საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 31.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №399
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017566
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 26.12.2019
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №399
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება
თავი I.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდეგში - სამსახური) არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობის განხორციელების დროს არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და/ან თანამდებობის პირს. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
6. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით.
თავი II.
სამსახურის მიზნები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. სამსახურის მიზანი
სამსახურის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სამსახური:
ა) შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას;
ბ) განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ.) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;
დ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის;
ე) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ვ) მონაწილეობს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი და თავის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში;
ზ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით აგზავნის შეკითხვებს და იღებს ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
თ) მიმართავს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს);
ი) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნას და ფუნქციონირებას;
კ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;
ლ) შეისწავლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას;
მ) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
თავი III.
სამსახურის მართვა
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მან დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა;
გ) თუ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად ცნობის გამო;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
ე) სისხლის სამართლის დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.
6. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
7. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.
9. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.
10. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო.
12. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
თავი IV.
სამსახურის ქონება, დაფინანსება და ანგარიშგება
მუხლი 5🔗. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
სამსახურს კანონმდებლობით გათალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 6🔗. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) სამსახურის ბიუჯეტი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.
მუხლი 7🔗. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს სამსახურისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლს, სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას.
3. სამსახური საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
თავი V.
ლიკვიდაცია
მუხლი 8🔗. სამსახურის ლიკვიდაცია
1. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სამსახურის უფროსიც.
2. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
მუხლი 9🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VI.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების
შეტანის წესი
მუხლი 10🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.