ტექნიკური რეგლამენტი „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №356
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 21.06.2006
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტი „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №356
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტი „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-15 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის №118 დადგენილება „საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალებებზე საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების თანმიმდევრობას, მოთხოვნებს წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიმართ და განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებებს.
2. ამ წესის გამოყენება სავალდებულოა მეტროლოგიის სფეროში მონაწილე ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 2🔗.
ძირითადი დებულებები
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების საფუძველია სახელმწიფო ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირების წერილობითი მოთხოვნა (განცხადება).
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები ტარდება მხოლოდ გაზომვის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავის არსებობის შემთხვევაში.
3. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. საექსპერტო (ოფიციალურ) გაზომვებს ატარებს სააგენტოს მიერ შექმნილი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების კომისია.
5. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
მოთხოვნები განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ
1. სახელმწიფო ორგანო, დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების თაობაზე.
2. განმცხადებელი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების თაობაზე განცხადებას წარადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:
ა) გაზომვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტაცია;
ბ) შესაბამისი ნივთიერი ან დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გაზომვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 4🔗.
საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებები
1. სააგენტო ვალდებულია განცხადების მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების ორგანიზებაზე თანხმობის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რაზეც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა ორგანიზებაზე უარის თქმის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესაბამის წერილობით პასუხში უნდა აისახოს ასეთი უარის დასაბუთებული არგუმენტაცია.
3. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების შემთხვევაში წერილში უნდა მიეთითოს გაზომვების ჩატარების თარიღი, დრო და განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის დასწრების აუცილებლობა.
4. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა ჩატარების ორგანიზება სააგენტომ უნდა განახორციელოს შესაბამის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
5. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების თაობაზე საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების კომისიის შესაბამის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) განმცხადებლის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საექსპერტო (ოფიციალურ) გაზომვებზე განაცხადის ნომერი;
ბ) გაზომვის დანიშნულება და საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების სახეობა;
გ) გაზომვის საგანი და მისი მონაცემები;
დ) გამოყენებული გაზომვის საშუალებების მონაცემები (გაზომვის საშუალებების ტიპი, გაზომვის დიაპაზონი, სერიული ნომერი, გაზომვის საშუალებათა სიზუსტის მონაცემები და გაკვლევადობის შესახებ მონაცემები);
ე) გაზომვის შედეგები.
6. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა კომისიის ოქმს კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
7. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების შედეგების თაობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ოფიციალურ ინფორმაციას გასცემს სააგენტო.