ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№775
2013 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
2011 წლის 20 სექტემბერს საქართველოს მთავრობა შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობა“ და 2012 წლის 17 აპრილს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა.
საქართველოს მთავრობა მიესალმება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას, იზიარებს პარტნიორობის დეკლარირებულ მიზნებს და უერთდება მონაწილე ქვეყნების მთავრობათა საერთო მისწრაფებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გახადონ საკუთარი საქმიანობა მეტად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, ინოვაციური და ღია მოქალაქეთათვის.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელება უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს:
- მთავრობის საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე მეტი ხელმისაწვდომობა;
- სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა;
- პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება სამთავრობო ორგანოებში;
- თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებით საჯარო ორგანოების ღიაობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ადგენს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიზნების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხას:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი), შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2013 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს:
ა) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციათა ნუსხის პროექტი;
ბ) მოსაზრებები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელეტრონულად გაცემის იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ;
გ) „ღია მმართველობის პარტნიორობის“ განახლებული სამოქმედო გეგმა;
დ) მოსაზრებები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მექანიზმების შესახებ;
ე) წინადადებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას 2013 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს წინადადებები საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე.
3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი წინადადებების საფუძველზე და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების გათვალისწინებით, 2013 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს:
ა) სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ თანამდებობის პირთა განვრცობილი ნუსხის პროექტი და შესაბამის სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვილებების პროექტები;
ბ) მოსაზრებები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების გათვალისწინებით, 2013 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან განსახორციელებელი შესყიდვების პროცესის სრულყოფისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თაობაზე.
5. განკარგულების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც ერთიან ანგარიშს წარუდგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულების 41 მუხლის შესაბამისად.
6. დაევალოთ შესაბამის უწყებებს განკარგულების შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინონ საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მთავრობისათვის ერთიანი ანგარიშის მოსამზადებლად.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი