მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება ძალადაკარგული დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 24.12.2013
ძალის დაკარგვა 07.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე | სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 06.08.2019
დოკუმენტის ტექსტი
მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№05
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე
,,დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 და 21-ე მუხლებისა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე: ვბრძანებ:
1.
დაწესდეს მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში (რომელსაც მიეკუთვნება საბაჟო ვალდებულებების შესრულების გარანტიები, ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისები, საბანკო გარანტიები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გარანტიები და სხვა ნებისმიერი სახის გარანტია) აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის შემდეგი ზღვრული თანაფარდობა:
ა) საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი მომენტისათვის, ერთ დამზღვევზე და/ან ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა ჯგუფზე ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში გაცემული პოლისებით/გარანტიებით აღებული ნეტო ვალდებულება არ უნდა აღემატებოდეს მზღვევლის წინა საანგარიშო თარიღისათვის არსებულ საკუთარ კაპიტალს 15 %–ს;
ბ) საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი მომენტისათვის, მზღვევლის მიერ ამ სახეობაში საკუთარ თავზე აღებული ჯამური ნეტო ვალდებულება არ უნდა აღემატებოდეს წინა საანგარიშო თარიღისათვის არსებული საკუთარი კაპიტალის ათმაგ ოდენობას.
2.
ამ ბრძანების მიზნებისათვის, ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა/დაზღვეულთა ჯგუფი წარმოადგენს მზღვევლის ორ ან მეტ დამზღვევს/დაზღვეულს, რომელთა შორის არსებობს შემდეგი სახის ურთიერთობები:
ა) დამზღვევი/დაზღვეული მზღვევლისათვის წარმოადგენს ერთ რისკს, ვინაიდან, ერთ – ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე: და/ან
ბ) დამზღვევები/დაზღვეულები მზღვეველისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან, ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ–ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე.
3.
ამ ბრძანების მიზნებისთვის, მზღვევლის მიერ საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე გაცემული პოლისი/გარანტია, რომელიც ძალაში შედის საანგარიშო პერიოდის შემდგომ პერიოდში, ჩაითვლება ძალაში შესულად, მისი გაფორმება/ გაცემის თარიღიდან.
4.
ამ ბრძანების მიზნებისათვის, მზღვევლის სადაზღვევო ვალდებულებების ნეტო ოდენობა მოიცავს ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობის ქვეშ აღებულ სადაზღვევო თანხას /ანაზღაურების ლიმიტს, რომელიც მცირდება შესაბამისი გადამზღვევი კომპანიის/ების მიერ აღებული ვალდებულებებით. ამასთან, გადამზღვევი კომპანია უნდა იყოს დარეგისტრირებული (ეგთო)–ს და/ან განვითარებულ ქვეყნებში, მას უნდა გააჩნდეს ერთ–ერთი ქვემო აღნიშნული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და რომელიმე მათგანის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი, არანაკლებ: Standard & poor’s : BB+, AM Best: B, Moody’s: Bal, ან Fitch BB+. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამზღვევლის მიერ აღებული შესაბამისი ვალდებულება არ გამოიყენება ამ პუნქტში აღნიშნული ნეტო ვალდებულების გაანგარიშებაში.
5.
მზღვევლის საკუთარი კაპიტალის დათვლის დროს გამოიყენება ,,მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმების და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე,, 2013 წლის 24 დეკემბრის #01 ბრძანების პრინციპები და განმარტებები. ამასთან დათვლის დროს არ გამოიყენება შვილობილ და მეკავშირე კომპანიებში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა და მზღვევლის განცხადებული კაპიტალის ოდენობა, რომელიც არ არის შევსებული დამფუძნებლების /აქციონერების მიერ.
6.
ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დადებული იმ გარიგებებისათვის, სადაც ბენეფიციარს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და/ან საწარმო, სადაც სახელმწიფო წილი 50%-ზე მეტია, გარდა ზემოაღნიშნული შეზღუდვებისა, დაწესდეს დამატებითი შეზღუდვა, კერძოდ, მზღვევლის მიერ აღებული ნეტო ვალდებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს თითოეულ გარანტიაზე.
7.
მზღვეველს, რომელიც წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის და შემდგომში – საქმიანობის ნებისმიერი მომენტისთვის ვერ უზრუნველყოფს მასში მითითებული შეზღუდვების დაცვას, ეკრძალება ამ სახეობაში ახალი ვალდებულებების აღება ზემოაღნიშნული გარემოების აღმოფხვრამდე. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის იმ პოლისებზე/გარანტიებზე, რომლებიც 100 % –ით იქნება გადაზღვეული ამ განკარგულების მე–3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შესაბამის გადამზღვეველთან.
8.
მზღვეველს ეკრძალება დივიდენდების გაცხადება და გაცხადებული დივიდენდების გაცემა, ასევე, კაპიტალის /სააქციო კაპიტალის შემცირება, წინამდებარე განკარგულებით დაწესებული ზღვრული თანაფარდობის დარღვევის პირობებში ან თუ ამგვარი ქმედება იწვევს ზღვრული თანაფარდობის დარღვევას.
9.
მზღვეველის მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
10.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე