განჩინება შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო“-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18371-13
განჩინება
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2013 წლი ს 17 დეკემბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გამოარკვია:
2013 წლის 12 დეკემბერს შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს ’’სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და მის მიმართ დავალიანება შეადგენს 117.56 ლარს. ხოლო აღნიშნული საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი გიორგი მელიქიძე, რომლის მიმართაც შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ ერიცხება სახელფასო დავალიანება 800 ლარის ოდენობით. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო სსიპ -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, აღნიშნული საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს ’’სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’-ს არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“(ს/კ 243858731) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ’’სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი