„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №23

2013 წლის  5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ვტონომიური ესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებით („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“ №6, 15.04.2013წ., მუხლი 16) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, კალოუბნის ქ. №16“.

2.  დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორცილება და საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

ბ.ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის მიმართული საქმიანობის წარმართვა;

ბ.ბ) სამინისტროს მმართველობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებით, მედიკამენტებით, ინვენტარით და სხვა საშუალებებით მომარაგების ხელშეწყობა;

ბ.გ)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ობიექტებისა და სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური კონცეფციის შემუშავება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრით, აფხაზეთში დაბრუნების შემდგომი გარდამავალი (ბუფერული) ეტაპისათვის, შესაბამის პროგრამათა (მ.შ. გრძელვადიანი, პერსპექტიულ-პროგნოზული) შედგენით;

ბ.დ) დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში პრიორიტეტულ ღონისძიებათა გატარება;

ბ.ე)  ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ.ვ)  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;

ბ.ზ) დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო (ცენტრალური) და სხვა ჯანდაცვითი პროგრამების კოორდინირებაში მონაწილეობა;

ბ.თ) დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.ი) მოქმედ სამედიცინო ქსელში დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკის მეცნიერულად დასაბუთებული, თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

ბ.კ) დევნილი სპეციალისტების სამეცნიერო საქმიანობის, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა; კადრების კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და დახელოვნებისათვის მიმართულ ღონისძიებათა გატარება;

ბ.ლ) დაქვემდებარებულ სამსახურებსა და დაწესებულებებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის, მათგან ანგარიშების მიღებისა და ანალიზის უზრუნველყოფა;

გ) სოციალური დაცვის სფეროში:

გ.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგი, ანალიზი, შეფასება და სოციალური პროფილის  პროგრამების შედგენაში მონაწილეობა;

გ.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სოციალურ გარანტიებზე;

გ.გ) აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის პირების სოციალური რეაბილიტაციის და სოციალურ-ფსიქოლოგიური ადაპტაციის, სამედიცინო ინტეგრაციის პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა; პროგრამების შემუშავება გრანტების მოსაპოვებლად;

გ.დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა სოციალური დაცვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემდგომი გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება.

2. დასახული ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსახილველად შემუშავებული და არსებული წესით შეთანხმებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, განკარგულებების, ბრძანებების და სხვა პროექტების წარდგენას;

ბ) აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა კომპლექსის (პროგრამის) შემუშავებასა და დადგენილი წესით ზემდგომ ინსტანციებში წარდგენას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და უწყებებისაგან, კანონით გათვალისწინებული წესით, სათანადო ინფორმაციის გამოთხოვას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დამრღვევ  თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელთა წინაშე;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების გაწევის ორგანიზებას;

ვ) დაინტერესებულ სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად დევნილი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ურთიერთობის დამყარებას და ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორც ქვეყნის, ისე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

თ) კანონმდებლობის საფუძველზე სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა სამმართველო;

გ) პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი:

გ.ა) ზემო აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებები;

გ.ბ) გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები.

დ) შიდა აუდიტის სამსახური’’.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი.“.

5. დებულების მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მისი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაცია და კოორდინაცია;

გ) მრავალპროფილიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასვლითი აქციების ჩატარება;

დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის სოციალურად საშიში ინფექციების გავრცელების, მწვავე ინფექციების აფეთქების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; შესაბამისი ინსტანციების ინფორმირება აღნიშნულზე;

ე) დევნილ პაციენტთა სტაციონარული სამედიცინო დახმარების, მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზებული გამოკვლევების ხელშეწყობა;

ვ) სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშებისთვის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გადაცემა;

თ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხთა დარეგულირებაში მონაწილეობა;

ი) სამხედრო ძალების ვეტერანთა და მოწყვლადი კატეგორიების პირთათვის სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

კ) ჯანდაცვითი და სოციალური პროფილის პროგრამების, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, პროექტების შემუშავება;

ლ) დეპარტამენტის საქმიანობის  შედეგების ანალიზი და ინფორმაციის წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;

მ) სამინისტროს ღონისძიებებში მონაწილეობა;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

6. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა სამმართველო:

ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციული, მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წესით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების ხაზით მიღებული ტვირთის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება, არქივის წარმოება;

ვ) სამინისტროსა და მისი სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხების წარმართვა;

ზ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

თ) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობა;

ი) მინისტრის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ლ) მინისტრის მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობა;

ნ) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

7. დებულების  მე-10  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტი

პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანდაცვითი და სოციალური პროფილის პროგრამების პროექტების შემუშავება, მართვა, მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგი;

ბ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა;

გ) ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების სახელმწიფო პროგრამებთან ურთიერთშეთავსებადობის უზრუნველყოფა დუბლირებების თავიდან ასაცილებლად და კოორდინაცია;

დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ გარანტიებზე;

ე) მოქმედი პროგრამების საკითხებზე შესაბამის ორგანოებში  სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ნებართვებისთვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო სამსახურებისა და სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებისგან შემოსული მომართვების, წერილებისა და საჩივარ-განცხადებების შესწავლა-განხილვა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

8. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები - „ზემო აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებები“ და „გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებები“, მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრამდე, გათვალისწინებულ იქნეს პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებად.“.

მუხლი 2.  დადგენილება ძალაშია 2013 წლის 11 დეკემბრიდან.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                         ვ. ყოლბაია