„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 03.06.2013
ძალაში შესვლა 01.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №32-31
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი, როგორც “მხარეები”,
აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის საჭიროებას,
სურთ რა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა,
აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ერის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები წაახალისებენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებელის პრინციპების შესაბამისად, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ამ შეთანხმების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ქართულ და პოლონურ ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებსა და ტურიზმის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
მუხლი 3🔗
მხარეები წაახალისებენ:
1) ინფორმაციისა და სარეკლამო მასალების გაცვლას;
2) ტურისტულ ბაზრობებში, სემინარებში, გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობას, ასევე იმ ტურისტულ ღონისძიებათა განრიგის გაცვლას, რომლებიც ორგანიზებულია მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებზე;
3) სასწავლო ტურების ორგანიზებას ორივე ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაციის, მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის. ტურები გააცნობენ მონაწილეებს ორივე სახელწიფოს ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს;
4) სხვა სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზებას.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
1) ტურიზმის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
2) ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები;
3) ინვესტირების პირობები ტურიზმის სექტორში.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლას, ასევე ტურიზმის სექტორში მომუშავე პერსონალისათვის ტრენინგების ორგანიზებას მხარეთა ინტერესების ფარგლებში.
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სექტორში ინვესტიციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗
თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე მხარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების შექმნას მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას, მიღებულს ტურიზმის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებში ჩართულობით.
მუხლი 9🔗
1. მხარეები შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებების სათანადოდ განხორციელებაზე და ეცდება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი განხორციელებისას.
2. ერთობლივი კომისიის წევრები იქნებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები.
3. ერთობლივი კომისიის შეხვედრები გაიმართება საჭიროებისამებრ, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, საქართველოში და პოლონეთის რესპუბლიკაში.
მუხლი 10🔗
1. ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, იგი ძალაში შევა მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 11🔗
1. წინამდებარე შეთანხმება დადებულია ხუთი წლის ვადით. იგი ავტომატურად განახლდება შემდგომი 5 წლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე წერილობითი შეტყობინებით არ შეწყვეტს მას არა უგვიანეს ექვსი თვით ადრე მოცემული პერიოდის დასრულებამდე.
2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს იმ პროექტებზე, რომლებიც წამოწყებული იყო და განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში და ძალაში დარჩება მათ დასრულებამდე.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2013 წლის 3 ივნისს, ორ დედნად, თითოეული, ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
პოლონეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)