საქართველოს მთავრობასა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 25.07.2013
ძალაში შესვლა 25.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №175/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს მთავრობასა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგენილია საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის (შემდგომში ერთად „მხარეებად“ წოდებული).
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, მხარეთა სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;
სურვილი აქვთ რა გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის;
აცნობიერებენ რა მხარეთა შორის მსგავსი თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელს;
მიაღწიეს ურთიერთგაგებას შემდეგ საკითხებზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი) მიზნად ისახავს ხანგრძლივი, მაღალი დონის ორმხრივი დიალოგის მექანიზმის ჩამოყალიბებას, მხარეთა შორის დიპლომატიის, ეკონომიკის, კულტურის, საგანმანათლებლო და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით.
მუხლი 2🔗
შეხვედრები/მოქმედების ფარგლები
2.1. მხარეები გამართავენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში.
2.2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს, კერძოდ:
a) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
b) ორმხრივი, რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის საკითხებს;
c) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.
მუხლი 3🔗
შეხვედრების სიხშირე და ადგილი
3.1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში.
3.2. მხარეები, დიპლომატიური არხებით, განსაზღვრავენ შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.
3.3. მხარეებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
მუხლი 4🔗
კონტაქტების განვითარება
4.1. მხარეები, ორი სახელმწიფოს დაახლოების მიზნით, მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.
4.2. მხარეები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და გაძლიერებას; ასევე, ხელს შეუწყობენ ყველა ქვეყანასთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობის სფეროები
5.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ერთმანეთის სახელმწიფოების განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სფეროებში, ასევე იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და კონტრაქტების გაფორმებას.
5.2. ზემოთ მოცემული მე-2 მუხლის პირველ პუნქტში, თანამშრომლობის განხორციელების პროცესში, მხარეებმა უნდა გააფორმონ ოფიციალური შეთანხმებები.
მუხლი 6🔗
დავების გადაწყვეტა
მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 7🔗
ცვლილებები
7.1. ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეიძლება მოხდეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გადახედვა და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
7.2. ნებისმიერი შეტანილი ცვლილება/გადახედვა შემდგომში წარმოადგენს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
ძალაში შესვლა/მოქმედების ვადა/ვადის გასვლა
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის განმავლობაში. ურთიერთგაგების მემორანდუმი, მხარეების ურთიერთშეთანხმებით, განახლდება შემდგომი ხუთ (5)-წლიანი პერიოდით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს.
3. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
მუხლი 9🔗
პასუხისმგებელი ორგანოები
მხარეები თანხმდებიან, რომ მათი შესაბამისი საგარეო საქმეთა სამინისტროები პასუხისმგებელნი იქნებიან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებაზე.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შესრულებულია ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
შესრულებულია 2013 წლის 25 ივლისს, ქ.თბილისში.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დავით ჯალაღანია
თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ვიოლა ონვულირი
თანამდებობა: ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს
I სახელმწიფო მინისტრი