სს „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №828
2013 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
სს „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 33 -ე და 34 -ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1 . საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2013 წლის 31 ოქტომბრის №2 ოქმის საფუძველზე სს „ინვესტბანკში“ დაინიშნოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი.
2. დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 30 დეკემბრამდე.
3. სს „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნოს ორი პირის შემადგენლობით:
ა) ირაკლი კუხიანიძე – დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და სპეციალური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე , დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით;
ბ) კონსტანტინე ერისთავი – საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და სპეციალური ინსპექტირების დეპარტამენტის ფულის გათეთრების ინსპექტირების განყოფილების უფროსი , დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
4. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის მომენტიდან:
ა. შეჩერდეს სს „ინვესტბანკის“ ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) უფლებამოსილება;
ბ. დროებით ადმინისტრატორზე გადავიდეს სს „ინვესტბანკის“ ყველა მმართველი ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების) სრული უფლებამოსილება.
5. ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი მოქმედება სს „ინვესტბანკის“ სახელით და მის ხარჯზე, დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. ამ განკარგულების ძალაში ყოფნის განმავლობაში დროებითი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოხდეს ბანკის კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების გაყინვა.
7. დაევალოს დროებით ადმინისტრაციას განსაზღვროს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სს „ინვესტბანკის“ იმ თანამშრომელთა სია, რომლებისთვისაც მიზანშეწონილია უფლებამოსილების მინიჭება დროებითი ადმინისტრაციის ნორმალური მუშაობისა და მიზნების მისაღწევად.
8. დაევალოთ სს „ინვესტბანკის“ მმართველ ორგანოებს დროებითი ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყონ დროებითი ადმინისტრაციისათვის ბანკის ბეჭდის გადაცემა.
9. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
10. დროებითი ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობით მიმართოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იმის თაობაზე, რომ დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე არ განხორციელდეს ცვლილება კომერციული ბანკის სახელით მოთხოვნებზე როგორც გირავნობის, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების თაობაზე, და ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა-განახლებაზე.
11. დროებითი ადმინისტრაცია ვალდებულია საგადახდო სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სისტემის მონაწილის მიმართ დაწყებულია დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი.
12. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
13. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ოთარ ნადარაია