„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. გენერალური პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.“.
2. მე-11 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების პროკურორებს, პროკურორ-კრიმინალისტებს, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და მრჩევლებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ (საქალაქო) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, აგრეთვე პროკურატურის მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გენერალური პროკურორი.“.
3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები.“.
4. მე-40 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.“;
გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 49-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პროკურორი – გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონული (საქალაქო), სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის ის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პროკურატურის სტაჟიორი – გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ (საქალაქო) და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლისა და გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე სტაჟირებაზე დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 22 ივნისი.
№5028–Iს