1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
ბ) მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;
გ) მთავრობის თანხმობით იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;
დ) მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;
ე) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;
ზ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს;
თ) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ი) მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ.
5. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018