საქართველოს მთავრობასა და პანამის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, საკონსულო, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 24.09.2013
ძალაში შესვლა 24.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №174/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და პანამის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, საკონსულო, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და პანამის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, საკონსულო, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა და პანამის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოთქვამენ რა სურვილს გაამარტივონ ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლა და ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნის მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ, საკონსულო, სპეციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, თავისუფლდებიან ვიზის მიღების ვალდებულებისგან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, მისი დატოვების და ამ ტერიტორიაზე ყოფნის დროს, იმ პირობით, რომ მათი უწყვეტად ყოფნა აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის დღიდან არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღეს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს იმავე პერიოდით.
მუხლი 2🔗
ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, ოფიციალურ, საკონსულო, სპეციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და წარგზავნილნი არიან სამუშაოდ, როგორც მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური მისიების, საკონსულოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, არ მოეთხოვებათ ვიზების მიღება, მეორე მხარის სახელმწიფოში მათი ყოფნის მანძილზე.
წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე, ვრცელდება, ზემოთ მოხსენიებული პირების კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ, საკონსულო, სპეციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს.
ამ მუხლში მითითებული პირები ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს თითოეული მხარის დიპლომატიური, ოფიციალური, საკონსულო, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებისგან. ამასთან, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე, აღნიშნულ მოქალაქეებს ეკრძალებათ რაიმე ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი სახის დასაქმება, ასევე, პირადი სარგებლის მიღების მიზნით რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობაში ჩართვა.
მუხლი 4🔗
მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობონ ერთმანეთს მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობებში შეტანილი იმ ნებისმიერი ცვლილების თაობაზე, რომელიც შეეხება მათი სახელმწიფოების ტერიტორიებზე უცხოელთა შესვლას, ყოფნას ან ტერიტორიიდან გასვლას.
მუხლი 5🔗
მხარეები ინარჩუნებენ უფლებას, უარი უთხრან შესვლაზე, ან აღკვეთონ მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირთა ყოფნა, რომლებიც გამოცხადებულნი არიან „persona non grata“–ად, ან რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას.
მუხლი 6🔗
თითოეულ მხარეს შეუძლია, ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედება შეუჩეროს წინამდებარე შეთანხმებას. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების დასრულების შესახებ მეორე მხარეს დიპლომატიური არხების საშუალებით უნდა ეცნობოს ორმოცდარვა (48) საათის განმავლობაში.
მუხლი 7🔗
მხარეები გაცვლიან დიპლომატიური, ოფიციალური, საკონსულო, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დროს.
თუ ერთ-ერთი მხარე გასცემს ახალ პასპორტს, ან ცვლილებებს შეიტანს მის მოქმედ პასპორტებში, ის დიპლომატიური არხების საშუალებით აცნობებს მეორე მხარეს ნებისმიერი ასეთი ცვლილებების შესახებ, მათ ძალაში შესვლამდე არა ნაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე და წარმოადგენს ახალი პასპორტების ნიმუშებს.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს მეორე მხარის მოქალაქეების მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის პირობებს.
მუხლი 9🔗
ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს.
თითოეულ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა, არა ნაკლებ სამოცი (60) დღით ადრე მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტობინების მიწოდების გზით.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2013 წლის 24 სექტემბერს, ორ დედნად, თითოუელი ესპანურ, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით პანამის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით.