საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალის დაკარგვა 25.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №993
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.05.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№993
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის N634 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 30 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იყენებს პრევენციულ და იძულების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“, საქართველოს კანონი 'სახელმწიფო საზღვრის შესახებ', „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას. დეპარტამენტს არ აქვს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების უფლება.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო
დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებთან, უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის სტატუსი
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი, ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანებია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
გ) პრევენციული ღონისძიებებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებით და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება, წინასწარი გამოძიების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
ზ) დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების რესურსებისა და საშუალებების განაწილება, მათი კანონისმიერი დანიშნულებისამებრ გამოყენება;
თ) დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება;
ი) საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში ავარიულ-სამაშველო სამსახურების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა;
ლ) ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
მ) გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;
ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ო) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, ჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
რ) საგზაო მოძრაობის მოწესრიგება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
ს) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლების ერთიან სახელმწიფო აღრიცხვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ტ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
ფ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, საბაჟო სამსახურთან შეთანხმებით, სასაზღვრო-სამიგრაციო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის ადგილის, დროისა და თანამიმდევრობის განსაზღვრა;
ქ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;
ღ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ყ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებში თანამშრომლობა;
შ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, კომპეტენციის გათვალისწინებით, ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების, რადიაციული ნივთიერებების და სხვა კანონმდებლობით აკრძალული მოქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთის და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება;
ც) შესაბამისი უწყებებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა კარანტინის გამოცხადებისას, საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;
ძ) დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი აცილება–აღკვეთა;
წ) დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზება;
ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას და ამოცანებს ახორციელებს სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სხვა სამსახურებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
დირექტორის მოადგილეები და თანაშემწე
1. დირექტორს ჰყავს მოადგილეები და თანაშემწე.
2. დირექტორის თითოეული მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს, ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს.
3. დირექტორის მოადგილეების საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
5. დირექტორის თანაშემწე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასრულებს დირექტორის დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
1.დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური მართვის სამმართველო;
ბ) კადრების სამმართველო;
გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო;
ე) საერთო განყოფილება (კანცელარია);
ვ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;
ზ) მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;
თ) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;
ი) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;
კ) სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;
ლ) კახეთის მთავარი სამმართველო;
მ) იმერეთის მთავარი სამმართველო;
ნ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;
ო) აჭარის მთავარი სამმართველო;
პ) გურიის მთავარი სამმართველო.
2. ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს.
3. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 10🔗.
სისტემური მართვის სამმართველო
სისტემური მართვის სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;
დ) განიხილავს შესათანხმებლად შემოსულ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს;
ე) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში;
ვ) განიხილავს დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას და რეგულაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;
ი) საპატრულო პოლიციის სახელით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში;
კ) არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებსა და საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან;
ლ) საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიზის სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მოწვევის საკითხების განხილვას;
მ) უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ნ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
პ) ახორციელებს საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზების უზრუნველყოფას;
ჟ) აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას;
რ) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისთვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;
ს) საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს უთანხმებს შესაბამის სამსახურებს;
ტ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;
უ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისათვის;
ფ) ითანხმებს სახიფათო, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;
ქ) მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტების შემუშავებასა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
ღ) ახორციელებს სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შემოწმებას და ადგილზე პრაქტიკული დახმარების ორგანიზებას;
ყ) ახორციელებს ქვეყნის საავტომობილო გზებზე გამოვლენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აღრიცხვას და ანალიზს, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადებას;
შ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი შეტყობინებების გადაგზავნის კონტროლს;
ჩ) ახორციელებს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამებას, ანალიზსა და სათანადო ინფორმაციის შედგენას;
ც) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ძ) აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას;
წ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროული გამოგზავნისათვის კონტროლის დაწესებას;
ჭ) ახორციელებს ქვეყანაში სამართალდარღვევათა, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილი ოპერატიული ვითარებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების შემუშავებას, მათი აღმოფხვრის მიზნით.
მუხლი 11🔗.
კადრების სამმართველო
კადრების სამმართველო:
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკადრო ღონისძიებებს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების განხორციელებას;
გ) მონაწილეობს პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;
ე) მონაწილეობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;
ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;
ზ) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
კ) განიხილავს ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
მ) აწესრიგებს დეპარტამენტის მოსამსახურის თანამდებობაზე დაწინაურების, გადაადგილების, სამსახურში მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს;
ნ) ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) პატრულ-ინსპექტორის საბაზისო კურსების გასავლელად და შესაბამის მასალებს აწვდის აკადემიას, ტესტირების ჩასატარებლად;
ო) მონაწილეობს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორების საბაზისო მოსამზადებელ კურსებზე ჩასარიცხ კანდიდატებთან გასაუბრებაში;
პ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს საპატრულო პოლიციაში მისაღებ კანდიდატთა ფიზიკური დონის განმსაზღვრელი ნორმატივების ჩაბარების კონტროლს.
მუხლი 12🔗.
საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო
საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში წარდგენას;
გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (გეგმის კორექტირება) პროექტს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს, რის შემდეგაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს. დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს (ელექტრონულად იტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
დ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით, ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) წლიური ანგარიშისათვის ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმების ოქმების ატვირთვას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ხელშეკრულებების შესრულებისა და შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვას;
ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;
ზ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;
თ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);
ი) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;
ლ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი და მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვადასხვა მცირეფასიანი აქტივის) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;
მ) ახორციელებს საწყობში რიცხული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციაში არსებული ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაციას;
ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას გამოუსადეგარი (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;
ო) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;
პ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;
ჟ) აღრიცხავს (საინვენტარო ნუმერაციით) სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;
რ) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსები ადგილები - გამოყოფილი ფართობები), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
ს) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;
ტ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;
უ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;
ქ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;
ღ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;
ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
მუხლი 13🔗.
სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო
სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისათვის;
ბ) დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ტელეფონოგრამებისა და ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსის შედგენას;
გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ეჭვმიტანილი, გატაცებული და დაკარგული პირების დადგენისა და დაკავების ორგანიზების მიზნით მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებში რეგისტრაციას, საჭიროების გასვლის შემდგომ მითითებული პირების დაკავების შესახებ ინფორმაციის სისტემიდან მოხსნის ორგანიზებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს დეპარტამენტზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას დეპარტამენტის თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) სპეციალური გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახებას;
ვ) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების გადაადგილების დროს უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და უფლებამოსილი სამსახურებისათვის მიწოდებას; ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას უწევს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების სამორიგეო განყოფილებებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას;
თ) დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს პიროვნებებისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებას;
ი) უფლებამოსილი პირის (ინიციატორი) მიერ სატრანსპორტო საშუალების ძებნიდან მოხსნის შემთხვევაში ახორციელებს დაკავებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის გაცემას;
კ) უზრუნველყოფს დაკარგული სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიღებას, აღრიცხვას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას.
მუხლი 14🔗.
საერთო განყოფილება (კანცელარია)
საერთო განყოფილება (კანცელარია):
ა) უზრუნველყოფს შემოსული არასაიდუმლო დოკუმენტების, მოქალაქეების განცხადება–საჩივრების მიღებას და მათ ასახვა-განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;
ბ) უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების (საიდუმლო დოკუმენტები) მიღებასა და აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალში;
გ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და იმ კორესპონდენციის დროულად გაგზავნას, რომელზედაც მოხდა რეაგირება;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებასთან დაკავშირებით.
თავი VI
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს და რეგიონული მთავარი სამმართველოების უფლება–მოვალეობები
მუხლი 15🔗.
დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და რეგიონული მთავარი სამმართველოების უფლება-მოვალეობები
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს და რეგიონული მთავარი სამმართველოების უფლება-მოვალეობებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება და აღკვეთა, იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, მოქალაქეთა მხრიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება;
ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ვ) ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული სატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების მეთოდების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად საქართველოში ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
თ) როგორც საავტომობილო, ასევე სხვა სახის მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება;
ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთისა და 3 თვემდე ვადით საქართველოში ყოფნისათვის;
კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გასცეს ვიზა;
ლ) სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) გაწეული საქმიანობის ამსახველი სტატისტიკის წარმოება და სტატისტიკური მონაცემების მთავარი სამმართველოს უფროსისათვის ყოველთვიურად წარდგენა;
ნ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
ო) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაცია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში;
პ) დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები და მომხდარი დანაშაულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინონ გამომძიებელს და სამსახურის მორიგეს;
ჟ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება;
რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ჩადენილ სამართალდარღვევებზე;
ს) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტები, განახორციელონ სატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური დათვალიერება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ან მათი თანმხლები პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის ან პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კანონით დადგენილი წესით;
ტ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორონ პირი, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან შეჩერებული აქვს სხვა დარღვევებისთვის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ იგი იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებას ჩამოაშორონ პირი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
უ) აკრძალონ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სავიზო და საპასპორტო კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად;
ქ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს და მგზავრებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება, უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის დაცვა;
ღ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს მომხდარის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაუდებელი ზომები ადამიანთა დასახმარებლად და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;
ყ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების, უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
ც) უზრუნველყოს მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ძ) უზრუნველყოს პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება და სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახვა;
წ) უზრუნველყოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ასახვა;
ჭ) უზრუნველყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სტატისტიკური აღრიცხვის წარმოება და ყოველთვიური ჯამური ანგარიშის შედგენა;
ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს წინამდებარე დებულების მე-13 მუხლით (გარდა მე–13 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა) და მე-14 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
მუხლი 16🔗.
დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს და რეგიონული მთავარი სამმართველოების მუშაობის ძირითადი ფორმა
საპატრულო პოლიცია, კომპეტენციით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების შესრულების მიზნით, ახორციელებს პატრულირებას ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებებით. საპატრულო პოლიციის პატრულირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.