ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კირიბატის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“
მიღების თარიღი 23.09.2013
ძალაში შესვლა 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №177/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2013
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კირიბატის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“
ურთიერთგაგების მემორანდუმი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კირიბატის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კირიბატის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი),
ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით;
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას;
სურვილი აქვთ რა გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის,
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას:
მუხლი 1🔗
1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში.
2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს, კერძოდ:
ა) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს მხარეთა საერთო ინტერესს;
გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.
მუხლი 2🔗
1. შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში.
2. მხარეები წინასწარ განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს.
მუხლი 3🔗
მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით.
მუხლი 4🔗
მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაეროს წესდების შესაბამისად, თავიანთი ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 5🔗
მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 6🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთ (5) წლიანი პერიოდებით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 23 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
მისი აღმატებულება, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
კირიბატის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
მისი აღმატებულება, ბატონი ანოტე ტონგი
კირიბატის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი