საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 30.09.2013
ძალაში შესვლა 03.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/9
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,
ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, თავიანთ ხალხს შორის მჭიდრო კავშირების გაფართოებისა და საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ დარგში თანამშრომლობის განვითარების მიზნით,
აღიარებენ რა, იმ სარგებელს, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების შედეგად თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ განათლების სფეროში უმაღლესი თანამდებობის პირების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერთა ვიზიტების გაცვლას და მათ შორის უნდა დაამყარონ თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროში.
მხარეებმა აგრეთვე ხელი უნდა შეუწყონ სამეცნიერო და კულტურულ დარგში დელეგაციების გაცვლას.
მუხლი 2🔗
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ და უნდა დაამყარონ პირდაპირი სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობები საგანმანათლებლო, კულტურულ ინსტიტუტებსა და ასევე, არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის უნდა მოახდინონ პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და მეცნიერთა გაცვლა.
მუხლი 3🔗
მხარეებმა უნდა გაცვალონ გამოცდილება და ცოდნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის, სამეცნიერო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ სფეროში.
მუხლი 4🔗
მხარეებმა, უნდა გაზარდონ ორივე ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის მოქალაქეთა მომზადების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტექნიკურ, სამედიცინო და ტექნოლოგიურ დარგებში.
მუხლი 5🔗
მხარეებმა, ხელი უნდა შეუწყონ ორივე ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, აკადემიურ თანამშრომლობას და გაცვალონ ინფორმაცია სწავლის პერიოდების შემუშავების, საგანმანათლებლო დოკუმენტაციის ტოლფასოვნების ცნობის და დამტკიცებისა და აკადემიური ხარისხების ტოლფასოვნების შესახებ, წინამდებარე ხარისხების ორმხრივი აღიარების მიზნით.
მხარეებმა უნდა გაცვალონ ასევე თავიანთი შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ცნობები.
მუხლი 6🔗
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ლიტერატურის, სახვითი და მუსიკალური ხელოვნების, კინემატოგრაფიის, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, გამომცემლობის, სამუზეუმო საქმიანობის და არქივების, და ასევე კულტურისა და ხელოვნების სხვა სფეროებში შემოქმედებით ჯგუფებს შორის კავშირსა და გაცვლებს.
მხარეებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ თავიანთ ბიბლიოთეკებს შორის პირდაპირი თანამშრომლობა.
მუხლი 7🔗
მხარეებმა, თითოეული ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში, უნდა უზრუნველყონ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კვირებისა და დღეების ორგანიზება. აღნიშნული მოიცავს ლექციებისა და სემინარების ჩატარებას, წიგნის გამოფენებსა და ბაზრობებს და ორივე ქვეყნის მიღწევების სხვადასხვა ფორმით წარმოჩენას.
მუხლი 8🔗
მხარეები თანხმდებიან, ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა კულტურულ და მხატვრულ საქმიანობას და დაეხმარონ ერთმანეთს თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, კერძოდ:
თანამშრობლობის, პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებისას;
ცალკეული ხელოვანებისა და ხელოვანთა ჯგუფების საკონცერტო ტურების, კონცერტების, წარმოდგენების, გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისას;
ფესტივალებზე და მსგავს საერთაშორისო ჩვენებებზე მონაწილეთა მოწვევისას, რომელსაც მასპინძლობს ერთ-ერთი მხარე.
მუხლი 9🔗
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ წიგნების, ბროშურების, პერიოდული გამოცემების, დოკუმენტების, ფილმებისა და სხვა ინფორმაციის წყაროებისა და მასალების გაცვლა, რომელიც უკავშირდება ორივე ქვეყნის განათლებას, მეცნიერულ კვლევებსა და კულტურულ საქმიანობას.
მუხლი 10🔗
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში, სემინარებში, სიმპოზიუმებში, სამეცნიერო და კულტურულ სემინარებში მონაწილეობა და გონივრული ვადით ადრე აცნობონ ერთმანეთს ასეთი ღონისძიებების დაწყების შესახებ.
მუხლი 11🔗
მხარეებმა, თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ხელი უნდა შეუწყონ ხელნაწერების, არქივებისა და ისტორიული დოკუმენტების კითხვასა და გამოყენებას და უნდა ითანამშრომლონ თავიანთ შესაბამის ქვეყნებში არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის დარგში და აღნიშნულ სფეროში გაცვალონ ექსპერტები.
მუხლი 12🔗
თითოეულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარის მიერ წარმოებული გამორჩეული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნასა და გამოცემას.
მუხლი 13🔗
მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, უნგრეთის ტერიტორიაზე ქართული ენის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე უნგრული ენის ასათვისებლად საჭირო მეთოდოლოგიური და პედაგოგიური პროგრამების რეალიზაცია და შესაბამისი საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის თარგმნა და პუბლიკაცია.
მუხლი 14🔗
მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყონ ორი ქვეყნის შესაბამის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებებს შორის სპეციალური შეთანხმებების ხელმოწერას.
მუხლი 15🔗
მხარეები თანხმდებიან, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატარონ კონსულტაციები მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის, რათა ხელი მოაწერონ სამოქმედო პროგრამებს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება წინამდებარე შეთანხმების შესასრულებლად საჭირო კონკრეტული ღონისძიებები და პროექტები და სადაც შესაძლებელია, განისაზღვრება, ფინანსური და სხვა საორგანიზაციო პირობები იმ ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც წარმოდგენილია წინამდებარე შეთანხმებითა და სამოქმედო პროგრამებით.
კონსულტაციის პირობები და უფლებამოსილი წარმომადგენლების სია, მხარეთა მიერ შეთანხმებული უნდა იქნეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 16🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი შეტყობინების მიღებიდან მეთხუთმეტე დღეს, რომლითაც მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ, რომ ყველა მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა, რომელიც საჭირო იყო შეთანხმების ძალაში შესასვლელად, დასრულებულია.
ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს უნგრეთის ეკვროკავშირში წევრობის შედეგად, არ აისახება წინამდებარე შეთანხმებაზე. აღნიშნულის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ის გააუქმებს, შეცვლის ან სხვაგვარად აისახება უნგრეთის იმ ვალდებულებებზე, რომელიც ძირითადად გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებებიდან, რომელიც ეხება ევროკავშირის ფორმირებას, ასევე ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კანონმდებლობიდან.
წინამდებარე შეთანხმება ძალაშია დროის განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს რომელიმე მხარის მიერ წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, შეთანხმება გაუქმდება, აღნიშნული შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, ექვსი თვის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმება შეწყდება, მისი დებულებები, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების დასრულებამდე, განაგრძობენ მოქმედებას.
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოეწერა ქ. თბილისში, 2013 წლის 30 სექტემბერს, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.
შეთანხმების ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
_________________________
მაია ფანჯიკიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი
უნგრეთის
მთავრობის სახელით
__________________________
პიტერ სიიარტო
პრემიერ მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა და ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო მდივანი