საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №345
სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.017512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2013
matsne.gov.ge 612 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენ"

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №345 2013 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საზ­ღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) (შემდგომში – სანაპირო დაცვის ხომალდი) მიერ მშვიდობიანობის პერიოდში იარაღის გამოყენების წესს სამართალდამრღვევი იმ მცურავი საშუალებების (შემდგომში – დამრღვევი გემი) წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა ან საერთაშორისო სამართლის ნორმები. 2. სანაპირო დაცვის ხომალდი იარაღს იყენებს დამრღვევი გემის წინააღმდეგ მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დამრღვევი გემის ცხელ კვალზე დევნისას, როდესაც სამართალდარღვევის აღკვეთისა და დამრღვევი გე­მის დაკავების ყველა სხვა ზომა ამოწურულია. მუხლი 2🔗 1. იარაღის გამოყენების წინ სანაპირო დაცვის ხომალდის მეთაური ვალდებულია: ა) მისცეს დამრღვევ გემს საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი სიგნალი გასაჩერებლად იმ მანძილიდან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ მცურავ საშუალებას, დაინახოს ან გაიგოს ეს სიგნალი; ბ) დევნის პროცესში საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სიგნალის მიცემის გზით გააფრთხილოს დამრღვევი გემი, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღი; გ) გამაფრთხილებელი გასროლა შეასრულოს ისე, რომ გამოირიცხოს როგორც დამრღვევი გემის, ასევე ამ რაიონში მყოფი სხვა მცურავი და საფრენი აპარატების დაზიანება; დ) გამაფრთხილებელი გასროლის და არსებული ვითარების შესა­ხებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო უფროსს ან ოპერაციის მართვის საკომანდო პუნქტს (ცენტრი). 2. თუ გამოყენებული სიგნალებისა და გამაფრთხილებელი გას­როლის მიუხედავად, კანონდამრღვევი გემი არ ემორჩილება ბრძანებას „გაჩერდი“ და ცდილობს მიმალვას, სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მეთაური დამრღვევი გემის სვლის შესაჩერებლად ახორციელებს გასროლას დაზიანების მიზნით. 3. დამრღვევი გემის დაზიანების და შესაბამისად მისი შეჩერების მიზნით გასროლა უნდა განხორციელდეს გემის კორპუსის იმ ნაწილში, რომელშიც ნაკლებია ადამიანთა დაზიანებისა და დაღუპვის ალბათობა. 4. დამრღვევი გემის წინააღმდეგ, როგორც გამაფრთხილებელი, ასევე დაზიანების მიზნით შესრულებული გასროლა ხორციელდება სანაპირო დაცვის ხომალდებზე არსებული სტაციონარული (საბორტე) ქვემეხიდან ან ტყვიამფრქვევიდან, რომლის დასამონტაჟებლად არსებობს შესაბამისი მოწყობილობა და განსაზღვრული ადგილი. 5. დამაზიანებელი გასროლის წინ დამრღვევი გემის კაპიტანს კავშირგაბმულობის საშუალებით უნდა ეცნობოს, გემის რომელ ნაწილში (ნაკვეთური) განხორციელდება დამაზიანებელი გასროლა და მიეცეს რეალური დრო ეკიპაჟის წევრების მითითებული გემის ნაწილიდან (ნაკვეთური) გასაყვანად. მუხლი 3🔗. დამრღვევი გემის დაზიანების მიზნით იარაღის გამო­ყენების შესა­ხებ ნებართვას სანაპირო დაცვის ხომალდის მეთაური იღებს სასაზღვრო პოლი­ციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს უფროსისაგან, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ოპერაციების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილისაგან. მუხლი 4🔗. დევნის პროცესში, როდესაც დამრღვევი გემი თავისი მოქმე­დებით (სახიფათო მანევრები, გემიდან ცეცხლსასროლი ან ავტომატური იარაღის გამოყენება) საფრთხეს უქმნის სანაპირო დაცვის ხომალდს ან მისი ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს, სანაპირო დაცვის ხომალდის მეთაური უფლებამოსილია დაუყოვნებლივ გამოიყენოს იარაღი. მუხლი 5🔗. იარაღის გამოყენება აკრძალულია: ა) დამრღვევი გემის მიმართ, თუ გარანტირებული არ არის მოცემულ რაიონში მყოფი სხვა გემებისა და საფრენი აპარატების უსაფრთხოება (გარდა აღნიშნული წესის მე-4 მუხლში ასახული გარემოებებისა); ბ) იმ სამგზავრო დანიშნულების მცურავი საშუალების მიმართ, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს საშიში (ადვილადაალებადი, ფეთქებადი, რადიაციული, ქიმიური და სხვ.) ტვირთი; გ) თევზსაჭერი, აგრეთვე იმ სხვა სარეწი გემების, რომლებიც აწარმოებენ რეწვას (ზღვაში ჩაშვებული აქვთ თევზსაჭერი მოწყობილობა), და სხვა მცურავი საშუალებების მიმართ, რომლებიც სანაპირო დაცვის ხომალდს არ უწევენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას და არ ცდილობენ მიმალვას. მუხლი 6🔗. სანაპირო დაცვის ხომალდის მიერ დამრღვევი გემის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშუალო უფროსს, საქართველოს პროკურატურას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო უცხო ქვეყნის სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.