში მიღებიდან 6 თვის შემდეგ თითოეულ თვეზე პროპორციულად 2,5 დღის დაანგარიშებით. 5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია თანამშრომლის გამოძახება შვებულებიდან. გამოძახების შემთხვევაში თანამშრომელს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე ან მომავალ წელს. 7. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა. 8. შვებულების გაფორმება ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 67🔗. მოკლევადიანი შვებულება  გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სააგენტოს თანამშრომელს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება არა უმეტეს 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები მორიგ ყოველწლიურ  შვებულებაში არ შედის.  მუხლი 68🔗. შვებულება ავადმყოფობის გამო  1. სააგენტოს თანამშრომელს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამხედრო-საექიმო დასკვნის საფუძველზე. 2. დაუშვებელია ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, გარდა საშტატო-საორგანიზაციო რეორგანიზაციისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისა. მუხლი 69🔗. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო  1. მომუშავე პირებისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილი ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციისას ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფი პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდი არ შედის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში. მუხლი 70🔗. სოციალური უზრუნველყოფა  სააგენტოს თანამშრომლის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 71🔗. სამსახურში აღდგენისა და წოდების აღდგენის საფუძვლები  1. სააგენტოს თანამშრომლები სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების/დათხოვნის, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. 2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ  ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სამსახურში აღდგენაზე. თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის თანაბარ თანამდებობაზე. 3. აღდგენილ თანამშრომლებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი. მუხლი 72🔗. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს  1. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე. 2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სააგენტო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც: ა) სააგენტოს დირექტორს შეუძლია არ დააკმაყოფილოს თანამშრომლის პატაკი  სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე; ბ) წყდება ყველა სახის შვებულება (გარდა ავადმყოფობის, ორსულობის,  მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა). 3. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დროს სააგენტოს თანამშრომელს მივლინების შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები. მუხლი 73🔗. სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ თანამშრომელთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა   სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ თანამშრომელთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.