საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
2013 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნები (ფოსტით და ელექტრონულად მეილზე) ძირითადად შეეხებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებთან (,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, ,,რთველი 2013“ და ა.შ) დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, ასევე სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობებზე ოფიციალურად გამოცხადებულ კონკურსის დეტალებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს (სტატისტიკური მონაცემები, ტექნიკური საკითხები) და ა.შ.
2013 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 85 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა 77 მოთხოვნას; 4 განცხადება არ დაკმაყოფილდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე. 4 განცხადებაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, არც დავა არ მიმდინარეობს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოებში. ამდენად, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდის ვალდებულება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონია. ასევე არ დაფიქსირებულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფლობს საინფორმაციო ბაზას სამინისტროს კორესპონდენციის შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივის - „ღია მმართველობის" ფარგლებში, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთხჯერ გამართა პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად განიხილა და საჯარო გახადა სამინისტროს საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ რეაგირების გარეშე არ რჩება არცერთი შემოსული განცხადება/წერილი. ყველა კითხვაზე გაცემულია სათანადო პასუხი (სატელეფონო, ელექტრონული, ფოსტით, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და ა.შ).
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოქმედი ოფიციალური ვებგვერდი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და იგი ვერ ფუნქციონირებს სრულყოფილად (სრულად ვერ ხერხდება საჯარო ინფორმაციის განთავსება). სწორედ ამიტომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვებგვერდზე, სადაც უახლოეს მომავალში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიურად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად გამოქვეყნდება.