საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.01.2014
ძალის დაკარგვა 16.03.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №08/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №08/ძ
2014 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №35 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №
6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის №141/ძ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დ. ჯაიანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (შემდგომში – ანსამბლი), როგორც შემოქმედებითი, მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. ანსამბლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით და ამ დებულებით.
5. ანსამბლი უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. ანსამბლი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე.
8. ანსამბლის დროებითი იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №37.
მუხლი 2🔗. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული და აფხაზური ფოლკლორის პოპულარიზაცია.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ეროვნული და მსოფლიო ფოლკლორული, პროფესიული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა;
ბ) თანამედროვე ქართული და აფხაზური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედების სტიმულირება;
გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება;
დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
3. ანსამბლი თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მხატვრული ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიომაუწყებლობით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე, ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი, განსაზღვროს ანსამბლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები (მათ შორის, ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, და ამ დებულების შესაბამისად;
თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის, კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;
ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ და სხვა სახის აქციებში. დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;
კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა შემოქმედებით ორგანიზაციებთან ნაწარმოების შესასრულებლად ან/და ჩასაწერად. საჭიროების შემთხვევაში, საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.
ლ) აწარმოოს ჩანაწერები კომპაქტდისკებზე, აუდიო-ვიდეო კასეტებზე, გადაიღოს ვიდეო-ფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია ან/და გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
მ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი ჯგუფები შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები.
4. ანსამბლს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ანსამბლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ანსამბლი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობები საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას ანსამბლის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3🔗. ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
4. დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოს ყველა ინსტანციაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ე) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
6. ანსამბლის დირექტორი:
ა) ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
ბ) ანსამბლის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს. დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
დ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
ე) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.
მუხლი 4🔗. სათათბირო ორგანო - სამხატვრო საბჭო
1. სამხატვრო საბჭო არის ანსამბლის მთავარი სათათბირო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ანსამბლის მხატვრულ-შემოქმედებით მიმართულებებს.
2. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას, შემადგენლობას და მოქმედების ვადას ამტკიცებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.
3. სამხატვრო საბჭოს სხდომების პერიოდულობა განუსაზღვრელია და მათ საჭიროების შემთხვევაში იწვევს თავმჯდომარე.
4. სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების მიერ დასმული შემოქმედებითი საკითხები.
5. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე შედგება ოქმი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
6. სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის დროებითი არყოფნის შემთხვევაში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს სამხატვრო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 5🔗. ანსამბლის ქონება და სამეურნეო საქმიანობა
1. ანსამბლი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მისთვის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ანსამბლის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სასცენო კოსტიუმებისა და რეკვიზიტის, ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან.
3. ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 6🔗. ანსამბლის დაფინანსების წყაროები
1. ანსამბლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სუფსიდიები და სხვა მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-ვიდეო-და აუდიო- ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების გამოყენებით;
ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;
თ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები;
ი) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
კ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად მოხმარდება ანსამბლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 7🔗. ანსამბლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები
1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) ანსამბლის საქმიანობისა და მოღვაწეობის ძირითადი პრინციპების დაცვას და მის შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა;
ბ) ანსამბლის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ანსამბლის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.