საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.12.2013
ძალის დაკარგვა 19.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №206/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016726
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კოლეჯ „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.06.2019
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№206/ნ
2013 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დაფუძნდეს საზოგადოებრივი კოლეჯი „თბილისის ხელოვნების კოლეჯი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „თბილისის ხელოვნების კოლეჯის“ წესდება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი კოლეჯი „თბილისის ხელოვნების კოლეჯი“ (შემდგომში – საზოგადოებრივი კოლეჯი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. საზოგადოებრივი კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
3. საზოგადოებრივ კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საზოგადოებრივი კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №134.
მუხლი 2🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნები და ამოცანები
1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია:
ა) ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება;
ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საზოგადოებრივი კოლეჯი:
ა) უზრუნველყოფს თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას;
ე) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
ი) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი II. საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
1. საზოგადოებრივი კოლეჯი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) „აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სკოლა“;
ბ) „მ. თოიძის სახელობის გამოყენებითი ხელოვნების სკოლა“.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის მართვის ორგანოებია დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 4🔗.
დირექტორი და დირექტორის მოადგილე
1. დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. დირექტორს შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
3. დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 5🔗.
დირექტორის ფუნქციები
დირექტორი:
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის მართვას;
ბ) წარმოადგენს საზოგადოებრივ კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და საშტატო განრიგს;
დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევის მიზნით, ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნებთან დაკავშირებულ ვადებს;
ზ) არაუგვიანეს პირველი თებერვლისა, აბარებს ყოველწლიურ ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო, ფინანსური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;
თ) უფლებამოსილია, დადოს გარიგებები, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა. აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა ისეთი გარიგებების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) წარმართავს და ზედამხედველობს საზოგადოებრივ კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პრაქტიკას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
სამეთვალყურეო საბჭო
1. საზოგადოებრივი კოლეჯის უმაღლესი მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესს და სამინისტროსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი კოლეჯის სამოქმედო გეგმას;
ე) აკონტროლებს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივი კოლეჯის წესდების პროექტს და წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საზოგადოებრივი კოლეჯის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაერთიანება/მიერთება ან საზოგადოებრივი კოლეჯის გაყოფა/გამოყოფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:
ბ.ა) სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;
ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;
გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ საზოგადოებრივ კოლეჯში;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და საზოგადოებრივ კოლეჯს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;
ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;
ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანადაა აღიარებული.
მუხლი 8🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 9🔗.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა
1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;
გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;
ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის – დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.
5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა
1. სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.
2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან სამინისტრო შეარჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗.
სამეთვალყურეო
საბჭოში
პროფესიული
სტუდენტების
მშობელთა
და
პროფესიული
განათლების
მასწავლებელთა
წარმომადგენლების
არჩევა
1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს საზოგადოებრივ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით.
2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს დირექტორი.
3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.
5. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;
ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.
6. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.
მუხლი 12🔗.
საარჩევნო კომისია
1. პროფესიულ სტუდენტთა მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი პროფესიული განათლების მასწავლებელი;
ბ) დირექტორი;
გ) სასწავლო პროცესის მენეჯერი.
3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 13🔗.
სკოლების დირექტორები
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სკოლებს ხელმძღვანელობენ სკოლების დირექტორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სკოლების დირექტორების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი III. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. საზოგადოებრივი კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 14🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საზოგადოებრივი კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინოს ბალანსი სამინისტროში. საზოგადოებრივი კოლეჯის ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 15🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი
1. საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, საზოგადოებრივი კოლეჯის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისება;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. საზოგადოებრივ კოლეჯს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 16🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსება
1. საზოგადოებრივი კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება საზოგადოებრივი კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. საზოგადოებრივი კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
თავი IV. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 17🔗.
საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. საზოგადოებრივი კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
თავი V. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 18🔗.
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
საზოგადოებრივი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 19🔗.
გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებს ახორციელებს დირექტორი.
2. საზოგადოებრივი კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული სტუდენტის მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევნების ჩატარება დირექტორმა უზრუნველყოს სტუდენტთა პირველი ნაკადის ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტრომ უზრუნველყოს სტუდენტთა პირველი ნაკადის ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში.