საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატში კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.11.2013
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-40/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატში კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-40/ნ
2013 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება“ დანართის შესაბამისად.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) ვრცელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოხელეებზე და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე და განსაზღვრავს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას.
2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობას წარმართავს აღნიშნული დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კონკურსის პრინციპები
ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიქტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიალურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა –კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ უნდა ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და დანიშვნის წესი
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსს ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს თანამშრომელი – კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ) კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში;
დ) უფლებამოსილია კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნას კომისიის სამდივნო;
ე) აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევისას სათათბირო ხმის უფლებით ან ამ უფლების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი;
ვ) უფლებამოსილია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, განსაზღვროს მისი წევრები, სადაც შეიძლება შედიოდნენ კომისიის არაწევრი პირები და/ან სხვა მოწვეული სპეციალისტები;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მუშაობას;
თ) უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 6🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის მდივანი.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 9🔗. კონკურსის ორგანიზება
კონკურსის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო.
თავი II. კონკურსი
მუხლი 10🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 11🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს სამინისტრო.
3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 12🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი შესაძლებელია გაკეთებულ იქნეს მხოლოდ ერთ აქტიურ ვაკანსიაზე. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, განმცხადებელი (კონკურსანტი) კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას და მისი კანდიდატურა არ განიხილება.
მუხლი 13🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
გ) საჭიროების შემთხვევაში ტესტირება.
2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, მინისტრთან შეთანხმებით.
3. აპლიკაციების შეფასებისა და გადარჩევისას, დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილ ქულათა რაოდენობა.
4. იმ შემთხვევაში, თუკი კონკურსანტმა დააგროვა კომისიის მიერ დადგენილ ქულათა რაოდენობა, ტარდება გასაუბრება.
5. იმ შემთხვევაში, თუკი გასაუბრების შედეგად გამოვლინდა რამოდენიმე კვალიფიციური კანდიდატი, ტარდება კონკურსანტთა ტესტირება სპეციალიზირებულ თემაზე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗. კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1. კომისია საკონკურსო ეტაპ(ებ)ის დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს (ელექტრონული შეტყობინების საშუალებით) ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.
6. კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და კომისიის გადაწყვეტილებას.
7. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ხელახალი წარდგენა არაა სავალდებულო იმ კანდიდატთა მიმართ, რომლებიც კონკურსის გამოცხადებამდე იყვნენ სამინისიტროს შესაბამის თანამდებობებზე დანიშნულნი მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული დოკუმენტაცია უკვე აქვთ წარდგენილი.
მუხლი 15🔗. ჩაშლილი კონკურსი
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
თავი III. დავის გადაწყვეტა
მუხლი 16🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტეზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებული დავები განიხილება საპრეტენზიო კომისიის და სასამართლოს მეშვეობით.