„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №251 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №312 |
|
2013 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
1.დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი მუდმივმოქმედი შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - საბჭოს წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი;
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი - საბჭოს მდივანი (ხმის უფლების გარეშე).”.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულების“:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით, ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვის მიზნით, სხვა ცალკეული საკითხების განხილვა.”.
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საბჭოსათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ქონების სააგენტო).”.
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს საკითხები განსახილველად წარედგინება ქონების სააგენტოს მიერ.
3. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა 1/3-ის ან ქონების სააგენტოს ინიციატივით.
4. საბჭოს წევრს (მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს სხვა პირს.
5. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, საბჭოს სხდომამდე საბჭოს წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას.
6. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა საბჭოს მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
9. თავისი ფუნქციების განხორციელებისას საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
10. საბჭოს წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
11. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და საბჭოს მდივანი. საბჭოს დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის საბჭოს სხდომის ოქმს.
12. საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
13. საბჭოს გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) საბჭოს მდივნის მიერ წარედგინება საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს.”.
|