საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №სწავლების წლები
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.037.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| მინისტრი დავით ნარმანია | მინისტრი |
| სწავლების წლები | სასწავლო დაწესებულება |
| უცხოური ენები | საშუალოდ |
| სამუშაოზე მოწყობის თარიღი | სამუშაოდან წასვლის თარიღი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №11/ნ
2013 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’, ,,კ” და ,,შ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გასავლელად განაცხადის (ანკეტა-რეზიუმე) და სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობის ფორმები (დანართი №2 და დანართი №3).
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის №5/ნ ბრძანება (სსმ III, 07.05.2009 წ., №55, მუხ. 630).
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიდავით ნარმანია
დანართი №1
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის (შემდგომში - პრაქტიკა) გავლის წესსა და პირობებს.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მართვაში არსებული, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის საკითხებში, იხელმძღვანელონ ამ წესით.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაწესებულება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება(დაწესებულებები);
ბ) სტაჟირება – დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა;
გ) პრაქტიკა - დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა;
დ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
ე) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას;
ვ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დაწესებულებაში წარდგენილი აქვს განცხადება და თანდართული შესაბამისი დოკუმენტაცია სტაჟირების ან პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 3🔗
კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სტაჟირებისა და პრაქტიკის ინსტიტუტის მეშვეობით, დაწესებულება ქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა რაოდენობას, დაწესებულების საჭიროებათა გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს სტრუქტურული ერთეულის შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
თავი II
სტაჟირების ან პრაქტიკის გასავლელად მიღება
მუხლი 5🔗
1. სტაჟირების გასავლელად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესატყვისი უმაღლესი განათლება, სადაც უნდა გაიაროს სტაჟირება, ან არის საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
2. პრაქტიკის გასავლელად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტი.
მუხლი 6🔗
1. სტაჟიორი/პრაქტიკანტი, როგორც წესი, შეირჩევა კონკურსით.
2. სტაჟირების/პრაქტიკის კონკურსის გარეშე გავლაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კონკურსი ტარდება გასაუბრების, ან ტესტური გამოცდის (შემდგომში - ტესტირება) და შემდგომი გასაუბრების ფორმით.
4. კონკურსის ჩატარებასა და კონკურსის ფორმაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. კონკურსის დროს ტესტირების ფორმის გამოყენების შემთხვევაში ამავე აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ხანგრძლივობა, ტესტების, ტესტებში სავარაუდო პასუხებისა და გამსვლელი ქულის ოდენობები.
5. კონკურსს ატარებს დაწესებულების მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში - კომისია).
მუხლი 7🔗
1. კონკურსის გამოცხადება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო გამოქვეყნების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ჩატარების ფორმას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და ვადის შესახებ;
გ) იმ დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულის დასახელებას (მისაღებ სტაჟიორთა/პრაქტიკანტთა რაოდენობის მითითებით), სადაც განხორციელდება სტაჟირების/პრაქტიკის გავლა;
დ) კონკურსის ჩატარების დროს და ადგილს;
ე) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებისა და დოკუმენტაციის თაობაზე;
ვ) მონაცემებს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ვადის შესახებ;
ზ) კომისიის გადაწყვეტილებით სხვა დამატებით პირობებს.
3. კონკურსის ჩატარების დროს და ადგილს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. კონკურსი ტარდება მისი გამოცხადებიდან არაუადრეს ორი კვირისა.
მუხლი 8🔗
1. კანდიდატი სტაჟირების/პრაქტიკის გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მომხმარებლის დონეზე შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel, Internet Explorer).
2. სტაჟირების/პრაქტიკის კანდიდატმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ანკეტა-რეზიუმე დანართი №2-ით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
გ) დიპლომის ასლი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ ან დამამთავრებლის წინა კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა (პრაქტიკის შემთხვევაში - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
3. სტაჟირების/პრაქტიკის მსურველთა განცხადებების და თანდართული დოკუმენტაციის რეგისტრაციის, დამუშავებისა და კომისიისთვის წარდგენის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისიის სამდივნო.
4. დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის ან დეკანატის რეკომენდაცია.
5. დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს:
ა) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
თავი III
კონკურსის პროცედურა
მუხლი 9🔗
1. კონკურსის წესით სტაჟირების/პრაქტიკის გავლის მსურველთა შერჩევის შემთხვევაში გასაუბრება ან ტესტირება და გასაუბრება კომისიის მიერ ტარდება განსახორციელებელ საქმიანობასთან მიმართებაში კანდიდატის შესაძლებლობების, თეორიული ცოდნის და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასების მიზნით.
2. თუ მიღებულია გადაწყვეტილება კონკურსის დროს ტესტირების ფორმის გამოყენების თაობაზე, ტესტირება ტარდება ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
1. ტესტირების დაწყებამდე კომისიის წარმომადგენელი სავალდებულო ინსტრუქტაჟს უტარებს კანდიდატებს, რომლის დროსაც უხსნის მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკას, პასუხების ფურცლის შევსების წესს და სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ტესტირების გასავლელად. ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ათვლა იწყება ინსტრუქტაჟის დასრულებისთანავე.
2. კანდიდატები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. არავის არა აქვს უფლება დატოვოს დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
3. კომისიის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა. ტესტურ გამოცდაზე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ასევე მობილური ტელეფონის გამოყენება დაუშვებელია. კანდიდატი, რომელიც არ დაიცავს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).
4. ტესტი შეიცავს დადგენილი რაოდენობის სავარაუდო პასუხებს. ტესტის პასუხებიდან სწორია მხოლოდ ერთი.
5. ყოველ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1(ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით.
6. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.
7. ტესტირების დროის ამოწურვამდე კომისიისთვის ტესტის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული).
8. ტესტირების პასუხები მოწმდება კომისიის მიერ.
მუხლი 11🔗
1. გასაუბრებისას კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, კვალიფიკაციასა და თეორიულ ცოდნაზე.
2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც კონკრეტული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
მუხლი 12🔗
1. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.
2. კომისიის წევრები გასაუბრებისას ინდივიდუალურად ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას.
3. კომისიის ყველა წევრი კანდიდატის მომზადების დონეს აფასებს ერთიდან ათ ქულამდე.
4. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად შევსებული კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში.
5. დადებითად ითვლება შეფასება, რომელიც იქნება კომისიის დამსწრე წევრთა რაოდენობის მაქსიმალურ - ათქულიან შეფასებაზე ნამრავლის ნახევარზე მეტი.
6. კომისიის წევრთა მიერ კანდიდატთა ინდივიდუალურად და ჯამურად შეფასების ფორმებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგების შეჯამებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია აცნობებს დაწესებულების ხელმძღვანელს და კანდიდატებს გასაუბრების ან ტესტირებისა და გასაუბრების შედეგებს.
8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან კანდიდატთაგან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.
თავი IV
სტაჟიორად/პრაქტიკანტად დანიშვნა და
სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ვადები
მუხლი 13🔗
1. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (კანდიდატები) დანიშნოს სტაჟიორად/პრაქტიკანტად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
2. სტაჟიორად/პრაქტიკანტად დანიშვნა ფორმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით. ბრძანებაში აღინიშნება სტაჟიორის/პრაქტიკანტის გვარი, სახელი, სტაჟირების ხანგრძლივობა ერთი თვიდან 2 წლამდე ვადით (პრაქტიკის შემთხვევაში - ერთიდან სამ თვემდე ვადით), სტრუქტურული ერთეული, სადაც წარიმართება სტაჟირება/პრაქტიკა, სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი მოხელე.
3. დასაშვებია სტაჟირების/პრაქტიკის ვადის ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ განსაზღვრა, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს (პრაქტიკის შემთხვევაში - 3 თვეს).
მუხლი 14🔗
1. დაწესებულებაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს დაწესებულების სახელმძღვანელო ნორმატიული აქტით ან დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ წარედგინება ინფორმაცია სტაჟირების/პრაქტიკის მიმდინარეობაზე და შედეგებზე.
2. სტაჟიორზე/პრაქტიკანტზე დგება პირადი საქმე, რომლის წარმოებას ახორციელებს დაწესებულების საკადრო დანაყოფი.
3. სტაჟირების/პრაქტიკის დაწყებისას სტაჟიორს/პრაქტიკანტს ხელწერილის დადებით გაეცნობა დაწესებულების დებულება, შინაგანაწესი და წინამდებარე წესი. ხელწერილი დაერთვის სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირად საქმეს.
თავი V
დაწესებულებისა და სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 15🔗
1. პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, დაწესებულება ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს შეუქმნას სათანადო პირობები.
2. დაწესებულება უფლებამოსილია სტაჟიორს/პრაქტიკანტს მოსთხოვოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
მუხლი 16🔗
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს გაეცნოს დაწესებულების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), მონაწილეობა მიიღოს სამსახურებრივ საკითხებზე დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა დახმარება მიღებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი, სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, ასრულებს ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას.
3. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს დაწესებულების დებულებით, შინაგანაწესით და ამ წესით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს მიღებული დავალებები;
გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების/პრაქტიკის ვადა დაწესებულების საქმიანობის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
დ) სტაჟირების/პრაქტიკის პერიოდში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით.
4. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაო და შესრულების კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
5. სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას.
6. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია დაწესებულებაში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს დაწესებულების საშვის გამოყენებით.
7. სტუდენტი სტაჟიორისათვის/პრაქტიკანტისთვის განისაზღვრება დაწესებულებაში გამოცხადებისა და ყოფნის ინდივიდუალური რეჟიმი.
მუხლი 17🔗
სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის/პრაქტიკანტის თანხმობის შემთხვევაში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში.
თავი VI
სტაჟირების/პრაქტიკის დასრულება
მუხლი 18🔗
1. სტაჟირების/პრაქტიკის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სტაჟირების/პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა;
ე) დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;
ვ) სტაჟირების/პრაქტიკის გაგრძელების გამომრიცხავი სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების/პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების/პრაქტიკის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.
მუხლი 19🔗
1. დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების ან პრაქტიკანტისთვის პრაქტიკის გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ.
2. სტაჟირების/პრაქტიკის გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება (საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;
გ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.
მუხლი 20🔗
სტაჟირების/პრაქტიკის შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, დაწესებულება სტაჟიორზე/პრაქტიკანტზე გასცემს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობას №3 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
დანართი №2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
(სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება)
ანკეტა-რეზიუმე
(ფოტოს ადგილი)
ცნობები თქვენს შესახებ:
1. სახელი, გვარი, მამის სახელი _____________________________________________________________
2. დაბადების თარიღი, ადგილი _____________________________________________________________
3. მისამართი ___________________________________________
4. საკონტაქტო ინფორმაცია:
მობილური
_____________________________________________________________
ელექტრონული ფოსტა
_____________________________________________________________
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი
____________________________________________________________
პირადი ნომერი
____________________________________________________________
გაცემის თარიღი
____________________________________________________________
გამცემი ორგანო
მოქმედების ვადა
____________________________________________________________
6. განათლება:
სწავლების წლები
სასწავლო დაწესებულება
ფაკულტეტი
სპეციალობა
აკადემიური ხარისხი
1.
2.
3.
4.
7. უცხოური ენის ცოდნა:
უცხოური ენები
საშუალოდ
კარგად
ძალიან კარგად
8. გავლილი კურსები ან ტრენინგები:
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
9. შრომითი საქმიანობა:
სამუშაოზე მოწყობის თარიღი
სამუშაოდან წასვლის თარიღი
მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება)
დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი
წასვლის მიზეზები
1.
2.
3.
4.
5.
_____________________________________________________________
10. ოჯახური მდგომარეობა:
--------------------------------------------------------------------------------------------------
ოჯახის წევრები
(თქვენი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი , სამუშაო(სწავლების) ადგილი, თანამდებობა)
დედა:
მამა:
და:
ძმა:
მეუღლე:
შვილი:
11. დაწესებულება და მისი სტრუქტურული ერთეული, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა:
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
დანართი № 3
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
(სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება)
სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი
ც ნ ო ბ ა
მიეცა
_მოქალაქე_____(სახელი, გვარი)____________________________________
მასზე, რომ მან 20 წლის „ „ _____ დან 20 წლის „ „ ________ მდე
გაიარა სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა
______________________________________________________
(სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი)
თარიღი „ „ _________ 20 წ.
___________________ _______________________
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა (ბეჭდის ადგილი)
ცნობის გაცემის საფუძველი: ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2013 წლის ’’—’’ ’’------------’’ № – ბრძანება.