შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2013
ძალაში შესვლა 16.08.2013
ძალის დაკარგვა 17.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №283
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| N | CPV კოდი (დანაყოფის კოდი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №283
2013 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების
შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადით, დამტკიცდეს თანდართული შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 16 აგვისტოდან. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს ,,საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს ფოსტა“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;
ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
თ) პირობათა გამოკითხვა _ გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს ან მის ქონებას;
კ) პრეტენდენტი - შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ლ) მიმწოდებელი - პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
მ) კომისია - შემსყიდველი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
ნ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
მუხლი 3🔗. შპს ,,საქართველოს ფოსტის“ უფლება-მოვალეობები
1. შპს ,,საქართველოს ფოსტა“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთნ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
ბ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
გ) შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე.
2. დაუშვებელია, რომ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი;
ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის (დანართი) შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა, კონკურსი, კონსოლიდირებული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა;
ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
ზ) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი;
თ) საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველ ორგანიზაციას;
ი) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;
კ) ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის კუთვნილ ავტოფარეხში საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა;
ლ) საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებს გარეთ (ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 3500000 ლარს);
მ) ხორციელდება საფოსტო და ტვირთების მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, სატერმინალო მომსახურება, აეროპორტის მომსახურება, გადამზიდავი ავტომანქანების ქირავნობა);
3. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა შემსყიდველი ორგანიზაცია საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის საშუალებით ,,სახელშწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად.
5. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწოდებელთან.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ერთ პირთან მოპალარაკებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პირობათა გამოკითხვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო პირობათა გამოკითხვა - ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.
მუხლი 7🔗. პირობათა გამოკითხვის კომისია
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს პირობათა გამოკითხვის კომისია (შემდგომში - კომისია), რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება პირობათა გამოკითხვის კომისიის აპარატი (შემდგომში - კომისიის აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის აპარატის ფუნქციებია:
ა) პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციისა და პირობათა გამოკითხვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა;
ბ) წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
3. კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრეტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
მუხლი 9🔗. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაცია
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) და უგზავნის თავის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. კომისიის გადაწყვეტილებით პირობათა გამოკითხვის შესახებ დოკუმენტაცია შეიძლება გამოქვეყნდეს გაზეთში ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, განცხადება უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება;
ბ) პირობათა გამოკითხვის წინადადებების (შემდგომში - წინადადება) მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით;
გ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა. პრეისკურანტის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება და სახელშეკრულებო ღირებულება;
დ) წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ მის გარეშე;
ე) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი;
ვ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრული აღწერა, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები და ესკიზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
თ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). საკვალიფიკაციო მოთხოვნების წარმოდგენის პირობები;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა და ადგილი;
კ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) შეფასების წესი და კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით;
ნ) ხელშეკრულების ის აუცილებელი პირობები, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითება ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
ო) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
პ) პირობათა გამოკითხვის წინადადებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის ფორმა;
ჟ) აფიდავიტი;
რ) ნებისმიერი სხვა შესაბამისი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოსადგენი წინადადებების მიმართ.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას უგზავნის ან აქვეყნებს გაზეთში ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში წინადადებების მიღების ვადის დაწყებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ დოკუმენტაცია, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ დოკუმენტაცია წინადადებების მიღების ვადის დაწყებამდე არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე.
5. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას.
6. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 10🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენის, გახსნისა და ზეპირი ვაჭრობის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა აუცილებელია დახურული კონვერტით. წარმოდგენილი წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს კომისიის აპარატი დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მიღებული წინადადებებისა და ნიმუშების უსაფრთხო შენახვა წინადადებების გახსნამდე.
4. დაგვიანებით შემოსულ წინადადებებს კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირებს. კომისიის აპარატი აფიქსირებს დაგვიანებული წინადადების შემოსვლის თარიღსა და დროს. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი წინადადების წარდგენის უფლება.
5. წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე იმართება კომისიის სხდომა, რომელზეც პრეტენდენტების თანდასწრებით ერთობლივად იხსნება წინადადებები, ცხადდება წინადადებების წარმომდგენი პრეტენდენტების სახელწოდება, ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), წინადადებების ფასი, რაც უნდა აისახოს კომისიის სხდომის ოქმში. წინადადებების გახსნის შემდეგ იმართება ზეპირი ვაჭრობა.
6.ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი, არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
7. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებით წარმოდგენილ ფასებს ან პრეისკურანტის ფასს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
8. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმომდგენი.
9. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში.
10. ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებმაც გახსნამდე წარადგინეს წინადადება დადგენილი წესით. პირველ რაუნდში პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება წარდგენილი წინადადების ფასის მიხედვით, კერძოდ, პირველ რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში – ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში ყველაზე მაღალი წინადადების ფასი დააფიქსირა. წინადადების თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, რაუნდში პირველ შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც ბოლომ დააფიქსირა ასეთი ფასი. ვაჭრობის რაუნდებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის.
11. წინადადების ფასის ყოველი შემდგომი შემცირება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წინა შეთავაზებულ ფასთან მიმართებაში, არანაკლებ ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.
12. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის თითოეული ვაჭრობის მონაწილის საბოლოო დაფიქსირებული ფასი ასახულ უნდა იქნეს კომისიის შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტი.
13. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ კომისიას უფლება აქვს მოსთხოვოს ვაჭრობის ყოველ მონაწილეს შესაბამისად შეცვლილი ფასთა ცხრილის ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რაც განიხილება პრეტენდენტის წინადადების განუყოფელ ნაწილად.
მუხლი 11🔗. წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი
1. ზეპირი ვაჭრობის დასრულების შემდეგ კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი წინადადებები პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში ასახულ პირობებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ის არ დაიშვება შეფასებაზე და ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა ხდება დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად. თუ დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
6. წინადადებების დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კომისია ახდენს წინადადებების შეფასებას, დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
7. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს, როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს.
8. პრეტენდენტების შეფასების მიზანს წარმოადგენს მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
9. წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;
ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის კომისია.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება.კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით.
12. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით.
13. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
14. კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და მონაწილე პრეტენდენტების შესახებ.
15. გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა კომისია აცნობებს შედეგებს პირობათა გამოკითხვაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.
16. თუ დისკვალიფიკაცია განხორციელდება მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისია მოახდენს წინადადებების ხელახალ შეფასებას.
17. თუ შეფასების კრიტერიუმი არის მხოლოდ ფასი და ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება პირობათა გამოკითხვის მოთხოვნებს, ის ავტომატურად ვლინდება გამარჯვებულად. თუ დისკვალიფიკაცია განხორციელდება მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაბალი ფასის წინადადების მქონე მომდევნო პრეტენდენტი ავტომატურად ვლინდება გამარჯვებულად. თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს პირობათა გამოკითხვა.
18. პრეტენდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს პირობათა გამოკითხვის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება გამოიწვევს დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და გაზრდის წინადადების ფასს;
ბ) პირობათა გამოკითხვის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს, ან არ მოახდენს პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;
გ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
დ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ე) წინადადებით წარდგენილი ფასი აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;
ვ) თუ გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას.
მუხლი 13🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება არშემდგარად თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის წინადადება;
2. პირობათა გამოკითხვა ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:
ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში მითითებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას.
მუხლი 14🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტისათვის კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება.
3. ხელშეკრულება იდება დოკუმენტაციით და გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
მუხლი 15🔗. შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. პირობათა გამოკითხვის შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პრეტენდენტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილებას შესყიდვის განხორციელების შეწყვეტის შესახებ იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
მუხლი 16🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას;
ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.
6. ხელშეკრულების დადება წერილობითი ფორმით არ არის სავალდებულო:
ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 2500 ლარს;
ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;
გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას;
დ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვისას;
ე) საქართველოს საზღვრებს გარეთ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას;
ვ) ხორციელდება საფოსტო და ტვირთის მიღებისა და გადაზიდვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება, სატერმინალო მომსახურება, აეროპორტის მომსახურება, გადამზიდავი ავტომანქანების ქირავნობა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ობიექტისა და მიმწოდებლის დასახელებას;
ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;
გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას.
8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 17🔗. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის დაუშვებლობა
1. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
2. შესყიდვის ობიექტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.
მუხლი 18🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
N
CPV კოდი (დანაყოფის კოდი)
სავარაუდო ღირებულება
შენიშვნა