„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5163
სარეგისტრაციო კოდი
040.110.020.05.001.002.947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 17/07/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ზედამხედველობა

1. საზედამხედველო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის და გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – საფოსტო ორგანიზაციებისათვის.

2. საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების საქმიანობის უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი

№5163–რს