საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

                                                                                                                    

                                                                                                                                        9 დეკემბერი, 2013 წ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა ის განცხადება, რომელიც მოიპოვება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სრულად აცნობიერებს საზოგადოების წინაშე საკუთარ ანგარიშვალდებულებას. ის მოქმედებს კანონისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით და ცდილობს, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და  გაცემის წინა წლებში არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, უწყება საჭიროდ თვლის, დახვეწოს  ის სტანდარტები, რომლებიც გააუმჯობესებენ სამინისტროს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის დროულად, კანონით დადგენილ ვადებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში გაცემას. რაც ასევე, გაზრდის სამინისტროს საქმიანობისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამჭვირვალობას.

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობრივი აღწერა

 

2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში სულ 85 განცხადება შემოვიდა.

 

უწყებამ ყველა მათგანზე მოახდინა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით აცნობა.

 

85 განცხადებიდან:

 

  75 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა

 

  1 განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამინისტრომ მოქალაქეს სთხოვა მოთხოვნის პირველი პუნქტის დაზუსტება. გამომთხოვნს რეაგირება აღარ მოუხდენია.

 

  3 განცხადება მიმდინარეა

 

  4  განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით  დადგენილ ვადებში და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების მიხედვით, ეს განხადებები გადაიგზავნა შესაბამის დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში.  ამის შესახებ კი განმცხადებლებს წერილობით ეცნობათ.

 

  1 განცხადებაზე სამინისტრომ მოქალაქეს სთხოვა მოთხოვნის დაზუსტება. გამომთხოვნს რეაგირება აღარ მოუხდენია.

 

  1 განცხადებაზე სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება

 

 

 

დიაგრამა №1                                                                                                              

 

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასა და უარის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის თაობაზე

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი.

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში გადამისამართებული მოთხოვნების შესახებ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საჯარო სამართლის პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში:  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში,   ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სამინისტროში შემოსული განცხადებებიდან, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში სულ 33 განცხადება გადამისამართდა. აღსანიშნავია, რომ 33-დან 10 განცხადება უფლებამოსილების მიხედვით გადაიგზავნა დამოუკიდებელ საჯარო უწყებებში, სამინისტროებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ამის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე თავის მე-80 მუხლის საფუძველზე, წერილობითი ფორმით და კანონით განსაზღვრულ ვადებში  განმცხადებლებსაც ეცნობათ.

 

სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში გადამისამართებული 23 განცხადებიდან სზაკი-თ გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაზე გადაცილებით აღნიშნულმა უწყებებმა ინფორმაცია გასცეს 2 განცხადებაზე. 1 განცხადება მიმდინარეა. დანარჩენ მოთხოვნებზე კი კანონით განსაზღვრულ ვადებში ან დაუყოვნებლივ.

 

10 განცხადება, რომლებიც სამინისტროს აპარატში შემოვიდა, უფლებამოსილების მიხედვით, სზაკ-ის მე-80 მუხლის საფუძველზე გადამისამართდა ქვემოთ ჩამოთვლილ დამოუკიდებელ საჯარო დაწესებულებებში:

 

  1 განცხადება -  ლაგოდეხის, გურჯაანის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში

 

  1   განცხადება - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

 

  1   განცხადება - ყველა თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალიტეტში

 

  1  განცხადება - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 

  1   განცხადება - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში

 

  2   განცხადება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 

  1   განცხადება - ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობში

 

  განცხადება - მუნიციპალიტეტების გამგეობებში

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით  განსაზღვრული ვადების  შესახებ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა სურათი, სადაც გამოჩნდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა უმეტესწილად დაცულია.

 

მაგალითად:

 

  10 მოთხოვნაზე პასუხი გაიცა დაუყოვნებლივ

  68 მოთხოვნაზე - 10 დღის განმავლობაში

  მოთხოვნაზე - 10 დღის გადაჭარბებით

 

 

დიაგრამა №2

 

 

 

 

 

სზაკ - ით განსაზღვრული  10 - დღიანი ვადის გადაცილების შესახებ

 

 

შემოსული 85 განცხადებიდან 10-დღიან ვადაზე გადაჭარბებით ინფორმაცია გაიცა 7 მოთხოვნაზე. ამათგან 5 ვადაგადაცილებით გასცა სამინისტროს აპარატმა, ხოლო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა 2 განცხადება.

 

საჯარო იფნორმაციის გაცემისას კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გადაცილების აღმოსაფხვრელად სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს.

 

 

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის  შესახებ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს აპარატს 12 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის არცერთ მოთხოვნაზე უარი არ გაუცია. უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.

 

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.

 

12 თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით, ჯამში შეადგინა 70.10 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის და „საჯარო ინფორმაციის ასლის  გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლითაც საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, 2013 წლის 2 დეკემბერს გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება „მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის  განსაზღვრის შესახებ“.

 

ბ რ ძანებით განისაზღვრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა:

 

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - 500 ფურცლამდე.

ბ) ლაზერულ  პრინტერზე ამობეჭდილი ასლი - 1000 ფურცლამდე.

 

 

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.

 

 

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ - ის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.

 

 

 

საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ფუნქციონირებს ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია. სამინისტროს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა.

თუმცა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  განახლებულ ვებგვერდზე, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში გახდება ინტერნეტმომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, განთავსდება უწყებაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების ელექტრონული რეესტრი. 

 

 

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის შესახებ

 

2013 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ №219 დადგენილება.

 

დადგენილების თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში, პროაქტიულად აახლებს საჯარო ინფორმაციის იმ  ბაზას, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და ხელმისაწვდომია უწყების ვებგვერდზე. 

 

ვებგვერდის განახლებასთან ერთად, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, სამინისტრო გეგმავს დანერგოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის ახალი სტანდარტი, რაც გულისხმობს ვებგვერდიდან ელექტრონულად გამოთხოვილი განცხადების შექმნისთანავე, ავტორისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების ავტომატურ გაგზავნას.

 

2013 წლის 27 ნოემბერს  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  36-ე და 61-ე მუხლებისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, გამოიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს.

 

ამასთან, 2013 წლის 1 სექტემბრიდან, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლით დადგენილი ვალდებულების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უწყების პრესსამსახურის ელექტრონულ მისამართზე ელექტრონული ფორმით გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების შესაბამისად გასცემს.