ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სადაწნეო გვირაბის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ჰიდროელექტრო-სადგურის ფუნქციონირების შეწყვეტის პერიოდში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №30
2005 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სადაწნეო გვირაბის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ჰიდროელექტრო-სადგურის ფუნქციონირების შეწყვეტის პერიოდში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის დეფიციტისა და ენერგოსისტემისათვის ენგურჰესის მნიშვნელობის გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგა ენგურის ჰიდროკვანძის გადაუდებელი რეაბილიტაციის უპირობო პრიორიტეტი, რაც გამოიწვია ბოლო წლებში ქვეყანაში შექმნილი პირობების გამო ენგურჰესის ექსპლუატაციამ (მიმდინარე და გეგმური რემონტები) ტექნიკური ნორმების მოთხოვნებთან სრული შეუსაბამობით. ყოველივე ეს უარყოფითად აისახა ჰიდროკვანძის მოწყობილობა-ნაგებობების საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, სადაწნეო გვირაბში გათვალისწინებულ სამუშაოთა გრაფიკის მიხედვით მიმდინარე წლის გაზაფხულზე გვირაბის გაჩერება განსაზღვრულია 90 დღით. კერძოდ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გათიშვა იგეგმება 2005 წლის მარტიდან ივნისამდე.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სადაწნეო გვირაბის სარემონტო სამუშაოებისას გასათვალისწინებელია არსებული ენერგორესურსებისა და მოხმარების დაბალანსების სირთულე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად ენერგოსისტემის მდგრად ფუნქციონირებას.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ.გილაური):
ა) სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ენგურჰესის კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში მისი ფუნქციონირების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო განახორციელოს ელექტროტექნიკური სისტემის ორგანიზაციების მუშაობის მჭიდრო კოორდინაცია;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგოსექტორისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები ქვეყნის ელექტრომომარაგებაში გაუთვალისწინებელი შეზღუდვებისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წინაშე დასვას დამატებითი მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყოფის საკითხი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) ენგურჰესის კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში უზრუნველყოს:
ა) ფინანსური რესურსების მობილიზაცია, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნულ ობიექტზე საქართველოს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განაცხადის (წინადადების) შესაბამისად;
ბ) იმპორტირებული დანადგარ-მოწყობილობებისა და მასალების შემოტანისას საბაჟო პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის, უსაფრთხოების დაცვის ორგანიზება.
4. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენგურჰესის კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში ენგურჰესის განაცხადის წარდგენის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების დროებით შეწყვეტის შესახებ.
5. ეთხოვოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების თანახმად ენგურჰესის კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების კორექტირება.
6. ეთხოვოთ ენერგეტიკული სექტორის ობიექტების მესაკუთრეებს:
ა) შეიმუშაონ ღონისძიებათა კომპლექსი ენერგომატარებლების იმპორტის მოცულობისა და ელექტროენერგიის განაწილების თაობაზე და უზრუნველყონ მისი შესრულება;
ბ) ენგურჰესის კომპლექსის რეაბილიტაციის პერიოდში უზრუნველყონ მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოების ელექტროენერგიით შეუფერხებელი მომარაგება.
7. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი