ტექნიკური რეგლამენტის - „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017584
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2001 წლის 19 თებერვლის №2-25 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
„ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ“
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ” დებულების რეგულირების საგანი, ძირითადი მიზნები და მოქმედების სფერო
1. ეს დებულება მოიცავს მოსარგებლეთათვის საერთო მითითებებს, ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების (შემდეგში _ „წყალსაცავები”) ექსპლუატაციის წესების შესადგენად, აღნიშნული წყალსაცავების წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი ჰიდროკვანძების უსაფრთხო და საიმედო მუშობის უზრუნველყოფის მიზნით. დებულებით განსაზღვრულია უმთავრესი ზოგადი პრინციპები, რომლებიც დაცული უნდა იყოს წყალსაცავების ექსპლუატაციის პროცესში.
2. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავებზე, აგრეთვე დარეგულირებულ და დაურეგულირებელ ტბებზე, რომლებიც პრიორიტეტულად გამოიყენება ირიგაციის მიზნით.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი II
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების დამუშავება, შეთანხმება და დამტკიცება
მუხლი 2🔗. კომპეტენციათა გამიჯვნა ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების დამუშავების, შეთანხმების და დამტკიცების სფეროში
1. ძირითად დოკუმენტს, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაცია, წარმოადგენს „წყალსაცავების ექსპლუატაციის წესები” (შემდგომში – „წესები”), რომლებიც მუშავდება თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადის ან წყალსაცავების სისტემებისათვის, წესების შესადგენად აუცილებელი ძირითადი საკითხები მოცემულია ამ დებულების VII თავში.
2. წესები მუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით.
3. მოქმედი წყალსაცავებით სარგებლობა ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ხდება კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოებთან გაფორმებული სათანადო დოკუმენტების საფუძველზე.
4. ექსპლუატაციაში ახლად შესული წყალსაცავებისათვის წესები კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად მუშავდება და მტკიცდება მათი ნორმალური შეტბორვის დონემდე შევსების და ჰიდროკვანძის მუდმივ ექსპლუატაციაში შესვლის მომენტისათვის.
5. წყალსარგებლობის შეთანხმებული პირობების შეცვლა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნით, რომელსაც გააჩნია ლიცენზია, შეიძლება მოხდეს ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლა გათვალისწინებულია გასაშვებ კომპლექსებად ან რიგებად, დამპროექტებელი ორგანიზაციის მიერ მუშავდება დროებითი წესები დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. წყლის ნორმატიული დონეები
1. წყალსაცავისათვის დგინდება:
ა) ნორმალური ექსპლუატაციის შემთხვევაში, შეტბორვის გასწორში, წყლის მაქსიმალური (ფორსირებული), მინიმალური და ნორმალური დონეები, ასევე პირობები, რომელთა დროს დაიშვება მაქსიმალური (ფორსირებული) შეტბორვის დონეების გადამეტება;
ბ) წყალსაცავის ქვედა ბიეფში მაქსიმალური დონეები ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში, წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდების და სხვადასხვა საანგარიშო უზრუნველყოფისათვის;
გ) წყალსაცავში წყლის დონის შიგადღეღამური მერყეობის და ზედა და ქვედა ბიეფებში დონეების ვარდნის ინტენსივობის მაქსიმალურად დასაშვები მნიშვნელობები წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდებისათვის.
2. ირიგაციული წყალსაცავისათვის, რომლებიც იმავდროულად გამოიყენება მდინარის ხეობის ქვედა ნაწილის წყალდიდობებისაგან დასაცავად, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული დონეებისა, განისაზღვრება წყალდიდობის (წყალმოვარდნის) წინა აუცილებელი დაცლის დონე, რომელიც დგინდება წყალმეტობის პერიოდში მოსალოდნელი წყლიანობის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. წყლის რეჟიმის მართვა
1. მხარეთა მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის წესები უნდა ითვალისწინებდეს სხვა წყალმოსარგებლეთა (რომლებიც წყალსაცავებში მისდევენ თევზის, წყლის სხვა ცხოველების და მცენარეთა მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას და სხვა) წყლით უზრუნველყოფის ყველაზე უფრო მიზანშეწონილ თანამიმდევრობას, პირველ რიგში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემდეგ ირიგაციული წყალმოთხოვნილების პრიორიტეტულობის მხედველობაში მიღებით.
2. წყალგაცემა, რომელიც წყალსაცავს შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნილი საიმედოობით ჩამონადენის მიხედვით არახელსაყრელ პირობებში, დგინდება დამტკიცებული საპროექტო გაანგარიშების მიხედვით.
3. წყალსაცავიდან სასარგებლო წყალგაცემის გაზრდა იმაზე მეტად, რაც დადგენილია დამტკიცებული წესებით (განსაკუთრებით, თუ წყლის რესურსები გამოიყენება რეგულირების მაღალი დონით), დასაშვებია წყალსამეურნეო ბალანსის დაზუსტების ან წყლით უზრუნველყოფის საიმედოობის მიღებული ნორმების გადასინჯვის საფუძველზე.
4. წყალსაცავიდან წყალმოსარგებლეთა წყლით უზრუნველყოფა ხორციელდება ჩამონადენის რეგულირების რეჟიმული მართვის გრაფიკის შესაბამისად. რეჟიმული მართვის გრაფიკი მუშავდება წყალსაცავის პროექტის შედგენისას და წარმოადგენს წესების შემადგენელ ნაწილს.
5. ჩამონადენის რეგულირების რეჟიმული მართვის გრაფიკით განისაზღვრება, მიმდინარე და დროის უახლოეს მონაკვეთში, წყლის რესურსების ხარჯვის რეჟიმი, წელიწადის დროის, წყალსაცავში წყლის მარაგის და მოდინების გათვალისწინებით.
6. რეჟიმული მართვის გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს წყალსაცავის მუშაობის ან წყალსარგებლობის პირობების შეცვლის შემთხვევაში.
7. რეჟიმული მართვის გრაფიკი უნდა აწესრიგებდეს წყალმოსარგებლისათვის ირიგაციული დანიშნულებით წყლის მიწოდების შეზღუდვის ან შეწყვეტის პირობებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც წყალმოთხოვნილება აღემატება ფაქტობრივი წყალუზრუნველყოფას. წყალმოსარგებლეებისათვის ირიგაციული დანიშნულებით წყლის მიწოდების შეზღუდვის ან შეწყვეტის აუცილებლობის პირობებში პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოები.
8. წყალსაცავიდან ქვედა ბიეფში გაშვებული წყლის ხარჯები არ უნდა იყოს ნაკლები პროექტით გათვალისწინებულ სანიტარიულ ხარჯზე.
თავი III
ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყლის დაცვის მართვა
მუხლი 5🔗. ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყლის მართვა
1. წყალსაცავის ექსპლუატაციის წესებში წყლის დაცვა, მისი ხარისხის კონტროლი, წყალდაცვით ზოლებში და სანიტარიული დაცვის ზონებში ყოველგვარი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე აქტებით.
2. წესები უნდა ითვალისწინებდეს წყალსაცავის ჰიდროკვანძის ნაგებობების საიმედოობის ღონისძიებებს, სანაპირო ზონაში და მდინარის ხეობის ქვედა უბანზე მოსახლეობის და სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოებას.
თავი IV
ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება
მუხლი 6🔗. ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება
1. ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, წყლის რესურსების აღრიცხვა, ინფორმაცია და შეტყობინება წარმოადგენს წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების შემადგენელ ნაწილს და ითვალისწინებს:
ა) წყალსაცავის საექსპლუატაციო სამსახურის უზრუნველყოფას ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური ინფორმაციითა და პროგნოზებით;
ბ) წყლის რესურსების რაოდენობისა და გამოყენების შესახებ მონაცემების სისტემატურ შეგროვებას, წყლის მოდინების და ხარჯვის ზუსტ აღრიცხვას და მონიტორინგს;
გ) სახელმწიფო დანიშნულების (5 მლნ კბმ-ზე მეტი მოცულობით) ირიგაციულ წყალსაცავებზე ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება, მონაცემების განზოგადება და საანგარიშო წყლის ბალანსების შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მცირე (5 მლნ კბმ-ზე ნაკლები მოცულობით) ირიგაციულ წყალსაცავებზე წყლის შემოდინების და გადინების აღრიცხვას და რეჟიმულ დაკვირვებებს ახორციელებენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მფლობელობაში (სარგებლობაში) იმყოფება წყალსაცავი.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მფლობელობაში (სარგებლობაში) იმყოფება ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავები, ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ წყალსაცავის ჰიდროკვანძის ნაგებობებზე სისტემატური ვიზუალური და ინსტრუმენტალური (გეოდეზიური, ფილტრაციული და ა.შ.) დაკვირვებები და მიღებული მონაცემის ანალიზი;
ბ) დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით განსაზღვრული წყალსაცავის მუშაობის (ექსპლუატაციის) პირობები და უზრუნველყონ შეტყობინების სისტემის ორგანიზაცია.
თავი V
პასუხისმგებლობა „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების” დარღვევისათვის
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის
1. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. წყალსაცავის გადასვლა (გადაყვანა) წესებით გაუთვალისწინებელ რეჟიმზე, დაიშვება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობათა წარმოშობისას.
კარი III
გარდამავალი ნაწილი
თავი VI
მცირე მოცულობის წყალსაცავების და ირიგაციული დანიშნულებით გამოყენებული ტბების ექსპლუატაციის წესების შესახებ
მუხლი 8🔗. მცირე მოცულობის წყალსაცავების და ირიგაციული დანიშნულებით გამოყენებული ტბების ექსპლუატაციის წესების შესახებ
ირიგაციული დანიშნულების მცირე მოცულობის წყალსაცავების, აგრეთვე ირიგაციული მიზნით გამოყენებული დარეგულირებული და დაურეგულირებელი ტბების, ექსპლუატაციის წესებში განსახილველ საკითხთა შემადგენლობა და მოცულობა განისაზღვრება ექსპლუატაციის წესების მუშა პროექტის დამუშავების სტადიაზე კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ორგანიზაციებთან და დამკვეთთან შეთანხმებით.
თავი VII
ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის ექსპლუატაციის წესებში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები
მუხლი 9🔗. ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის ექსპლუატაციის წესებში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები
1. წყალსაცავის ძირითადი მონაცემები, მათ შორის:
ა) წყალსაცავის დანიშნულება;
ბ) ჰიდროკვანძის საპასპორტო მონაცემები;
გ) ჰიდროლოგიური დახასიათება;
დ) საიჟინრო-გეოლოგიური დახასიათება;
ე) მორფომეტრიული და ჰიდრავლიკური მახასიათებლები.
2. წყალსაცავის მუშაობის რეჟიმი, მათ შორის:
ა) წყალმოსარგებელთა ნუსხა და წყალმოთხოვნილება;
ბ) წყლით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და წყლით უზრუნველყოფის საპროექტო ნორმატივები;
გ) წყალსამეურნეო ბალანსი;
დ) რეჟიმული მართვის გრაფიკი;
ე) დაცლის და შევსების დასაშვები ინტენსივობა, წყლის დონეები ზედა და ქვედა ბიეფში;
ვ) წყალდიდობის და წყალმოვარდნის ხარჯების გაშვების წესი;
ზ) ტალღური რეჟიმი;
თ) ზამთრის რეჟიმი;
ი) სანიტარიული გაშვებები, მათი რეჟიმი.
3. გარემოსდაცვითი და წყლის სანიტარიული დაცვის მოთხოვნები და ღონისძიებები. წყალსაცავის დალექვის, ნაპირების გადამუშავების, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო და სხვა ღონისძიებები.
4. წყალსაცავის ტაფობსა და ნაგებობების მდგომარეობაზე დაკვირვებები და სარემონტო-საექსპლუტაციო ღონისძიებები, ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურება და წყლის რესურსების აღრიცხვა.
5. წყალსაცავის ტერიტორიის კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონების დადგენა.
6. წყალსაცავის მუშაობის რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში.
7. უსაფრთხოების ტექნიკა.
8. ნაგებობათა დაცვა.
9. შეტყობინების სისტემის ორგანიზაცია (რადიოელექტრონული კავშირი).
10. დოკუმენტაცია და აღრიცხვიანობა (ანგარიშგება).