ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით იმერლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2013 წლის 26 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურს აქვს ბლანკი და მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
4. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №49.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება;
ე) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ზ) ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ი) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის დაცულობის შეფასება;
კ) გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ლ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) გამგეობის სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ნ) გამგეობის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ო) გამგეობის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
პ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ჟ) შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
რ) გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
ს) გამგებელთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა;
ტ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებიდან.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უფლებამოსილია:
ა) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში და ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) განახორციელოს დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;
გ) საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის ან შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები;
ე) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სპეციალისტების მოწვევა შესაბამისი კონსულტაციის და დახმარების მიღების მიზნით;
ვ) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ვალდებულებები
სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს გამგებელს და აუდიტის ობიექტს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს გამგებელთან შეთანხმებით;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
თ) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები საქართველოს კანონმდებლობის, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა რიცხოვნობა და თანამდებობათა დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათს თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.