არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2013
ძალის დაკარგვა 03.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №391
სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.017554
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 02.04.2024
დოკუმენტის ტექსტი
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №391
2013 წლის 30 დეკემბერი
ქ.თბილისი
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დამტკიცდეს:
1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ‘‘ დებულება (დანართი №1).
2. ,,მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის“ დებულება (დანართი №2);
3. ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხა“ (დანართი №3).
4. დაევალოს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო კომისიაში წარსადგენი კანდიდატურების განსაზღვრა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, უზრუნველყოს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის აუცილებელი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა ღონისძიების შეუფერხებელი განხორციელება.
5. ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებამდე, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის პროცესის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს №722 განკარგულების შესაბამისად, (2013 წლის 16 ნოემბრისთვის განსაზღვრული შემადგენლობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირი აღარ არის მოცემულ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ცვლილებები პრეზიდენტის ზემოხსენებულ განკარგულებაში ასახული არ არის).
6. „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულების შესაბამისად, გაწვეული პირები თავის მოვალეობას იხდიან გაწვევის შესაბამისად განსაზღვრულ ადგილებზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დასრულებამდე ან ვადამდე შეწყვეტამდე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის გავლის შესახებ
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ეს დებულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ადგენს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესს.
მუხლი 2🔗
1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას დაქვემდებარებულ პირთა წრე, ასევე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მოთხოვნით მიმართვის, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების, გაფორმებისა და გასაჩივრებისა და ადმინისტრირების პროცედურები, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. ტერმინთა განმარტებები:
ა) სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) მინისტრი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
გ) სამინისტროს კომპეტენტური სამსახური - სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი;
დ) სახელმწიფო კომისია - მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია.
თავი II. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის გავლის წესი
მუხლი 3🔗
1. მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამინისტროს კომპეტენტური სამსახური უგზავნის მოქალაქეს ცნობას არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის შესახებ. ამ ცნობის ასლი ეგზავნება აგრეთვე იმ მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში - იმ რაიონის გამწვევ კომისიას, რომელსაც მოქალაქემ მიმართა განცხადებით არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დაწყებისა და მისი ამოწურვის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული თარიღები, ასევე იმ დამსაქმებლის რეკვიზიტები ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართი, რომელთანაც მოქალაქე ვალდებულია გამოცხადდეს მისთვის ამ ცნობის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ამასთან, ცნობას თან უნდა ერთოდეს სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურსა და დამსაქმებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ასლი. დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშემკვრელი დამსაქმებელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი:
ა) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილზე ამ მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის კეთილსინდისიერად გავლის უზრუნველყოფაზე;
ბ) აწარმოებს სააღრიცხვო ბარათს, რომელშიც აღინიშნება ამ მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მსვლელობა. ბარათის ფორმას შეიმუშავებს სახელმწიფო კომისია და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით;
გ) პასუხისმგებელია დასაქმების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე.
4. დამსაქმებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქე ვალდებულია მიმართოს სახელმწიფო კომისიას არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იმ დღიდან, როდესაც დასაქმების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაცია ამ მოქალაქისთვის გახდა ცნობილი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის დენა შეჩერდება დასაქმების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. აღნიშნული ვადის დენა განახლდება ამ მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა დამსაქმებელთან გაგრძელების შემთხვევაში.
თავი III.
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში მოქალაქის
დასაქმების ადგილის შეცვლა, მივლინება, პროფესიული მომზადება და რეზერვში ჩარიცხვა
მუხლი 4🔗. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში მყოფი მოქალაქის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში მოქალაქის სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა ხდება დამსაქმებლის მიერ, რაც ფორმდება წერილობით. თუ სამსახურებრივი მივლინების ხანგრძლივობა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, დამსაქმებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სახელმწიფო კომისიას.
2. დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურში მყოფი მივლინებული მოქალაქის მივლინებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
მუხლი 6🔗. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში.
მუხლი 7🔗. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის ამოწურვის შემდგომ მოქალაქის პირადი საქმე, დასაქმების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცნობა-დახასიათებასა და სააღრიცხვო ბარათთან ერთად ეგზავნება მუნიციპალიტეტის ან რაიონის სამხედრო განყოფილებას, მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს სამხედრო განყოფილება უზრუნველყოფს მოქალაქის ჩარიცხვას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში.
თავი IV. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში
დასაქმებული მოქალაქის უფლებები და გარანტიები
მუხლი 8🔗. მოქალაქეებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. ანაზღაურებადი შვებულების გარდა, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის პირობით მოქალაქეებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება დამატებით მიეცეთ მოკლევადიანი უხელფასო შვებულება 10 დღემდე ვადით:
ა) ახლო ნათესავის (მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;
ბ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა მისი ოჯახი.
მუხლი 9🔗.
1. მოქალაქეს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს დამსაქმებლის მიერ მისი სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის ოდენობას ადგენს დამსაქმებელი არანაკლებ სახელმწიფოში დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობისა.
2. თუ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დამსაქმებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოქალაქის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის)ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პირისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფულად სარგოს.
მუხლი 10🔗
1. თუ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობა აღემატება ზედიზედ 4 თვეს, დამსაქმებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სახელმწიფო კომისიას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო კომისია აყენებს შუამდგომლობას ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საქსპერტო კომისიასთან, გამოიტანოს დასკვნა ამ მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ.
3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოსამსახურეები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საქსპერტო კომისიამ ცნო სამსახურისათვის უვარგისად, სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან ავადმყოფობის გამო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილი იქნებიან შეზღუდულად ვარგისებად სამსახურისათვის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო.
მუხლი 11🔗. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გავლის დროს მოქალაქის სამუშაო დროის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 12🔗.
1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფ მოქალაქისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წახალისების ფორმების გამოყენებისას მათი ოდენობა ან ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს წახალისების შესაბამისი ფორმების ოდენობას ან ღირებულებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გამოიყენება სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირების მიმართ.
3. დისციპლინური გადაცდომისათვის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოქალაქის მიმართ გამოიყენება სასჯელის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელები.
მუხლი 13🔗. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, გარდა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით დადგენილი ცალკეული შეზღუდვებისა.
თავი V. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო
მდგომარეობის დროს
მუხლი 14🔗. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეები საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურს გადიან შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:
ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა მოსამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათხოვნა არა უმეტეს სამი თვისა;
ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო). შვებულებაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს;
გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში რიცხული მოქალაქეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის ან რაიონის სამხედრო განყოფილებაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
დ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის ან რაიონის სამხედრო განყოფილებაში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით.
დანართი №2
მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით
სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის
დებულება
თავი I.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – სახელმწიფო კომისია) იქმნება მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.
მუხლი 2🔗.
სახელმწიფო კომისია საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
თავი II.
სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა
მუხლი 3🔗.
1. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
2. სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
3. სახელმწიფო კომისიაში სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობის პირები.
4. სახელმწიფო კომისიასთან წინასწარი შეთანხმებით ამ კომისიის მუშაობაში სათათბირო სტატუსით (კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე) მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი საზოგადოებრივი, არასამთავრობო ან/და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს.
თავი III.
სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 4🔗.
სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
ბ) წინადადებების მომზადება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის შემუშავების ან/და გადასინჯვისათვის, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 თებერვლისა;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
თავი IV.
სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესი
მუხლი 5🔗.
1. სახელმწიფო კომისიის სხდომებს, როგორც წესი, თავმჯდომარეობს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის ერთ-ერთი სხვა წევრი, რომელსაც ეს ფუნქცია დაეკისრება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
2. სახელმწიფო კომისიის წევრებს კომისიის სხდომაზე მოწვევასთან ერთად ეგზავნებათ დღის წესრიგი და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხების შესახებ.
3. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოიწვევა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის პერიოდში საჭიროებისამებრ, აგრეთვე სახელმწიფო კომისიის წევრის წინადადებით.
4. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც.
5. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სახელმწიფო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
დანართი №3
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხა
შესაბამისი სამსახურები და არასამხედრო-შრომითი ფორმირებები, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულის გარდა, სადაც დადგენილი წესითა და ვადებში საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი დაწესებულებები, რომლებიც ელექტრონული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში ახორციელებენ მომსახურებას - ტექნიკურ ან დამხმარე მუშად;
ბ) საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების მიერ წარმოებულ სამშენებლო, სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.