სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.11.2013
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.134.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2013 წლის 19 ნოემბერი
დაბა ქედა
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე
დანართი №1
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი
სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესები და სამუშაო რეჟიმის დებულება (შემდგომში – დებულება) ადგენს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის (შემდგომში – ბაგა-ბაღების გაერთიანება) შესასრულებლად სავალდებულო წესებს.
მუხლი 2🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების მიზანი
ბაგა-ბაღების გაერთიანების მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და მათი სკოლისთვის მომზადება რაც ითვალისწინებს ბავშვის ინტელექტუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ხელს უწყობს ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენასა და ესთეტიკური გემოვნების აღზრდას.
მუხლი 3🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანება უფლებამოსილია:
ა)
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ბაგა-ბაღების გაერთიანების საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და განთავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე;
ბ)
შეიმუშავოს ბაგა-ბაღების გაერთიანების სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
გ)
დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთაც;
დ)
განახორციელოს საავტორო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე.
2.
ბაგა-ბაღების გაერთიანება ვალდებულია:
ა)
მისი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა იძლეოდეს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტიას და სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განვითარების საშუალებას;
ბ)
შეიმუშაოს შინაგანაწესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ დებულების ნორმებთან და აწარმოოს კანონით დადგენილი დოკუმენტაცია;
გ)
ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას;
დ)
ყველა ბავშვს შეუქმნას მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისთვის საჭირო პირობები, რაც სწორი პედაგოგიური სტრატეგიით მიიღწევა;
ე)
ეხმარებოდეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, რაც ინდივიდუალური პროგრამებითა და მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, აღმზრდელი, სამედიცინო პერსონალი, სპეციალური განათლების პედაგოგი) ერთობლივი მუშაობით მიიღწევა;
ვ)
ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადო პირობები ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებების მისაღწევად;
ზ)
გააჩნდეს მართვის სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და, ზოგადად, ბაგა-ბაღების გაერთიანების სამუშაო ხარისხის ამაღლებას;
თ)
უზრუნველყოს აღმზრდელისა და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) შეთანხმებული (თანამშრომლობითი) მუშაობა აღსაზრდელის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების მართვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ადმინისტრაცია ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის როგორც ცოდნის, ასევე გამოყენების თვალსაზრისით უნდა ფლობდნენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებებს და განკარგულებებს;
ბ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების შინაგანაწესს, სადაც ასახულია:
ბ.ა)
ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათი ფუნქციები და მართვა;
ბ.ბ)
სტრატეგიული დაგეგმვა;
ბ.გ)
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის და მისი მართვის წესები;
ბ.დ)
საქმისწარმოება;
ბ.ე)
აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები;
ბ.ვ)
ურთიერთობები დაწესებულებასა და მშობლებს შორის;
ბ.ზ)
თანამშრომელთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი, მათი სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან განთავისუფლების წესი;
ბ.თ)
საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხები;
გ)
ფინანსური მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სადაც ასახული იქნება:
გ.ა)
ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტის სტრუქტურა;
გ.ბ)
საბიუჯეტო დაფინანსება;
გ.გ)
არასაბიუჯეტო შემოსავლები;
გ.დ)
მატერიალური სახსრების ხარჯების ეფექტურობა;
გ.ე)
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
გ.ვ)
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
დ)
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
ე)
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ბრძანებებს;
ვ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების თათბირების ოქმებს;
ზ)
პროდუქტების უწყისების და პროდუქტების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნებს;
თ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების ინვენტარის აღრიცხვის წიგნს;
ი)
ბაგა-ბაღების გაერთიანების სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც შემუშავდება ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე დაყრდნობით ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით;
კ)
პერსონალის პირად საქმეებს;
ლ)
აღსაზრდელთა პირად საქმეს;
მ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელების სრულ სიას;
ნ)
ცნობას აღსაზრდელის მიერ ტრავმის/დაზიანების მიღების შესახებ;
ო)
სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტს.
მუხლი 5🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ასაკობრივი ჯგუფები და მათი სპეციფიკა
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შესაძლოა არსებობდეს შემდეგი ჯგუფები:
ა)
ბაგის უმცროსი ჯგუფი: 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ)
ბაღის უმცროსი ჯგუფი: 3-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვები;
გ)
საშუალო ჯგუფი: 4-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები;
დ)
უფროსი ჯგუფი: 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
2.
მშობლის მოთხოვნისა და სპეციალისტთა შეფასების შემთხვევაში ბაგა-ბაღში მიღებას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშები.
3.
ბაგა-ბაღების გაერთიანების თითოეულ ჯგუფში შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ბავშვს, ამასთან ბაგის უმცროს ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ბავშვს.
4.
ბავშვთა მცირე კონტინგენტის შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება.
5.
ბაგა-ბაღების გაერთიანების თითოეულ ჯგუფში აღმზრდელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 აღმზრდელს, რომელთა შორისაც შედის ასევე აღმზრდელის თანაშემწეც.
მუხლი 6🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების საშტატო განრიგი
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანების საშტატო განრიგი განისაზღვრება ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდების შესაბამისად.
2.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული პირის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ საპენსიო ასაკს.
3.
ბაგა-ბაღების გაერთიანების შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საშტატო განრიგი:
ა)
დირექტორი;
ბ)
დირექტორის მოადგილე სამურნეო დარგში (მნე);
გ)
აღმზრდელი;
დ)
აღმზრდელის თანაშემწე;
ე)
ბუღალტერი;
ვ)
დარაჯი;
ზ)
დამლაგებელი;
თ)
მზარეული;
ი)
სპეციალური განათლების მასწავლებელი;
კ)
მუსიკის მასწავლებელი;
ლ)
ლოგოპედი;
მ)
ფსიქოლოგი;
ნ)
სამედიცინო პერსონალი (ექთანი);
ო)
მეთოდისტი;
პ)
საქმის მწარმოებელი;
ჟ)
ცეცხლფარეში ან დამხმარე მუშა;
რ)
მრეცხავი;
ს)
მზარეულის თანაშემწე.
მუხლი 7🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების სამუშაო რეჟიმი
ბაგა-ბაღების გაერთიანების სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვროს 8 საათით: დილის 9.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე (შესვენებისა და ამ პერიოდში აღსაზრდელებზე ზედამხედველობის საკითხი რეგულირდება დაწესებულების შინაგანაწესით), ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა – კვირაში 5 დღით.
მუხლი 8🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთა ჩარიცხვა
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა ჩარიცხვა ხდება ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ბრძანებით.
2.
ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ:
ა)
ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლის შვილებს;
გ)
დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა);
დ)
ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
ე)
ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ, მაგრამ მუშაობენ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე;
ვ)
მრავალშვილიან ოჯახებს.
3.
აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს რამდენიმე თვით ადრე რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, სადაც მითითებული იქნება პირობები და ვადები.
4.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს სასწავლო წლის დასასრულს – მაისის თვიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაგრძელდეს 20 აგვისტომდე.
5.
ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ვალდებულია გააგზავნოს მონაცემები, როგორც ახლად მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
6.
აღსაზრდელის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ)
ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
გ)
ორი ფოტოსურათი (3x4);
დ)
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მიღების თაობაზე;
ე)
სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია ბაგა-ბაღში ჩართვის თაობაზე.
7.
აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი), რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
8.
მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით, რომელზეც ასახულია მშობლის (კანონიერ წარმომადგენელს) ხელმოწერა და თარიღი.
9.
განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა)
ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა;
ბ)
მშობელი რეგისტრაციის გავლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს.
10.
აღსაზრდელი ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელსა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მუხლი 9🔗.
აღსაზრდელის უსაფრთხოება
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ნებისმიერ თანამშრომელს და პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს, არ აქვს უფლება:
ა)
სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი;
ბ)
დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი;
გ)
დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით;
დ)
დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;
ე)
იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით;
ვ)
დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს სხვა ოთახში;
ზ)
დააძალოს დაძინება;
თ)
დააძალოს ჭამა ან დალევა;
ი)
აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით.
2.
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ვალდებულია, დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს ოქმი მოწმესთან ერთად და ამის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს დამატებითი გაფრთხილების გარეშე თანამშრომელის სამსახურიდან გაათავისუფლების საკითხი.
3.
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს:
ა)
პედაგოგიური პერსონალის ყურადღება ბაღის აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროების მიმართ;
ბ)
პედაგოგიური პერსონალის მიერ მზრუნველობის გამოჩენა აღსაზრდელის მიმართ დღის განმავლობაში. გათვალისწინებული უნდა იყოს აღსაზრდელის ასაკი, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები.
4.
აღსაზრდელის მშობელი უფლებამოსილია:
ა)
დაათვალიეროს ბაგა-ბაღების გაერთიანების შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში);
ბ)
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს ან დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში;
გ)
იცოდეს მისი შვილის ჯგუფის დღიური განრიგი და ყოველდღიური სასწავლო პროგრამა;
დ)
გამოთქვას შენიშვნა, საყვედური წერილობითი ფორმით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
დ.ა)
შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
დ.ბ)
სასწავლო პროგრამა;
დ.გ)
სასწავლო პერსონალის კვალიფიკაცია;
დ.დ)
დისციპლინა და ა. შ.
5.
ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც მოვალეობიდან გამომდინარე ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6.
აღსაზრდელის მშობელი არ არის უფლებამოსილი:
ა)
მოითხოვოს მისი შვილის განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;
ბ)
განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა.
7.
მშობელი ვალდებულია:
ა)
დაემორჩილოს ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ დადგენილ წესებს;
ბ)
სრული ინფორმაცია მიაწოდოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ;
გ)
აღსაზრდელი მიიყვანოს ბაგა-ბაღში დროულად, ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შუალედში;
დ)
აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად;
ე)
დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში გაიყვანოს აღსაზრდელი საბავშვო ბაღიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად;
ვ)
ნებისმიერი სახის პრეტენზია ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ფორმით.
8.
დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პედაგოგიურმა პერსონალმა აღსაზრდელის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან წაყვანის უფლება მისცეს მხოლოდ მშობელს ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნულ პიროვნებას. გამონაკლის შემთხვევებში, როცა მშობელი ან სარეგისტრაციო ბარათზე აღნიშნული პიროვნება ვერ ახერხებს ბაგა-ბაღში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დარეკავს და გააფრთხილებს პედაგოგიურ პერსონალს ამ პიროვნების შესახებ. ამ შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია, შეამოწმოს იმ პიროვნების პირადობის მოწმობა და ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი.
მუხლი 10🔗.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში (საბავშვო ბაგა-ბაღის პროგრამული მოთხოვნები)
1.
ქედის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების სტრატეგიის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანების სასწავლო გეგმა დაფუძნებული უნდა იყოს „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებზე“, რაც გულისხმობს ბაგა-ბაღების გაერთიანების განვითარების შემდეგ სფეროებს:
ა)
ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
ბ)
სოციალურ-ემოციური განვითარება;
გ)
მეტყველების განვითარება;
დ)
შემეცნებითი განვითერება და ზოგადი ცოდნა;
ე)
სწავლისადმი მიდგომა.
2.
ბაგა-ბაღების გაერთიანების თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა გუნდური მუშაობის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და საბავშვო ბაგა-ბაღის დირექციასთან შეათანხმოს სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა შეიძლება იყოს 2, 3, 4-კვირიანი, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე.
3.
თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც თითოეული ჯგუფის პედაგოგიურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს გუნდური მუშაობის საფუძველზე და, შესაბამისად, განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები.
მუხლი 11🔗.
ბაგა-ბაღების გაერთიანების სათამაშო, სასწავლო და სამუშაო მასალა
1.
ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ჯგუფი საკმარისი რაოდენობის და სხვადასხვა ნაირსახეობის სათამაშოთი, სამუშაო მასალით, რაც განისაზღვრება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობით, ასაკით და განვითარების დონით.
2.
ჯგუფში არსებულმა სათამაშოებმა და სხვადასხვა სასწავლო მასალამ უნდა უზრუნველყოს:
ა)
შემოქმედებითი და დრამატული (როლური) თამაში;
ბ)
სოციალიზაცია;
გ)
კოგნიტური თამაშები;
დ)
კვლევა-ექსპერიმენტირება ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, კერძოდ კი ისეთ დარგებში, როგორიცაა: მუსიკა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
ე)
აქტიური (მოძრავი) თამაშები;
ვ)
ინდივიდუალური მიზნების (სურვილების) განხორციელების შესაძლებლობა.
3.
ჯგუფის პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია იცოდეს:
ა)
თითოეული სათამაშოს დანიშნულება/ფუნქცია და ის, თუ რის განვითარებას უწყობს ხელს და რამდენად შეეფერება მოცემულ ასაკობრივ ჯგუფს;
ბ)
თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა განლაგებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
გ)
თითოეული სათამაშო, სამუშაო მასალა, უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას, უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, სუფთა, არატოქსიკური და არ უნდა ჰქონდეს ადვილად მოსაძრობი პატარა ნაწილები, რაც ბაგის და უმცროსი ჯგუფების ბავშვების სიცოცხლისათვის საშიში იქნება.