საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2014
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.03.2021
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№4
2014 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, დაწესებულების დებულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. თავისი ამოცანების განხორცილებისას დეპარტამენტი იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტის მიზანია დაწესებულების წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს მართვისა და კონტროლის არსებული მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. იგი ობიექტურად აანალიზებს და აფასებს დაწესებულებაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტიანად შესრულებასა და დაწესებულების მიერ დასახული მიზნების მიღწევას.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები
მის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან, არ წარმოადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. შიდა აუდიტის განხორციელებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) შეუზღუდავად მოითხოვოს სამინისტროს სისტემიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე კანონით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვ.);
ბ) გამოითხოვოს მის მიერ შედგენილ დასკვნაზე ან დასკვნის ნაწილზე შიდა აუდიტის ობიექტის წერილობითი კომენტარი;
გ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები;
დ) განახორციელოს სხვა ქმედებები, რომლებიც არ წარმოადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებთან.
2. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამინისტროს დებულება, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტში დაცული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდააუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
კ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
ლ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე სუბიექტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7🔗. ანგარიშგება
1. დეპარტამენტი შეიმუშავებს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელსაც უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და არგუმენტირებული პასუხის წარმოდგენის მიზნით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.
2. საბოლოო ანგარიშს ან რეკომენდაციას დეპარტამენტი წარუდგენს მინისტრს. საბოლოო ანგარიშის ან რეკომენდაციის შეთანხმების შემთხვევაში მინისტრი დაავალებს დეპარტამენტს, წარმოადგინოს მისი შესრულების გეგმა.
3. საბოლოო შიდააუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა ეგზავნება მინისტრს. დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს შესრულების გეგმის განხორციელებას, რის შესახებაც რეგულარულ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს.
4. შიდააუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსი აცნობებს მინისტრს, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის მიზნით.
5. დეპარტამენტის უფროსი პერიოდულად აცნობებს მინისტრს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
6. დეპარტამენტი ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.