განჩინება შპს „ნატვრის ხე“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/16537-13
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2013 წლი ს 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს ’’ნატვრის ხე’’
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს ’’ნატვრის ხე’’- ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი ,
გამოარკვია:
2013 წლის 13 ნოემბერს შპს ’’ნატვრის ხე’’-ს წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ’’ნატვრის ხე’’-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს ’’ნატვრის ხე’’-ს უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 681980,53 ლარს. შპს შპს ’’ნატვრის ხე’’-ს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ორგანიზაციას არ ერიცხება დებიტორული დავალიანება. შპს ’’ნატვრის ხე’’-ს ანგარიში არ აქვს გახსნილი არც ერთ ბანკში და საწარმოს თანხა არ ერიცხება სალაროში. ორგანიზაციას არ აქვს რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება. შპს ’’ნატვრის ხე’’გადახდისუუნაროა და არ შესწევს უნარი თავისი ქონებით უზრუნველყოს საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს ’’ნატვრის ხე’’-ს სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს ’’ნატვრის ხე’’-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს ’’ნატვრის ხე’’-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს ’’ნატვრის ხე’’-ს არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ’’ნატვრის ხე’’-ს (ს/კ 200020002) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ’’ნატვრის ხე’’-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი