ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 080240000.22.027.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№6
2014 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
„ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის თანდართული წესი.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესი
მუხლი 1🔗. განცხადების წარდგენა
1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონის (შემდგომში – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის ამნისტიის მოთხოვნით განცხადება (შემდგომში - განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), მის ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომში - საკონსულო დაწესებულება).
2. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. განცხადების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს პირადად;
ბ) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს, მისი მზრუნველის თანხმობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილნი არიან განცხადება სააგენტოში წარადგინონ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ აღნიშნული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
5. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, მას შეიძლება უარი ეთქვას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით განცხადების მიღებაზე.
6. განცხადებას უნდა დაერთოს ყალბი ან/და არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს დაკარგული აქვს აღნიშნული დოკუმენტი ან მისი წარმოდგენა შეუძლებელია სხვა მიზეზის გამო. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის თაობაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით.
მუხლი 2🔗. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. განცხადებას განიხილავს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური (შემდგომში - ტერიტორიული სამსახური), რომელიც ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და შესაძლებლობის ფარგლებში დაადგინოს დოკუმენტის გაყალბების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის დრო.
2. საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადება ეგზავნება სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას შემდგომი განხილვისთვის გადასცემს ტერიტორიულ სამსახურს.
3. განცხადების განხილვის შედეგად პირის ნამდვილი მონაცემის დადგენის შემთხვევაში, ტერიტორიულ სამსახურს გამოაქვს დასკვნა ყალბი/არასწორი მონაცემის შესწორების შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქმებს ყალბ/არასწორი მონაცემის შემცველ დოკუმენტს, ხოლო ნამდვილი მონაცემის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – გამოსცემს დასკვნას ნამდვილი მონაცემის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე და აჩერებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედებას აღნიშნული მონაცემების დადგენამდე.
4. განცხადების განხილვისა და დასკვნის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს.
5. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის დასკვნა, მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეგზავნება განმცხადებელს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ტერიტორიული სამსახურის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახურის დასკვნა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ტერიტორიული სამსახურის ადგილმდებარეობის მიხედვით და საკონსულო დაწესებულებას, რომელიც გადასცემს დასკვნას განმცხადებელს.
7. თუ განცხადება შეიცავს განმცხადებლის ელექტრონული ფოსტის მისამართს, დასკვნა მას შეიძლება გაეგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
8. თუ პირმა წარადგინა განცხადება, მაგრამ დოკუმენტში აღმოჩენილი არასწორი მონაცემის არსებობა გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, განმცხადებლის თანხმობით, განცხადება ამნისტიით სარგებლობის შესახებ საგამოძიებო ორგანოს არ ეგზავნება, ხოლო არასწორი მონაცემის გასწორება და ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
9. მონაცემთა შეუსაბამობა შეიძლება ჩაითვალოს მექანიკურ შეცდომად, თუ:
ა) დოკუმენტში პირის დაბადების თარიღად მითითებულია დაბადების რეგისტრაციის თარიღი;
ბ) პირზე გაცემულ დოკუმენტში მითითებული დაბადების წელი განსხვავდება ნამდვილი მონაცემისგან 30 წლით მაინც;
გ) მონაცემის შეუსაბამობა გამოწვეულია დაბადების თარიღის გრაფაში დაბადების დღისა და თვის ურთიერთგადანაცვლებით;
დ) მონაცემთა შეუსაბამობა გამოწვეულია დაბადების თარიღის რომაული ციფრებით მითითებისას დაშვებული შეცდომით;
ე) მონაცემის შეუსაბამობა გამოწვეულია ხელნაწერ დოკუმენტში დაბადების თარიღის გაურკვევლად მითითებით;
ვ) გაცემულ დოკუმენტში მითითებულ სახელს აკლია ასო ან შეცვლილია ასოთა თანმიმდევრობა;
ზ) გაცემულ დოკუმენტში მითითებულ გვარს აკლია ასო ან შეცვლილია ასოთა თანმიმდევრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის შედეგად ტრანსფორმირებულმა გვარმა მიიღო სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული სხვა გვარის სახე;
თ) დოკუმენტში მითითებული სქესის აღმნიშვნელი გვარის დაბოლოება არ შეესაბამება დოკუმენტში მითითებულ სქესს;
ი) პირის სახელი, გვარი ან მამის სახელი მითითებულია აღნიშნული მონაცემის შეუსაბამო გრაფაში;
კ) სახელის დაბოლოების შეუსაბამობა განპირობებულია ქართული ენის თავისებურებებით;
ლ) პირადი ნომერი შეიცავს კანონმდებლობით დადგენილზე მეტი ან ნაკლები რაოდენობის ციფრებს;
მ) პირადი ნომერი შეიცავს არაუმეტეს ერთი მცდარი ციფრისა ან დარღვეულია ციფრების თანმიმდევრობა;
ნ) მონაცემთა შეუსაბამობა უკავშირდება პირის მამის სახელს ან დაბადების ადგილს;
ო) დოკუმენტში არასწორად არის მითითებული:
ო.ა) გამცემი ან რეგისტრაციის განმხორციელებელი ორგანო;
ო.ბ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, დოკუმენტის გაცემის ან პირის მისამართზე რეგისტრაციის თარიღი;
ო.გ) პირის მისამართზე რეგისტრაციის ადგილი;
ო.დ) დაბადების რეგისტრაციის ადგილი;
პ) დოკუმენტი არ არის დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით, მაგრამ შესაბამისობაშია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებთან;
ჟ) მონაცემთა შეუსაბამობა გამოწვეულია ელექტრონული პროგრამის შეცდომით;
რ) ქორწინების რეგისტრაციის მონაცემების საფუძველზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში პირის დაბადების თარიღად მითითებულია მეუღლის დაბადების თარიღი.
10. განცხადება ამნისტიით სარგებლობის შესახებ საგამოძიებო ორგანოს აგრეთვე არ ეგზავნება იმ შემთხვევაში, როცა, ქორწინების რეგისტრაციის შედეგად, პირმა შეიცვლა გვარი, მაგრამ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ქორწინებამდელი გვარით, ან ქორწინების აქტის ჩანაწერით პირის ქორწინებამდელი გვარის შეცვლა არ დასტურდება, თუმცა პირის ქორწინების მოწმობა შეიცავს მითითებას გვარის შეცვლის თაობაზე, რომლის საფუძველზეც პირს მიღებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მეუღლის გვარით.
11. ამ მუხლის მე–9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განცხადება საგამოძიებო ორგანოს არ ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დოკუმენტში მითითებულ სადავო მონაცემებზე არ აღინიშნება გადასწორების ნიშნები.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი პირის ნებაყოფლობითი მომართვის გარეშე დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა
1. თუ ტერიტორიული სამსახურისთვის პირის მომართვის გარეშე ცნობილი გახდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ტერიტორიული სამსახური ვალდებულია წერილობით აცნობოს ყალბი/არასწორი მონაცემის შემცველი დოკუმენტის მფლობელ პირს აღნიშნული ფაქტის გამოვლენისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელების პირობების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ სააგენტოსთვის, მისი ტერიტორიული სამსახურისათვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახური ვალდებულია აღნიშნულ პირთა სახელობითი სია, მონაცემების შესწორების შესახებ თანდართულ დასკვნებთან ერთად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 თებერვლისა, გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
მუხლი 4🔗. ამნისტიას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება
1. ტერიტორიული სამსახური ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს წარუდგინოს იმ პირთა სახელობითი სია, რომლებმაც განცხადებით მიმართეს სააგენტოს, მის ტერიტორიულ სამსახურს ან საკონსულო დაწესებულებას. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში წარდგენილ სიას უნდა დაერთოს შესაბამისი განცხადებების ასლები.
2. ტერიტორიული სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს იმ პირთა სახელობითი სია, რომელთა მონაცემების სავარაუდო გაყალბების შესახებ ცნობილი გახდა მათი მიმართვის გარეშე.
მუხლი 5🔗. პროცედურული და ტექნიკური საკითხების მოწესრიგება
განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, თუ კანონით ან ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.