საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2013
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №297
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017464
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №297
2013 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.
2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის და საქართველოს მთავრობის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სახაზინო კოდი, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. №20.
მუხლი 2🔗. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები
1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად;
გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა;
დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა;
ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა;
ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა;
გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება;
დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება;
ე) საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და მისგან გამომდინარე მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება;
ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა განხორციელება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა;
ლ) სამხედრო კადრების მომზადება;
მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება;
ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება;
ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხების შესახებ წინადადებათა წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;
პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში დადგენილი წესით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა;
ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ს) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
მუხლი 3🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი არის სამოქალაქო პირი, იგი ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;
დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას, აგრეთვე წინადადებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
თ) ჯარის სახეობის სარდლის არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილია სარდლის მოვალეობანი დააკისროს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს;
ი) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით, კანონის შესაბამისად წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე;
ლ) დადგენილი წესით ანიჭებს საკლასო ჩინებს სახელმწიფო მრჩევლამდე, კანონის შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს საკლასო ჩინის – სახელმწიფო მრჩევლის – მისანიჭებლად;
მ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;
ნ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ო) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისათვის;
პ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური შტაბის დებულებას;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებისა;
რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საშტატო ნუსხის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს;
ს) ადგენს სამინისტროს სამოქალაქო ტექნიკური თანამდებობების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას;
ტ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;
უ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ფ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს მიანიჭოს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ქ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობის დებულებებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას;
ღ) გასცემს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას;
ყ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს, სამინისტროს შინაგანაწესსა და სამინისტროში ქცევის წესებს;
შ) უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის მქონე პირთათვის დახმარების გაცემის, სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები;
ჩ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
4. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
7. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ხელს აწერს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან მისი დავალებით მინისტრის მოადგილეების მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო);
ი) ანალიტიკური დეპარტამენტი;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;
მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი;
ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;
ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო.
2. გენერალურ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა გენერალური შტაბისა, ქმნის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).
4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გენერალური შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს;
ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;
გ) სამინისტროს ადმინისტრაცია, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით:
გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.ა.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და სამინისტროს არქივის მართვა;
გ.ა.ბ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
გ.ბ) პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ.გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.გ.ა) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ.გ.ბ) შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფა;
გ.გ.გ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
გ.დ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი:
გ.დ.ა) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
გ.დ.ბ) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და ვიზირებას;
გ.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას;
გ.დ.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
დ) სამინისტროს ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობას;
ე) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:
ე.ა) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;
ე.ბ) შეიმუშავებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგად მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიან გეგმებს;
ე.გ) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას და შეიმუშავებს პოლიტიკასა და გეგმებს თავდაცვის რეფორმებისათვის;
ე.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;
ე.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდასაჭერად კოორდინაციას უწევს დაგეგმვის, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;
ე.ვ) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის.
ვ.ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში;
ვ.გ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ვ.დ) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ვ.ე) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ვ.ვ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ვ.ზ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ვ.თ) ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;
თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო):
თ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას;
თ.ბ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს მინისტრს ან მინისტრის კურატორ მოადგილეს;
ი) ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:
კ.ა) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას;
კ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს;
კ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას;
ლ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი:
ლ.ა) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ლ.ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ.გ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას;
ლ.დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას;
მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი:
მ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალი) მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას;
მ.ბ) განსაზღვრავს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებს;
მ.გ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს;
მ.დ) ახორციელებს შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოებას, გარდა სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი დოკუმენტაციისა (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);
ნ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი:
ნ.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;
ნ.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;
ნ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;
ნ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;
ნ.ე) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;
ო) რეფორმების კოორდინაციის სამმართველო:
ო.ა) შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით;
ო.ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
ბ) კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
დ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
დ.ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;
დ.ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა”;
დ.გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
დ.დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
დ.ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;
დ.ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი;
ე) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
მუხლი 7🔗. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება ან/და შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.